მიმდინარე წლის 14 მაისს, ლონდონურ გაზეთ „Financial Times“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე რეფორმათა პროცესს და ჩვენი ქვეყნისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.
ეს გაზეთი მსოფლიოს უდიდესი ფინანსური გამოცემაა, რომელსაც, რესპექტაბელურობისა და კომპეტენტურობის გამო დასავლური ბიზნესი დიდ პატივს სცემს.
სტატია იმდენად მწვავე და კრიტიკულია, „ჩვენებური მენტალიტეტის კაცს“ იგი შეიძლება გარკვეული ჯგუფური ინტერესის გამომხატველად ანუ „ჩაწყობილადაც“ მოეჩვენოს, მაგრამ „Financial Times“-ში ამგვარი რამ შეუძლებელია, ვინაიდან იგი დაუყოვნებლივ დაკარგავს მკითხველს, ავტორიტეტსა და გავლენას.
მაშასადამე, სტატია ნამდვილად გამოხატავს მსხვილ ინვესტორთა აზრს, როცა წერს: „საქართველოში ბოლო დროს ჩამოყალიბებული ვითარება სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს ამ ქვეყანაში რეფორმათა გაგრძელების შესაძლებლობას, მოქმედებენ ადგილობრივი კლანური დაჯგუფებები, მათ უამრავი სპეციფიკური ინტერესი აქვთ და ძლიერია მათი ზეგავლენა სახელმწიფო სტრუქტურებზე, არ არის ჯანსაღი კონკურენციის ატმოსფერო. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში ყოველგვარი ინვესტირება აზრს დაკარგავს“.
ეს ძალიან სერიოზული სიგნალია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩააფიქროს. ფაქტობრივად, მას ბრალად სდებენ არა რეფორმათა შეფერხებას, არამედ იმგვარი სახელმწიფოებრივი კლიმატის შექმნის უუნარობას, რომელშიც რეფორმათა გაგრძელება, ინვესტირება და ჯანსაღი კონკურენცია გახდებოდა შესაძლებელი.
ეს უკვე სახელმწიფოებრივი პრობლემაა და პირდაპირ არ უკავშირდება ხელისუფლების სურვილს - გააგრძელოს რეფორმები. სხვაგვარად თუ ვიტყვით,“Financial Times”-მა ჩვენთვის მომაკვდინებელი დიაგნოზი დასვა: ქართველებს შეიძლება სურთ კიდეც რეფორმის გაგრძელება, შესაძლოა ხელისუფლებაც მონდომებულია, მაგრამ თვით სახელმწიფოსა და საზოგადოების შინაგანი, ინსტიტუციური ბუნება ეწინააღმდეგება ჭეშმარიტი საბაზრო ეკონომიკის დაფუძნებას, ქმნის კლანურ დაჯგუფებებს, გარემოპირობებს არაჯანსაღი დაპირისპირებისა და „უცხო ეკონომიკურ სხეულთა“ წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
არაფერი გასაკვირი ამ დიაგნოზში არ არის. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო და „ზემოდან“ დეკლარირებულ რეფორმებს ასე ადვილად ჩაეღწია საზოგადოების სიღრმისეულ პლასტებში. არადა, მარქსისტული თეზისების სიყალბე აქაც წარმოჩინდა: შეუძლებელია ჭეშმარიტი ეკონომიკური რეფორმის გატარება იმ საზოგადოებაში, რომელიც მენტალურად არ არის მზად საამისოდ. ქართული საზოგადოება კვლავ შუასაუკუნეობრივი ცნობიერი სტერეოტიპებით ცხოვრობს - რომელ საბაზრო, ლიბერალურ რეფორმებზეა ლაპარაკი?
დასავლელი ბიზნესმენისათვის სრულებით გაუგებარია, რატომ ექმნება მას პრობლემები ბიუროკრატიული აპარატის მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსს ამა თუ იმ „კონკურენტი“ ფირმისაგან ფული აქვს აღებული და „ვალდებულია“ შესაბამისად დაეხმაროს მას მოწინააღმდეგის ჩაძირვაში.
მაგალითად, თითქმის ყველა უცხოური ფირმის ხელმძღვანელი ჩივის: საგადასახადოცა და სხვა „ორგანოებიც“ მცირეოდენი დარღვევის შემთხვევაში მათ უმკაცრეს სასჯელს ადებენ, მაშინ როცა კონკურენტ ფირმას ასჯერ მეტი დარღვევა აქვს, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავენ.
„ადგილობრივ კორუმპირებულ სისტემაში“ ჩართვა კი დასავლელ ბიზნესმენს არ სურს - მას საკუთარი ღირსება, ბიზნესმენის ეთიკა გააჩნია და ბინძურ ტრადიციებში არ გაისვრება. ამიტომ ერთადერთი დარჩენია - აიკრას გუდა-ნაბადი და სამუდამოდ მოშორდეს ქვეყანას, სადაც ხელისუფლებამ ნორმალური ეკონომიკური კლიმატის შექმნა ვერ შეძლო. იგი გრძნობს:. სულ მალე, თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში შეკვეთილი მკვლელობებიც დაიწყება და კონკურენტებს მუსრს გაავლებენ. რატომ წავიდეს რისკზე მაშინ, როცა ათეულობით ქვეყანა არსებობს, სადაც საზოგადოებრივი მენტალიტეტი ამდენად გახრწნილი და გადაგვარებული არ არის შუასაუკუნეობრივ-ფეოდალური წესჩვეულებებით.
იგივე ამერიკელი, ბრიტანელი ან გერმანელი ბიზნესმენი, ვინც თავდაპირველად მოხიბლულია ქართული სტუმართმოყვარეობით, სუფრით, ღვინით, სადღეგრძელოებით, - თანდათანობით ხვდება, რომ აღმოჩნდა საზოგადოებაში, რომელიც ფსიქოლოგიურად არ არის მზად იცხოვროს თავისუფალი ეკონომიკისა და ჭეშმარიტი ლიბერალიზმის პირობებში.
ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი ეროვნული მენტალობიდან გამომდინარე, ქართველი მეწარმე და ბიზნესმენი შეურიგდება გაკოტრებას მხოლოდ იმის გამო, რომ კონკურენტი (ამ შემთხვევაში დასავლელი კონკურენტი) უკეთეს პროდუქციას უშვებს? რა თქმა უნდა არა! უეჭველად მიიღებს „ზომებს“ რათა „კრიშა“ გამოიყენოს, ყოველნაირად შეზღუდოს კონკურენტი ბიუროკრატიის მეშვეობით, მიუსიოს საგადასახადოში მომუშავე „ძმაკაცები“, აამოქმედოს ნაცნობი დეპუტატი, უკიდურეს შემთხვევაში კი უარესიც დამართოს და იქნება ააფეთქოს კიდეც.
„ნორმალური“ კონკურენცია საქართველოში მხოლოდ ქართველ ბიზნესმენებს შორის შეიძლება, ვინაიდან კონკურენტსაც ეყოლება „ძმაკაცი საგადასახადოში“ ან საბაჟოში, ისიც გამოძებნის „კრიშას“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან პარლამენტის კომიტეტში, არც სხვა რამეზე დაიხევს უკან.
ყველაფერი კი (რაკი მხედრიონი აღარ არის და ქუჩებში ბათქა-ბუთქი შეწყდა) დამთავრდება საქმის ჩვეულებრივი გარჩევით „კანონიერი ქურდების“ მიერ, რის შედეგადაც გაირკვევა ტყუილ-მართალი.
რა ქნას ამ პირობებში საწყალმა ინგლისელმა ან ამერიკელმა ბიზნესმენმა, ვინც არ იცის, რას ნიშნავს „კანონიერი ქურდი“ და ვერ წარმოუდგენია - „როგორ შეიძლება მოსამართლე ფულს იღებდეს?“ რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში იგი დიდხანს არ გაჩერდება და უკან მოუხედავად, სამუდამოდ წავა!
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ძნელი საპოვნელია. შეიძლება მიიღო კანონი. მაგრამ რას მოუხერხებ შუასაუკუნეობრივ აზროვნების საუკუნოვან ტრადიციას, სახელმწიფოებრივი კულტურის დეფიციტს, აქედან გამომდინარე, კანონისადმი ძვალ-რბილში გამჯდარ ნიჰილიზმსა და ცინიკურ დამოკიდებულებას?
რას მოუხერხებ, მაგალითად, იმ საოცარ ფენომენს, რომ ჩვენში არსებობენ „მემარცხენეები“, რომლებიც სინამდვილეში სწორედ ზემოთხსენებული კლანის ინტერესებს იცავენ და არა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისას: როდესაც, ვთქვათ, პარლამენტში განიხილებოდა ბენზინზე ფასის მომატების საკითხი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ირწმუნებოდა: ამონაგები თანხიდან ნახევარს გზების შეკეთებას მოვახმართ, ნახევარს კი პენსია-ხელფასების გაზრდასო, რამდენიმე მემარცხენემ ნიშანდობლივი წინადადება შეიტანა: „რაკი გზების შეკეთება გარდაუვალია, დაე პენსიებს ნუ გავზრდით, ოღონდ კი ბენზინზე შემომტანთ გადასახადი ორჯერ შეუმცირდეთო“. ასეთი „დიდსულოვნება“ (მეწარმის სასარგებლოდ - პენსიონერის ხარჯზე) იმავე ევროპელი სოციალ-დემოკრატისთვის სრულებით გაუგებარი იქნებოდა, მაგრამ ჯერ სადა ხართ - უკვე იწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და „დასავლური კაპიტალისადმი“ ნეგატიური დამოკიდებულების ტრანსფორმაცია შესაბამის „ეროვნულ არგუმენტებში“. სულ მალე ეს პროცესი ისეთი მძვინვარე ფანატიზმის სახეს შეიძენს რომ დასავლური კაპიტალი საქართველოს „კეთროვანთა კუნძულად“ გამოაცხადებს.