რისთვის ჩამოვიდნენ სინამდვილეში თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები?

რისთვის ჩამოვიდნენ სინამდვილეში თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები?

"აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სამიტი 6 მაისს გაიხსნება. თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პოტენციალის გამოყენებაზე ისაუბრებენ სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში. რა შედეგის მომტანი იქნება "თბილისის სამიტი 2014" საქართველოსთვის? "ალიას" ესაუბრება ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რისთვის ჩამოვიდნენ სინამდვილეში თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები?

"ბუნებრივია, რომ სამი ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის საუბარი არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ პროექტებზე, მით უფრო მის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ყველა აცნობიერებს, რომ შესაძლოა, შემდგომი დარტყმის ობიექტები იყოს საქართველო და აზერბაიჯანი, ამიტომ, ბუნებრივია, რომ საუბარი იქნება უსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, საქართველოში განხორციელებული ფარული ოკუპაციის გამო როგორც არის ცნობილი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დაახლოებით 3 კმ სარკინიგზო მაგისტრალი მოხვდა საოკუპაციო ხაზის იურისდიქციის ქვეშ. ამიტომ, ბუნებრივია, საუბარი იქნება ამ პრობლემის მოგვარების გზებზე. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან არსებობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური პროექტის ჩავარდნის საფრთხე. როგორც ჩანს, ეს საკითხი აღელვებს თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც, მათთვის ეს შეშფოთების საგანი ნამდვილად არის. ამას გარდა, ცნობილია, რომ აზერბაიჯანში ჩასული იყო რეჯიბ ტაიპ ერდოღანი და ორი ქვეყნის უმაღლესმა პირებმა გააფორმეს სამხედრო აქტი. ფაქტობრივად, სამხედრო ალიანსი გაფორმდა ბაქოსა და თურქეთს შორის", - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.

"ბუნებრივია, რისკი არსებობს, რომ რუსეთმა, ე.წ. ტიტუშკები ან სეპარატისტული ჯგუფები გააქტიურონ იმ რეგიონებში, სადაც ამის საფრთხე არსებობს. აქ იგულისხმება, თუნდაც ჯავახეთი. რუსეთმა უკვე გადალახა წითელი ზღვარი, შესაბამისად, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ აქ უკვე საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე, იმიტომ, რომ დღეს უკრაინაა რიგში, ხვალ საქართველო, ზეგ აზერბაიჯანი და ასე ეტაპობრივად მოხდება დაპყრობა სახელმწიფოებისა. დღეს აზერბაიჯანი ნათლად გრძნობს, რომ ზეწოლა გრძელდება ოფიციალური მოსკოვისგან, მით უმეტეს შაჰდენიზის პროექტის "დათრევასთან" დაკავშირებით. აზერბაიჯანმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს გეგმა მუშავდება რუსეთის სპეცსამსახურებში, შესაბამისად, თურქეთი გამოდის და ხდება რეგიონალური გავლენის ცენტრი. ამავდროულად, თურქეთი დასავლეთსაც ემიჯნება გარკვეულწილად და ცდილობს, ითამაშოს დამოუკიდებელი როლი. ის დამოუკიდებლად ახორციელებს აღმოსავლურ გეოპოლიტიკურ ვექტორს. მით უფრო, რომ ერდოღანის დღევანდელი საგარეო კურსი მიმართულია იქით, რომ თურქეთი გადაიქცეს, სულ მცირე, რეგიონულ სუპერსახელმწიფოდ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

"რაც შეეხება თავდაცვითი საშუალებების განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, ამ საკითხის გადაწყვეტა ალიანსის მაღალი სტრუქტურის წარმომადგენლების პრეროგატივაა, მეორეც, აქ საუბარი იყო თავდაცვითი ელემენტების სისტემის განთავსებაზე, ანუ ანტისარაკეტო სისტემებზეა საუბარი. თუმცა ამ ეტაპზე ნაჩქარევია ამ თემებზე საუბარი", - განაგრობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება ამ შეხვედრის შედეგებს, პირველ ყოვლისა, მთავარი შედეგი იქნება სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველოს ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან უფრო ღრმავდება და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ნამდვილად არ არის სამიტზე ქვეყნის პირველი პირების ჩამოსვლა შემთხვევითი, ეს ვიზიტები, პირველ რიგში, გამიზნულია იმისთვის, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა დაინახოს ეს. გარდა ამისა, არის მესიჯი რუსეთისთვის, რომ შესაძლოა, შემუშავდეს რეგიონალური პოლიტიკის ახალი მოდელი, პირობითად რომ ვთქვათ, კავკასიის გაერთიანებული შტატებში შეიძლება განვითარდეს ახალი რეგიონული უსაფრთხოების მოდელი", - დასძენს ვახტანგ მაისაია.