როგორ განვითარდება საქართველოში პოლიტიკური პროცესები - საარჩევნო თუ რევოლუციური გზით. რომელი გზა არის უფრო მისაღები დღევანდელი პოლიტიკური რეალობისთვის და ქვეყნის განვითარების პესპექტივებისთვის. ამ თემაზე „სარკე“ ექსპერტს, „რესპუბლიკური პარტიის" წევრს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რომელ გზას დაადგება ამ ეტაპზე ქართული საზოგადოება?
- ჯერ პერსპექტივის თაობაზე ვისაუბროთ და მერე შექმნილ რეალობაზე. ანუ რომელ გზას რა შედეგის მოტანა შეუძლია, რა საფრთხეები არსებობს და რისი შანსები იკვეთება. გეთანხმებით, რომ ხელისუფლების შეცვლის რეალურად ორად–ორი გზა არსებობს. ერთი, ეს არის არჩევნების მეშვეობით მმართველობის შეცვლა, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებლის შეცვლის შესაძლებლობა, რადგან სავსებით სამართლიანი არჩევნების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია ხელისუფლებაში მმართველ ძალად ამომრჩეველმა მოიყვანოს იგივე პოლიტიკური ძალა, ვინც მანამდე იყო სათავეში. თუ ეს სამართლიანი არჩევნებია, ამომრჩევლების ნაწილი უკმაყოფილო დარჩება, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება.
მაგრამ თუ ეს არჩევნები სამართლიანი არ არის?
- ამ შემთხვევაში, არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების შეცვლა უაღრესად რთული ხდება. რასაკვირველია, ამის ალბათობა არასამართლიანი არჩევნების შემთხვევაშიც არის, მაგრამ ეს ალბათობა ძალიან მცირეა. თუ არჩევნებით ხელისუფლება ვერ იცვლება, ამ დროს მთავრობის არაარჩევნებითი გზით შეცვლის საკითხი დგება. მხედველობაში მაქვს ვითარება, როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობას არ უნდა ის ხელისუფლება, პოლიტიკური ძალა კიდევ ერთხელ მოიყვანოს სათავეში, მაგრამ უსამართლო კენჭისყრის გამო, ისინი მაინც ახერხებენ ხელისუფლებაში დარჩენას. ასეთი გზით შეცვლა ნიშნავს ხელისუფლების გადაყენებას ძალადობის მეშვეობით, მაგრამ ძალადობის ფორმებიც შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.
რას გულისხმობთ?
- იძულებით ხელისუფლების შეცვლას ჰქვია რევოლუცია და ის შეიძლება იყოს მშვიდობიანი, სისხლიანი, მცირე თუ დიდი მსხვერპლით და ა.შ. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის კრიზისული მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში ისეთი რამეები ხდება, რაც უკვე კანონისა და კონსტიტუციის ზღვარზეა. ძალიან ძნელია ხოლმე იმ ზღვრის ზუსტად დადგენა, ეს სახალხო რევოლუცია იყო თუ არა. ანუ ხალხი ძალის გამოყენებით ხელისუფლებას იმიტომ ცვლის, რომ იგი მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ასეთ შემთხვევაში ხალხს აქვს ასეთი უფლება.
თუ ეს არის ამბოხება და სახელმწიფო გადატრიალება, იგი დასჯადი მოქმედება და დანაშაულია. ეს ზღვარი ძალიან ფაქიზია და მომხდარის შემდგომი შეფასება რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს და ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, დამოკიდებულია ხოლმე იმაზე, რით დამთავრდება ეს ძალადობრივი მოქმედება - გაიმარჯვებს ხელისუფლება, თუ დამარცხდება იგი. დამოკიდებულია აგრეთვე იმაზე, მომხდარს როგორ აღიქვამს საერთაშორისო საზოგადოება. თუ გაიმარჯვა ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამაც გამართლებულად და კანონიერად მიიჩნია მისი მოქმედება, მაშინ ეს ძალადობრივი მოქმედება ამბოხებად და დანაშაულად შეფასდება. თუ გაიმარჯვა ხელისუფლებამ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ დაიკავა პოზიცია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ხალხის ინტერესი, არაპროპორციული ძალა გამოიყენა, კანონი დაარღვია და ა.შ. მაშინ ჩაითვლება, რომ ხელისუფლების მოქმედება არის უკანონო და მას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება საერთაშორისო ასპარეზზე.
თუ დამარცხდა ხელისუფლება, ისევ თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ყველაფერი შეაფასა, როგორც სახალხო აჯანყება, მაშინ დამარცხებულ ხელისუფლებას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება და ის იძულებული იქნება, თავის წაგებას შეეგუოს. მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ყოფილა ისტორიაში, როდესაც ასეთი აჯანყება საერთაშორისო საზოგადოებას შეუფასებია არა როგორც სახალხო გამოსვლა, არამედ როგორც პუტჩი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და გაურიყია, ურთიერთობა არ დაუმყარებია ხელისუფლებაში მოსულ ძალასთან.
და რა ხდება ამ დროს ქვეყნის შიგნით?
- ასეთ შემთხვევაში გრძელდება დაპირისპირება ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის და საქმე სამოქალაქო ომამდე მიდის ხოლმე. ანუ ეს არის ერთი მახასიათებელი ხელისუფლების ძალით შეცვლისა.
მეორე ნიშან–თვისებას რაც შეეხება?
- ამის მეორე მახასიათებელი გახლავთ ის, რომ ყოველი ასეთი რევოლუციური მოქმედების შემდეგ, ხელისუფლებაში, როგორც წესი, დიდი უმრავლესობით მოდის ის პოლიტიკური ძალა, ჯგუფი, ვისაც ჰქონდა ყველაზე დიდი წილი ამ რევოლუციაში. ანუ ვინც სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით იმ ხალხში, ვინც ეს ხელისუფლება შეცვალა. თუნდაც ეს ძალა პოპულარული არ იყოს, რეალურად ნებისმიერი ასეთი რევოლუციური მოქმედებების დროს, როგორც წესი, იკვეთება ხოლმე ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს ფაქტობრივი ძალაუფლება. როცა ეს ჯგუფი ხელისუფლებაში მოდის, ის იწყებს მოქმედებას უკვე თავისი ინტერესების მიხედვით; იწყებს საკუთარი პოლიტიკური ხელისუფლების განმტკიცებას; იწყებს თავის მოწინააღმდეგეთა დევნას. მის მოწინააღმდეგეებში ამ დროს არის ხოლმე არამხოლოდ ის ყოფილი ხელისუფლება, არამედ მისი ყოფილი პარტნიორებიც, რადგან პარტნიორებს თანდათანობით შეუძლიათ ამ მმართველი პოლიტიკური ძალის ძალაუფლების შეკვეცა. ამიტომ თავად ის იწყებს მოქმედებას, რომ ეს არ მოხდეს.
რის ხარჯზე ხორციელდება ხელისუფლების ასეთი ტიპის მოქმედება?
- ეს ყველაფერი, როგორც წესი, უკანონობის განხორციელების ხარჯზე ხდება. ამას გვასწავლის ისტორია. ჩვენ რომ გავხედოთ თუნდაც მეოცე საუკუნის ისტორიას და უფრო ადრე რომ არ წავიდეთ, მატიანე გვიჩვენებს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც ძალის გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა მოხდა, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ქვეყანაში ფრიად არასასურველი მოვლენები ხდებოდა. იყო ბევრი უკანონობა, არასწორი გზით ქვეყნის განვითარება. ამას კი ხალხისთვის მძიმე შედეგი მოჰქონდა. ეს არის რევოლუციის ყველაზე დიდი ხიფათი. მოგეხსენებათ, ფრთიანი გამოთქმაც არსებობს, რომ რევოლუციას გეგმავენ იდეალისტები და მისი შედეგებით ნაძირლები სარგებლობენ. ეს ფრაზა ტყუილად არ გაჩენილა. სამწუხაროდ, ასეთია ხოლმე რევოლუციების შედეგი. ხიფათისა და რისკების გამო ვამბობ ამას. რევოლუციური გზა უაღრესად სახიფათო გზაა. მას მოაქვს მძიმე შედეგი არა მხოლოდ მათთვის, ვინც იყო ხელისუფოებაში და ვინც დაამხეს, არამედ მთლიანად ხალხისთვისაც.
ანუ თქვენ მთლიანად საარჩევნო ცვლილებების გზას ემხრობით...
- რასაკვირველია, უპირატესობა უნდა მიეცეს ხელისუფლების მშვიდობიან, არარევოლუციურ შეცვლას არჩევნების მეშვეობით. ყველა ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ის ხელს უშლის სამართლიანი არჩევნების გამართვას, მაშინ ის დგება რევოლუციის, ანუ ძალადობის რეალური საფრთხის წინაშე. თუ ეს მოხდა, მაშინ ეს მძიმე შედეგით თავად მისთვის დამთავრდება.