როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ერის გადარჩენისთვის

როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ერის გადარჩენისთვის

უნდა მოგახსენოთ, რომ რასაც მოისმენთ არაერთგზით მაქვს გამოქვეყნებული ინტერვიუებსა და საჟურნალო-საგაზეთო წერილებში. არ ჩამითვალოთ კადნიერებაში, რომ ვმეორდები.

თემა კი ასეთია, რომ რაც მეტჯერ შევეხებით, თუ გავიგონებთ პრობლემის არსს, მით უფრო მეტად გავიმახვილებთ ყურადღებას მიმდინარე ცხოვრებასა და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოებებზე, მით მეტად ჩავთვლით საჭიროდ ჩავებათ ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ზრუნვის ღონისძიებებში.

მიკვირს, რომ ამდენგვარი ოპოზიციიდან ერთმა მაინც სარწმუნოდ ვერ განუმარტა ქართველ ხალხს, რომ სანამ რუსი ოკუპანტი ჩვენს მიწა-წყალზე, მის მნიშვნელოვან ნაწილზე ბუდობს, მიუხედავად თავდავიწყებით მიმდინარე სააკაშვილისეული პროპაგანდა-დაპირებებისა, საქართველოს ნატოში გაერთიანება იმ მარტივი მიზხეზის გამო ვერ მოხერხდება, რომ ამას რუსეთთან დანარჩენი მსოფლიოს ატომური დაპირისპირება ეჭვგარეშე მოჰყვება.

ჩვენ თუ გვსურს დავამტკიცოთ, რომ საქართველო და სააკაშვილი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებია და რადგან ნატოში ჩვენს გაწევრიანებას ბარბაროსების მიერ მთელი საქართველოს აოხრება მოჰყვება, ჩვენ კი საკუთარი ძალებით რუსს ვერ მოვიგერიებთ, - ცხადია სხვა ხერხებს უნდა მივმართოთ.

რუსების ხელმძღვანელობას გაცნობიერებული აქვს, რომ მათი იმპერიის დანაწევრების პროცესი კვლავაც გრძელდება. იმპერია განწირულია. არ არსებობს მათი თუნდ უკიდურესი ძალისხმევაც კი, რომ დანარჩენი მსოფლიო რუსეთის მიერ ატომური ომის წამოწყებას რაღაც საქართველოს გულისთვის ომითვე უპასუხებს. მრავალგზით ნათქვამს ვიმეორებ - საფლავში არავინ ჩაგვყვება!

იმის თქმა მინდა, რომ უკვე უცხო ქვეყნებში რუსების სამხედრო მოქმედებათა თავისუფლად წარმოების ოფიციალური კანონის შემოღება, დანარჩენ მსოფლიოს ატომური ომის დაწყებით ემუქრება და კაცობრიობამ იცის, - რუსები სწორედ აქეთ მიიწევენ თუნდაც საკუთარი სახელმწიფოს განადგურების რეალური საფრთხით. მათთვის სულერთია რა დაანგრევს და გაანადგურებს მათ იმპერიას - შინაგანი მზარდი წინააღმდეგობები, თუ ატომური ჭურვი.

რა საშუალებებით, როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ერის გადარჩენისთვის?

გავბედავ და შემოგთავაზებთ გზას, რომელმაც შესაძლოა გვიხსნას რუსეთის თავხედური მიზნების განხორციელებისაგან, რაც ჩვენი ერის ფიზიკური მოსპობით აქვთ გათვალისწინებული. ამას პუტინი არ მალავს, ხმამაღლა აქვს გაცხადებული.

შესაძლოა-მეთქი, ხსნა ერთადერთია - როგორმე მოვახერხოთ მასობრივი გამოსვლები მოთხოვნებით რომ არსებულმა, თუ მისმა შემცვლელმა სხვა ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენოს იმის მისაღწევად, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროსაბჭომ დაგვიდონ მშვიდობის სამხედრო საშუალებებით უზრუნველყოფის ხელშეკრულებები, რაც რუსებისთვის ნატოში ჩვენს გაწევრიანებაზე ჩვენივე უარის ტოლფასიც იქნება და მეორეს მხრივ აგრესიის დამამუხრუჭებელი ფაქტორიც.

ქალბატონებო და ბატონებო, უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიოთ თუ ვცდები, მაგრამ გთხოვთ იმასაც, რომ კარგად ჩაუფიქრდეთ ჩემს წინადადებას და ჩასწვდეთ ამ ღონისძიების შესაძლო ყველა შედეგს.

გმადლობთ ყურადღებისთვის, ქართველებო, ყოველგვარი ხერხებით ვცადოთ საქართველოს არსებობის დაცვა!

ჭაბუა ამირეჯიბი