თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა ბრუკინგსის ინსტიტუტში (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა ბრუკინგსის ინსტიტუტში (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის მეორე კვირა ბრუკინგსის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლით დაიწყო. ირაკლი ალასანიამ აშშ-სა და ევროპის ცენტრში შეკრებილ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები გააცნო.

გამოსვლაში ირაკლი ალასანიამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მაპი-ის მინიჭების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. საჯარო გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

„ბრუკინგსში სამ ძირითად საკითხს შევეხეთ. პირველი, ბუნებრივია ეს არის ნატოში საქართველოს გაწევრიანება და რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა და ნატომ, რომ საქართველოსთვის სექტემბერში იყოს პოზიტიური და დადებითი შედეგი. ვისაუბრეთ, რომ საქართველო არის ძლიერი, დემოკრატიულად განვითარებული და სანდო პარტნიორი. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საქართველომ ნატოში ახალი ინსტრუმენტი მიიღოს. ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რა დახმარება უნდა გაუწიოს აშშ-მა საქართველოს, როგორც პარტნიორმა, რომ მიიღოს ადექვატური თავდაცვითი შესაძლებლობები. მესამე საკითხი - ბუნებრივია ვისაუბრეთ უკრაინაზე, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს შესაბამის ვითარებაში, რათა მომავალი პრეზიდენტი სწრაფად შეუდგეს მუშაობას უკრაინაში.  ასევე, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რასაც უკრაინელები დგამენ იმისთვის, რომ დააწყნარონ ვითარება აღმოსავლეთში“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლის შემდეგ.