„არ მესმის რატომ არ გვინდა 9 მაისის აღნიშვნა“

„არ მესმის რატომ არ გვინდა 9 მაისის აღნიშვნა“

66 წელი გავიდა, რაც მსოფლიომ ფაშიზმზე გამარჯვება იზეიმა. მილიონობით დაღუპული ადამიანი, დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქალაქები და სოფლები. მსოფლიომ მაშინ დიდი მსხვერპლი გაიღო. საქართველოდან ომში წასული 700 000 ჯარისკაცი და 400 000-მდე დაღუპული ჯარისკაცი.

ყოველწლიურად ომის ვეტერანები სულ უფრო ცოტანი რჩებიან და ძალიან ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვიც, ვინც მათ ამ გამარჯვებას ულოცავს.

რატომ გაუფერულდა 9 მაისი საქართველოში, ვისი სურვილით ჩავაბარეთ კომუნიზმისა თუ საბჭოთა კავშირის ისტორიას მეორე მსოფლიო ომი და რატომ არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარში შეტანილი 9 მაისი? „ჯორჯიან თაიმსი" „ჯარისკაცის მამისა" და „ღიმილის ბიჭების" რეჟისორს, რეზო ჩხეიძეს ესაუბრა      

- ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, არ მესმის რატომ გავრცელდა შეხედულება საქართველოში, რომ 9 მაისის აღნიშვნა არ გვინდა, როდესაც მთელი მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს, და რომ ეს ჩვენი ომი არ იყო. მე შევეცდები, ჩემი დამოკიდებულება მოგახსენოთ ამის შესახებ. მე მგონია, რომ მონაწილეობა მსოფლიო ომში, როდესაც ერთ მხარეს იდგა ფაშიზმი, რუმინეთისა და იტალიის არმიები ამ შავბნელი ძალის დამარცხება, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი უბედურება მოჰქონდა, სხვისი ომი არ ყოფილა. ეს არ ყოფილა რომელიმე ქვეყნის ლოკალური ომი, და ამ ომში თურმე, საქართველოც მონაწილეობდა და თითქოს საქართველოს ამ ომში მონაწილეობა ფიქტიური იყო.

მე ხელში მიჭირავს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი 2011 წელს გამოცემული. რომელსაც აწერია, რომ დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ცხუმ - აფხაზეთისა და ბიჭვინთის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა-კურთხევით. ქართული ეკლესია ჩემი დაბადების, არსებობისა და განვითარების საფუძველია, უწმინდესი კი ადამიანი, რომელიც ქართველი ერის ბედნიერებისთვის არის გაჩენილი და მისი თითოელი სიტყვა, ჩემთვის კანონია. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმაც ასე უნდა იფიქროს.

ამ წიგნში, რომელშიც კალენდარიც არის დაბეჭდილი, მითითებულია სამოქალაქო უქმეები: 7 იანვარი - შობა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, 19 იანვარი - ნათლისღება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე, 9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 12 მაისი - წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, 26 მაისი- საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის დღე და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის მხოლოდ საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების დღე, ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

ქართული სამოციქულო ეკლესიაც აღიარებს ამ დღესასწაულს.

- შობა უფლისა, ნათლისღება უფლისა, წმინდა ანდრიას ხსენების დღე, მარიამობა, გიორგობა და ფაშიზმზე გამარჯვების დღეც შესულია სამოციქულო ეკლესიის მიერ დაბეჭდილ კალენდარში.

ქართული ეკლესია მე ტვინს მისწორებს და მეუბნება, რა გზით ვიარო, ქართულ ეკლესიას თავისი მრევლისთვის, ანტიეროვნული არაფერი უქადაგებია.

მინდა მოგახსენოთ ქართველი ხალხის საამაყო მონაწილეობის შესახებ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რამდენიმე წლის წინ, მე და ბატონი გიორგი შენგელაია, მიპატიჟებული ვიყავით ამერიკაში,კალიფორნიაში. ბერკლის უნივერსიტეტის მუზეუმში ქართული კინოს დღეები გაიმართა. სიამოვნებით ვიგონებ იმ დროს, როდესაც მე და გიორგი შენგელაიამ ვიმოგზაურეთ ამერიკაში. მე მის ფილმებს ძალიან დიდი პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ, რომ ის შემდგომშიც არჩვეულებრივ სურათებს გადაიღებს. მინდა დავამატო, რომ ქართულ კინოში მე მისი ნათლია გახლავართ. ჩემს ფილმში „ჩვენი ეზო" გიორგი შენგელიამ ითამაშა მთავრი როლი, რაც მისი კინომოღვაწეობის დასაწყისი იყო.

ბერკლის უნივერსიტეტში ყოველი ქართული ფილმის ჩვენებას პრესკონფერენცია მოსდევდა. როდესაც აჩვენეს „ჯარისკაცის მამა", ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი ადგა და შემეკითხა, მე, როგორც ვიცი, ხართ ქართველი, საქართველო პატარა ქვეყანაა და თქვენი ფილმის მიხედვით გამოდის, რომ ქართველმა ხალხმა ამ ომში დიდი მინაწილეობა მიიღო. მე მაინტერესებს, ქართველი რეჟისორი, რატომ დაინტერესდით ამ ომითო?

მე მას ვუპასუხე - რამდენი მოქალაქე და მეომარი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში ამერიკამ? - მან სიამაყით განმიცხადა - ჩვენ 300 000 მებრძოლი დავკარგეთ. მაშინ მე ვუთხარი - თქვენ მსოფლიოს უზარმაზარი ქვეყნის წარმომადგენელი ხართ, გეოგრაფიული სიდიდით, არმიით და ფლოტით, ჩემი სამშობლო სულ ერთი ციცქნაა, მსოფლიო რუქაზე ძლივს ჩანს და ჩემმა სამშობლომ 400 000-მდე მებრძოლი დაკარგა ამ ომში, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონს აღწევდა. ჩემს პასუხს მთელი აუდიტორია ტაშით შეხვდა.

ფაშიზმი უდიდესი ძალა იყო, შავბნელი, მაგრამ უდიდესი. ვიდრე ისინი საბჭოთა კავშირში შემოიჭრებოდნენ, ევროპა დაიპყრეს. გერმანიამ საფრანგეთი, ეს უდიდესი ქვეყანა 39 დღეში, ჰოლანდია 5 დღეში, ბელგია 18 დღეში, პოლონეთი 27 დღეში, დანია 24 დღეში, იუგოსლავია 12 დღეში, საბერძნეთი 21 დღეში დაიპყრო. შეიძლება ჩემი მხრიდან თავხედობაც იყოს, მაგრამ ეს ციფრი სამარცხვინოა. საბჭოთა კავშირს გერმანია 5 წელი ებრძოდა და ბოლოს თვითონ დამარცხდა. ეს არ იყო ცხენების და კავალერისტების ბრძოლა, ეს იყო მოტომექანიზირებული ძალების შეტევები, რომლებსაც უკან ფეხოსანთა არმია მიჰყვებოდა, ავიაციის დიდი შენაერთებით. საბჭოთა კავშირში დიდი მობილიზაცია გამოცხადდა, ეს საქართველოსაც შეეხო. 400 000-მდე მებრძოლი დაკარგა საქართველომ მსოფლიო ომში და არა საბჭოთა კავშირის ომში.

საქართველოს მოსვენებული ცხოვრება არასდროს ჰქონია, ცალ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში გუთანი და ცელი. არაბთა ლაშქრობა საქართველოში, ვახტანგ გორგასალის დაუსრულებელი ბრძოლები დამოუკიდებლობისთვის, მურვან-ყრუს და ბუღა - თურქის ლაშქრობები, დავით აღმაშენებლის დიდგორის ომი, ბასიანის ომი, მონღოლთა შემოსევები, ჯალალედინის შემოსევა და თბილისის აოხრება, თემურ-ლენგის ლაშქრობა, მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები, აპინძისა და კრწანისის ომები, როდის იყო ქართველი კაცი მოსვენებული? როდის ქმნიდა „ვეფხისტყაოსანს", „ხახულის ხატს", ქართულ ანბანს, როდის ქმნიდნენ ბექა და ბეშქენ ოპიზრები თავის ხელოვნებას? ქართველი კაცი, რომელიც გუთნისა და ვენახის მოყვარული იყო, მუდმივ ომებში იყო. მან შესანიშნავად იცოდა საკუთარი ოჯახის და კერის დაცვის ფასი და საკუთარი სიცოცხლეც ისევე ჩადო მეორე მსოფლიო ომში.

დავუშვით თუ არა შეცდომა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 9 მაისის გამარჯვებაც კომუნიზმის და საბჭოთა კავშირის ისტორიას ჩავაბარეთ?

- რა თქმა უნდა. საუბარი იყო საქართველოს სრულ დამოუკიდებლობაზე და ისე მოვიქეცით, თითქოს ჩვენ, მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიგვიღია და 400 000 ადამიანის სიცოცხლეც არ შეგვიწირავს. თუმცა, ეს არ ყოფილა გერმანია - საბჭოთა კავშირის ომი, ეს მეორე მსოფლიო ომი იყო, რომელიც ფაშიზმისა და არაკაცური იდეოლოგიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს შეხედულება ჩამოყალიბდა ქართველ ხალხში, პროპაგანდა გაეწია პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.

ნუ ვიტყვით ,ქართველებო, ამაზე უარს. მე საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეებსაც მინდა მივმართო, ნუ ვიტყვით იმ ომზე უარს, სადაც 400 000 ქართველის სიცოცხლეა ჩადებული და რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს და პატივს მიაგებს. ქართველმა კაცმა, მელიტონ ქანთარიამ გამარჯვების დროშა რაიხსტაგის თავზე   აღმართა.          

მე ტყუილად არ დამიდგამს არც „ჯარისკაცის მამა" და არც „ღიმილის ბიჭები". ეს რეალობა იყო, ქართველები ამ ომში ტირილით, მაგრამ სიცილითაც მიდიოდნენ. მე მახსოვს, როგორ დაიღუპნენ ჩემი მეგობრები ამ ომში. ლევან ჩხიკვაძე, ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელიც ჩემზე უფროსი იყო და ჯარში გაიწვიეს. მან მონაწილეობა მიიღო კურსკის ბრძოლებში, იმ ბრძოლებში 6000 ტანკი მონაწილეობდა და ერთ-ერთში ლევან ჩხიკვაძე იჯდა. ტანკს ცეცხლი მოეკიდა და ვერ მოასწრო ამოსვლა. მე არ მინდა მისი ხსოვნა შევურაცხყო და ვუთხრა, რომ შენ ტყუილად დადე შენი სიცოცხლე იმ ომში, რომელმაც საქართველოს არაფერი მოუტანა.

ამ ომში გამარჯვება სტალინმა მოიპოვა, რომლის დამსახურებაც ასევე კომუნიზმის ისტორიას ჩავაბარეთ.

- ძალიან საინტერესო იქნება, თუ სტალინის ფიგურას შევისწავლით ისე, როგორიც სინამდვილეში იყო. იმ არეულ ეპოქაში, რომლის დამკვიდრებაში ლენინთან ერთად თვითონაც მონაწილეობდა, ის ქრისტიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი იყო. მან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ქართველისთვის ქრისტიანობა, ძალიან მორწმუნე და საქართველოს ბედზე დაფიქრებული ადამიანი იყო. ვიცი, შემედავებიან და მეტყვია რა მოუტანა მან საქართველოსო? არის ამაში პრინციპიალური შეხედულების საკითხი. მაგრამ, მე ვიტყოდი, რომ ის თავის სიკეთეზე კი არ ზრუნავდა, არამედ საკუთარი შეხედულებების გამო ეწამა და მარტოდმარტო დაიღუპა და დარჩა ისტორიაში აღარც იქით, აღარც აქეთ. მიმაჩნია, რომ ისტორიაში მისი სახელი და მოღვაწეობა, დღემდე სწორად არ შეფასებულა.

ჩემზე ამბობენ, რომ მე ახლა მოსკოვში ვიმყოფები იმიტომ, რომ სტალინზე ვიღებ სურათს. ეს სიცრუეა. მართალია, მე ამ ადამიანს და მის გენიალობას ძალიან ვაფასებ და პატივს ვცემ, მაგრამ ახლა ფირზე გადამაქვს ჩემი ფილმი, „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი" და ამით ვარ დაკავებული. ამ ფილმთან დაკავშირებით, მინდა ის ფაქტიც ავღნიშნო, რომ ფილმისთვის, როდესაც ფინანსები გვაკლდებოდა, მოსკოვში, ქართულ ეკლესიაში საქართველოს პრეზიდენტი მოვიდა. მე ვუთხარი მას ჩვენი გასაჭირის შესახებ და მინდა ავღნიშნი, რომ საქართველოში ჩემი დაბრუნების შემდეგ, ერთ კვირაში თანხა გადმომირიცხეს.

ძალიან მინდა, ჩემი შემდგომი ნამუშევარი მიეძღვნას ისეთ დიდ ქართველს, როგორიც ექვთიმე თაყაიშვილი იყო. ასეთი პატრიოტი ძნელად თუ მოიძებნება, მისი ცხოვრება წმინდანის ცხოვრებაა. ის შიშველ-ტიტველი და მშიერი დადიოდა საფრანგეთში, მეუღლეც სიღარიბეში გარდაეცვალა, მაგრამ ქართული საგანძურისთვის არაფერი დაუკლია, რომელიც მან 1921 წელს საქართველოდან წამოიღო.

კაცი შიმშილით კვდებოდა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველ თავადთა წაღებული საოჯახო რელიკვიებიც კი უკან დააბრუნა. როგორ მიიღეს საქართველოში ეს ადამიანი, როგორ უკრძალავდა მთავრობა და ორგანოები, რომ მის დასაფლავებას ვინმე დასწრებოდა. დიდი ქართველი პატრიოტის ბედი, მინდა ჩემს ფილმად გადავაქციო და ამაზე დიდი ხანია ნაფიქრი მაქვს, ჩემი მეგობრები თბილისში სცენარზე მუშაობენ. მინდა ქართულ საზოგადოებას მივმართო, რომ ნუ აყვებიან ჭორებს, რომელიც დროდადრო ჩვენ პრესაში იბეჭდება.

შარშან შვიდი თვე მოსკოვში გავატარე სავადმყოფოში, ჯერ ფეხი მოვიტეხე, მერე გულის ოპერაცია გავიკეთე, ამას ფილტვებიც დაემატა და თბილისში გავრცელდა ხმები, რომ მე ემიგრაციაში წავედი. რა სისულელეა! სულ რომ სისხლად გარდავიქცე, საქართველოს როგორ მოვშორდები! მინდა გითხრათ, რომ იმ საავადმყოფოების ადმინისტრაციაში რეკავდნენ და ამოწმებდნენ, ნამდვილად ვიწექი თუ არა, ისიც ვიცი, რამდენიმე ადამიანი მოჩენილი იყო, რომლებიც მირეკავდნენ, როგორც მეგობრები და გებულობდნენ სად ვიყავი და როგორ ვიყავი. მოდი, ნურავინ ნუ შემეჯიბრება მე საქართველოს სიყვარულსა და პატრიოტობაში, ასეთ ოჯახში გავიზარდე და ასე ვიქნები, სანამ იმ ქვეყანაზე არ წამასვენებენ.

მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ და არ შეიძლება თქვენს ფილმებს ჯარისკაცის მამას", რომელიც მეორე მსოფლიო ომის სიმბოლოდ იქცა და ღიმილის ბიჭებს" არ შევეხოთ.

-მინდა გავიხსენო ქართული კინოს წინამძღოლი, ვასილ ამაშუკელი, რომელმაც პირველად ფირზე აღბეჭდა უამრავი სიუჟეტი, მათ შორის აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, ამის შემდეგ განვითარდა ქართული კინემატოგრაფია. წუწუნავა, შენგელაია, ჭიაურელი, კალატოზიშვილი, რონდელი, დოლიძე, ესაკია. მათ შექმნეს ქართული კინემატოგრაფიის საფუძველი. როდესაც თენგიზ აბულაძე და მე თბილისში ჩამოვედით, როგორც კონორეჟისორები კონოსტუდია „ქართულ ფილმში". ბევრი იყო, ვინც განათლება მოსკოვში მიიღო, ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით და „მაგდანის ლურჯა" გადავიღეთ. 50-იან წლებში განხორციელებული გარკვეული ცვლილებების შემდეგ, როდესაც ისე თითქოს ვეღარ გზღუდავდნენ, შევძელით ქართველი კაცის სულიერება გამოგვეტანა. ასეთმა გზებმა მიგვიყვანა „ჯარისკაცის მამამდე".

ყოველი სურათის ფასი არის იმაში, თუ როგორ განზოგადდება ესა თუ ის ფილმი, რა იდეურ მიზანდასახულებას და ერის სულიერ გამოხატულებას მიიტანს ის მაყურებლამდე. ასეთი არის ქართველი მევენახის, გიორგი მახარაშვილის სახე, რომელიც სერგო ზაქარიაძის ხელში გადაიქცა არა მარტო მებრძოლად, არამედ ფილოსოფიურ ნატურად. შეხედეთ, როგორ ესაუბრება ის უფროს სერჟანტს - შენ მე ნუ მასწავლი ომს - „მოი დედ ვაევალ, ეგო დედ ვავევალ, ეგო დედ ვაევალ ტოჟე" - ქართველ კაცს ნუ მასწავლი ომსო. ცალკე თემაა, როგორ მოხვდა ის ეკრანზე და რა გზები გაიარა ამ ფილმმა. სამხედრო გენერალ ევტიშევის დამსახურებაა, რომელიც საბჭოთა არმიის სამხედრო პოლიტიკურ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ამ ფილმის ეკრანზე გამოჩენა. მის გარდა დარბაზში, ფილმის სანახავად, კიდევ 40-მდე გენერალი იჯდა, რომლებიც ტაშით შეხვდნენ ფილმს. შემდეგ ნახა სამხედრო მინისტრმა, შემდეგ ბრეჟნევმა. მათ გაუგეს მამას, რომელიც ამ შემთხვევაში ამ იდეის პატრონია. ადამიანია, რომელიც თავის სამშობლოს და ერის სახელით ამბობს, რომ ის ჰუმანიზმის მომხრეა.

   

ვენახის და ტანკის სცენა რაც არის, ხვდებით. ვენახი ეს საქართველოა, სინათლის და მზის მუდმივი კატეგორიაა, რამხელა სიმაღლეზეა ქართველი კაცი ასული, მეომარი, რომელმაც ვენახები მიატოვა, ბრძოლაშიც ვენახს იცავს. კიდევ ერთი პატარა სცენაა იქ, როდესაც გიორგი მახარაშვილი საბარგო მანქანაზე ზის ჩაფიქრებული და რუსი სერჟანტი, რომ ეკითხება-რატომ ხარ ასეთი ჩაფიქრებულიო, რას პასუხობს სერგო ზაქარიაძე - ჩემი შვილი კეთილი და ჭკვიანი ბიჭი იყო და ვაითუ, ამ ომში გაბოროტდაო. მისი მთელი მოღვაწობა ჰუმანიზმისთვის ბრძოლაა. სწორედ მახარაშვილმა გაიტანა დიდ ეკრანზე ქართველი კაცის ფილოსოფია, შემწყნარებლობა და ვენახი, რომელიც საქართველოს სიმბოლოა.