საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ცენტრში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. კონფერენცია „საქართველოს ევროპული არჩევანი“ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან ერთად ჩატარდა. ირაკლი ალასანია პანელში „საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფება“ სიტყვით გამოვიდა.
დისკუსიაში თავდაცვის მინისტრი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა საქართველოს როლსა და შესაძლებლობებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის აუცილებლობასა და პერსპექტივებს. მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა ვაშინგტონში ლევან მიქელაძის ფონდთან ერთად, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეძღვნება. დღეს, აქ შეკრებილი იყვნენ ლევანის ახლო მეგობრები, კოლეგები, ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვნად, დადებითად იქნა შეფასებული ის ნაბიჯები, რასაც საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დგამს. მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ დღეს ლევანი ჩვენთან ერთად ყოფილიყო. მაგრამ, მის სახელს, მის კავშირებს დღესაც იყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება საქართველოსთვის მხარდასაჭერად“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული არჩევანი“ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე. დისკუსიას დაესწრნენ ასევე, ლევან მიქელაძის ქართველი და ამერიკელი კოლეგები და მეგობრები.