1937 წლის რეპრესიები ბევრ ცნობილ ქართულ ოჯახს შეეხო, მათ შორის ერთ-ერთი ნოდარ დუმბაძის ოჯახი იყო. მწერალს დაუხვრიტეს მამა, ბიძა, დედა და ახლო ნათესავები კი გადაუსახლეს. თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ დუმბაძეებს ბერიასთან და რა აკავშირებდა ნოდარ დუმბაძეს ედუარდ შევარდნაძესთან, ამას დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი, ნოდარ დუმბაძის მამიდაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნორა კოტინოვი გვიამბობს.
- ნოდარ დუმბაძის მამა, ვლადიმერი და მისი უმცროსი ძმა, გაბრიელი ბაქოში ლავრენტი ბერიასთან ერთად სწავლობდნენ გიმნაზიაში. ქართველ გიმნაზიელებს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. სამივე საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ეს დაახლოებით საბჭოთა ხელისუფლების ჩამოყალიბების პირველ წლებში ხდება. შემდგომ წლებში, ბერია უკვე დაწინაურდა და თანაგიმნაზიელი ძმები - დუმბაძეებიც არ დაივიწყა.
რით გამოიხატა ეს?
- ნოდარის მამა - ვლადიმერი, ანუ აკაკი, როგორც მას ოჯახში ეძახდნენ, დანიშნა ბაღდადის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, მისი ძმა გაბრიელი კი, რომელიც სამხედრო პირი იყო - უშიშროების საბჭოში მაღალ თანამდებობაზე გაამწესა და ბოლოს გენერალ-ლეიტენანტის ჩინიც დაიმსახურა. ორივე ძმას „ემადინი” ემსახურებოდა. მახსოვს, ერთხელ, გაბრიელის დახვრეტამდე, მეც მომიწია ამ მანქანით მგზავრობა. გაბრიელმა და მისმა მძღოლმა ბებია-ბაბუის მოსანახულებლად ჩამიყვანა სოფელ ხიდისთავში. მე ძალიან ვგავდი ბაბუას და ამიტომ, გაბრიელიც და აკაკიც ქიშვარდი სპირიდონიჩს მეძახდნენ. ზუსტად იმ ზაფხულს დააპატიმრეს გაბო. როდესაც ამის მაუწყებელი დეპეშა მოვიდა ოჯახში, მე მათთან ვიყავი. ბებია ჩაის საკრეფად იყო წასული და მეზობლებმა რომ წაიკითხეს, შეიცხადეს, ოლღა თავს მოიკლავსო. ჩემი პატარა ჭკუით, დანები დავმალე, ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.
თუ ასეთი კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ბერიასა და დუმბაძეებს, მაშინ რატომ შეეწირნენ ეს ძმები 1937 წელის რეპრესიებს. დავიჯერო, ბერია ვერ შეძლებდა მათ მფარველობას?
- ბერია თავის თავისგან ხომ ვერ დაიცავდა მათ. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში, ბერიასა და გაბრიელ დუმბაძეს შორის უთანხმოება მოხდა, არ ვიცი, რა საკითხთან დაკავშირებით. ამის გამო, გაბრიელი - ფიცხი გურული, ლავრენტი პავლოვიჩს რევოლვერით შევარდნია კაბინეტში. თუმცა, რას გახდებოდა?! გაბრიელ დუმბაძე მაშინვე დააპატიმრეს და გაასამართლეს მუხლით - „ტერორი ბერიას წინააღმდეგ“. იგი დაპატიმრებიდან მეექვსე დღეს დახვრიტეს. ეს ამბავი მოხდა 1937 წლის ზაფხულში. ამის შემდეგ ჯერი ვლადიმერზე მიდგა.
უფროსების გადმოცემით ვიცი, რომ ვლადიმერი დააპატიმრეს, როგორც გაბრიელის ძმა. როდის მოხდა მისი ლიკვიდაცია, ოჯახისთვის უცნობია. გაბრიელს ჩამოერთვა ბინა ვაკეში, ანასტასიევის ქუჩაზე, ხოლო ვლადიმერის შვილები სამი ოთახიდან ერთში დატოვეს. დანარჩენ ორ ოთახში კი შეუსახლეს „კაგებეს“ თანამშრომლები, ჯახაიების ოჯახი.
ამის შემდეგ რა ხდება?
- მანამდე მოგახსენებთ იმას, რომ მას შემდეგ, რაც გაბრიელისა და ვლადიმერის კარიერა „კარგად” წარიმართა, მშობლობმა უმცროსი ძმები მათთან გააგზავნეს ოჯახებში: ნიკოლოზი, რომელიც თბილისის ტრანსპორტის ინსტიტუტის სტუდენტი იყო - გაბრიელის ოჯახში, ხოლო მამია, შემდგომში უკვე ცნობილი აკადემიკოსი, რომელიც ამ პერიოდში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ნიკო ბრძენიშვილის ასისტენტი გახლდათ - ვლადიმერის ოჯახში.
გაბრიელისა და ვლადიმერის ლიკვიდაციის შემდეგ, უკვე შემოდგომაზე, აპატიმრებენ მათ მეუღლეებს და უმცროს ძმას, ნიკოლოზს. მამია ნიკო ბერძენიშვილმა დაიცვა. ქალბატონებს გადაასახლებენ ყარაგანდაში, ხოლო ნიკოლოზს, სადღაც - ციმბირში. ნოდარის დედა, ქალბატონი ანიკო დაპატიმრებამდე სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა გადაასახლეს. გადასახლებაში იგი ბებიაქალად მუშაობდა და ქალთა კოლონიაში ახალშობილებს იღებდა.
ისინი 9 წლის შემდეგ დაბრუნდნენ გადასახლებიდან - 1946 წელს.
როგორ იზრდებოდა მშობლების გარეშე დარჩენილი ნოდარ დუმბაძე?
- ნოდარი 9 წლის დარჩა, მისი და, ლეილა კი 12 წლის. თავდაპირველად, მეზობლებმა შეიფარეს, შემდეგ დედის მეგობარმა ქალმა უპატრონა მათ და, ამის შემდეგ სოხუმში წაიყვანეს ნოდარი და ლეილა. იქ ორი წელიწადი სწავლობდნენ სკოლაში. სხვათა შორის, სოხუმში ცხოვრების ეს პერიოდი ნოდარმა ასახა თავის ცნობილ მოთხრობაში „ელადოს”. ზაფხულობით ნოდარი ივლიანე ბებიასთან, დედის დედასთან ჩადიოდა ხოლმე ხონში. ორი წლის შემდეგ ქიშვარდი ბაბუა ჩავიდა მასთან და ნოდარი გურიაში წაიყვანა. ქიშვარდი ბაბუასა და ივლიანე ბებიას იმდროინდელი დიალოგი ნოდარს ასახული აქვს თავის მოთხრობაში „სისხლი”. ლეილა დეიდებთან დარჩა. ამის შემდეგ ისინი ცალ-ცალკე იზრდებოდნენ. მანამ, სანამ ნოდარი საშუალო სკოლას დაამთავრებდა. ოლღა ბებიას განსაკუთრებული ამაგი ჰქონდა ნოდარზე და ამიტომ, განსაკუთრებით უყვარდა იგი.
როდესაც ქალბატონი ანიკო ბახტაძე დაბრუნდა გადასახლებიდან, ნოდარი 18 წლის იყო და იმ პერიოდშიც ივლიანე ბებიასთან გახლდათ სტუმრად. ნოდარი, ძროხის, ვენგერკას სამწყემსავად ყოფილა წასული. საღამოს რომ დაბრუნდა, დედა-შვილს ერთმანეთი ვერ უცვნიათ. კარგა ხნის განმავლობაში, ნოდარი ქალბატონოთი მიმართავდა ანიკოს.
რამდენ ხანს იყო ნოდარი გაუცხოებული?
- დაახლოებით ერთი წელიწადი. თუმცა, ამის შემდეგ იგი აღმერთებდა დედას. უამრავი ნაწარმოები მიუძღვნა მას და ბევრი მისი გმირი ქალბატონი ანიკოს პროტოტიპია.
მამას თუ ახსენებდა, ან მისი პროტოტიპი თუ გვხვდება ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში?
- აღსანიშნავია, რომ ნოდარის არც ერთი ნაწარმოების გმირის პროტოტიპი არ არის ნოდარის მამა. რატომ ხდებოდა ეს, ძნელი ასახსნელია. არც ნოდარისთვის მიკითხავს ამის შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, რადგან მთელი სტუდენტობის პერიოდში, ნოდარი „ხალხის მტრის” შვილად იყო მიჩნეული, იგი ერიდებოდა მის ხსენებას.
თქვენ ახსენეთ, რომ ბებია-ბაბუასთან ჩაგიყვანათ გაბრიელმა, ვლადიმერი თუ გახსოვთ?
- არა, იმიტომ რომ იგი ბაღდათში მუშაობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. უფრო მეტად ცოლ-შვილი ჩადიოდა მასთან. თუმცა, ბევრი ამბავი ვიცი მის შესახებ, ანიჩკა ბიცოლას მონაყოლიდან. აკაკი ბიძია ძალიან მკაცრი ხასიათისა და გარეგნობის კაცი ყოფილა და ითვლებოდა ნამდვილ კომუნისტად. ბოლო პერიოდს ასე იხსენებდა ქალბატონი ანიკო: ბაღდათში ბერიას შეუთვლია ვლადიმერ დუმბაძისთვის, ჩამოდი, უნდა დაგაწინაუროო. ისიც ჩამოვიდა თბილისში, ბერიასთან რომ მისულიყო. ღამით კი დაადგნენ დასაპატიმრებლად. უთქვამს: ანიჩკა, რაღაც გაუგებრობაა, მე მალე დავბრუნდებიო. სახლიდან გასვლის წინ ცოლისთვის დაუბარებია: ანიჩკა, იცოდე, მე სუფთა ვარ და თუ არ დავბრუნდი, ჩათვალე, რომ ამქვეყნად სამართალი არ არსებობსო.
ცნობილია, რომ ნოდარ დუმბაძეც იმყოფებოდა პატიმრობაში და ამ პერიოდს მან არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა, განსაკუთრებით გავიხსენებდი „თეთრ ბაირაღებს”.
- სულ 7 თვე იჯდა ნოდარი ციხეში. კიდევ კარგი, რომ გაამართლეს, მორალური ზარალი აუნაზღაურეს და თანამდებობაც აღუდგინეს. ერთხელ ამხანაგებთან ერთად ნოდარი რესტორან „გემოში” იყო. კარგად რომ შეზარხოშებულან, რაღაცაზე ატყდა ცემა-ტყეპა, ამ ჩხუბში კი ღვინით სავსე ბოთლი მოხვდა ერთ-ერთს. თავგატეხილი დიდხანს იყო უგონოდ. ამის შემდეგ ყველა აიყვანეს. ნოდარი ბრალდებულთა შორის მოხვდა, მას პერანგზე დაზარალებულის სისხლის ლაქები აღმოაჩნდა. სანამ დაზარალებული გონს მოვიდა და სიმართლე გაირკვა, ნოდარი ციხეში იყო.
ამბობენ, რომ ნოდარ დუმბაძეს დიდი მეგობრობა აკავშირებდა ედუარდ შევარდნაძესთანო.
- ეს ნამდვილად ასე იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე წერს: მეგობრების ძალიან ვიწრო წრე მყავს და მათ შორის ერთ-ერთი, ნოდარ დუმბაძეაო. სხვათა შორის შევარდნაძესთან მეგობრობის გამო, ქართველი ინტელიგენციის შევარდნაძისადმი უარყოფითად განწყობილი ნაწილი, ნოდარს კიცხავდა. ამ ორ ადამიანს, გურული იუმორი აკავშირებდა. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ შევარდნაძემ იგი სიკვდილს გადაარჩინა. კერძოდ, მეორე ინფარქტის დროს, რომელიც მას გულრიფშში დაემართა და სოხუმის საავადმყოფოში იწვა, კრემლიდან ჩამოუყვანა ექიმთა ჯგუფი, რომლებმაც ნოდარი გადაარჩინეს. ასე უმეგობრა მან. დედა ენის ძეგლის დადგმა ნოდარის რჩევით მოხდა. ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდში, ასეთი მაგალითი არაერთია. თუმცა, ბოლოს მათ შორის გათიშვა მოხდა.
რის გამო?
- ახალგაზრდების მიერ 1984 წელს თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებით. როდესაც დაისვა ამ ბიჭების შეწყალების საკითხი, მაშინ ქართული ინტელიგენცია ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი ამართლებდა, მეორე და დიდი ნაწილი შევარდნაძეს ადანაშაულებდა და მოითხოვდა, რომ ამ ბიჭებისთვის დახვრეტის მუხლი მოეხსნათ. შედგა მხარდამჭერთა სია. ეს სია უკვე სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ნოდარსაც მიუტანეს. ამ დროს ლეჩკომბინატში ნოდართან ერთად შევარდნაძის ძმაც იწვა სამკურნალოდ. როდესაც ედუარდი ძმის მოსანახულებლად დადიოდა ნოდართანაც შეივლიდა ხოლმე. მაგრამ, როცა ნოდარმა აღნიშნულ სიას თავისი ხელისმოწერა შემატა, ედუარდს ის აღარ მოუნახულებია. ამას ნოდარი განიცდიდა, თუმცა ხელმოწერას არ ნანობდა. რა თქმა უნდა, ის უკვე განწირული იყო სასიკვდილოდ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ამ ამბავმა დააჩქარა ნოდარის აღსასრული.
ნოდარის დამ, ლეილამ, რომელიც კარდიოლოგია, მიამბო: სიკვდილის წინ ნოდარს წაუმღერია „ხომ დაგამარცხე, სიკვდილო...” საქმე ისაა, რომ როდესაც ამ სიტყვებს მღეროდა, მონიტორზე მისი გული უკვე გაჩერებული იყო.