ალესანდრო დელ პიერო - „იუვენტუსის“ მომავალი ვარსკვლავი

ალესანდრო დელ პიერო - „იუვენტუსის“ მომავალი ვარსკვლავი

„არ მესმის, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის შეგირდობა სამარცხვინო რად არის. მე დრო მჭირდება. ვნახოთ, ერთი წელი მეყოფა, ორი თუ ხუთი. ხუთიც რომ იყოს, არაფერია. მთავარია, დაუზარლად ვიშრომო, ხოლო რამდენად შორს წავალ, გამოჩნდება“ - თქვა ალესანდრო დელ პიერომ, რომელსაც ხშირად ბაჯოს, როსის და პლატინის ადარებენ.

დღევანდელ „იუვუნტუსში“, თუნდაც ამომავალი ვარსკვლავისთვის, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ყოფნა ძალიან ძნელია. გუნდში, სადაც რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვიალი და ფაბრიციო რავანელი თამაშობენ, თავიდანვე როგორ გაილაღებ? თუნდაც იმიტომ, რომ ყველას, თითქოს საქმე გამოლევიათო, ერთი რამ დაუჩემებია - მისი ბაჯოსთან შედარება. აქვს თუ არა დელ პიეროს ბაჯოსნაირი პასი, ასრულებს თუ არა ფინტს რობერტოს დარად, კარში მისებრ ზუსტად არტყამს თუ არა?

მხიბლავს, ბაჯოს, პლატინის და როსის რომ მადარებენ, მაგრამ მხოლოდ დელ პიერო ვარო, ამბობს თავად, მაგრამ ამას ვინ დაგიდევს. ბოლო ხანს ესეც შენიშნა: თუ ადრე გასახდელიდან გამოსულს ზედაც არავინ უყურებდა, ახლა მისი გამოჩენა და ჟურნალისტთა ბლოკნოტების გადაშლა ერთია.

„იუვეს“ მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ კი შედარებებისგან სხვებზე მეტად შეიკავა თავი: „როგორც ჩანს, დელ პიეროს წარსულის და აწმყოს უდიდეს მოთამაშეებთან შედარება მოდაშია. მე მხოლოდ ერთს გეტყვით - მისი დარტყმები პლატინისეულს მაგონებს - ეს არის და ეს. ალესანდროს თავისებური, ბუნებრივი ნიჭი მომწონს. იგი ჭკვიანია და მწვრთნელის დავალებას უცბად ხვდება“.

მშვიდი ბუნება დელ პიეროს პრობლემებისგან იცავს. კლუბში მას რაიმე სირთულე არ შექმნია. იტალიის ჩემპიონატში მისმა ბრწყინვალე გამოჩენამ „იუვენტუსს“, სულ მცირე, სარფიანი ტრანსფერის საშუალება მისცა, მაგრამ გუნდისთვისვე უმჯობესია, თუ ალესანდროს გაყიდვა-გასხვისების ნაცვლად მას ადგილს მოედანზე მოუძებნის. ცხადია, ეს უფრო ძნელი ამოცანაა - არ გინდა, რომელიმე დიდი იუვენტუსელი სკამზე დასვა?

სერია A-ში დელ პიერომ თავის უკვე მესამე თამაშში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ლაპარაკია იმ თამაშებზე, თავიდანვე რომ გაიყვანეს, თორემ შეცვლაზე შესვლებსაც თუ ჩავთვლით, ცოტა მეტი გამოვა. იმ მატჩში „პარმას“ წინააღმდეგ ოცი წლის მორცხვი ახალგაზრდა მწვრთნელმა დაშავებული ბაჯოს მაგივრად ათამაშა და ხელად მთელი იტალია ალაპარაკდა, ეს რა გვეზრდებაო. საბოლოოდ, გასულ სეზონში ალესანდრომ 11 თამაშში 5 გოლი გაიტანა, რაც, ცხადია, მშვენიერი შედეგია. შარშანდელ სექტემბერს, ახალი პირველობის სტარტზე რობერტო ბაჯო მსოფლიოს ჩემპიონატზე გამიზეზებულ ტრავმას იშუშებდა და დელ პიეროც მისი მეათენომრიანი მაისურით გამოდიოდა, მაგრამ საკმარისი იყო მაისურის მთავარ მფლობელს მკურნალობა დაესრულებინა, რომ ალესანდრო კვლავ სკამზე გადაბარგდა.

ალესანდრო დელ პიერომ თავი პირველად მშობლიური ქალაქის, ტრევიზოსთან მდებარე კონელიანოს ბიჭების გუნდში „სან ვენდემიამოში“ გამოიჩინა. აქედან ფეხბურთელი მოხვდა „პადოვაში“, სადაც ცნობილმა ფრანკო კაუზიომ შენიშნა და თავი „იუვენტუსში“ ამოაყოფინა. ოღონდ „ბებერ ქალბატონში“ ნაღდად გადასვლამდე იგი ცოტა ხნით „პადოვაშივე“ დატოვეს, კლასი აქ აიმაღლეო. იმავდროულად ალესანდრო ქვეყნის 18-წლიანთა ნაკრებს კაპიტნობდა.

დღეს დელ პიერო ძალიან გაუთამამდა „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობას. ისიც ფაქტია - სხვა გუნდის წევრი რომ იყოს, მისი ნიჭის პატრონი სულ მოედანზე იქნებოდა, მაგრამ ჭკუადამჯდარ ალესანდროს, როგორც ჩანს, დიდ გუნდში ყოფნა და ბაჯოს შეგირდობა უჯობს. ეს მისი საქმეა.