მთიანი რეგიონების მიმართ სახელმწიფო პროტექციონისტულ პოლიტიკას იწყებს. კანონპროექტის თანახმად, საწარმო, რომელსაც ადგილობრივი ან უცხოელი ინვესტორი პირველი კატეგორიის (ანუ მწვავე სოციალური პრობლემების მქონე მთიანი ზონა) ზონაში შექმნის, ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს და ადგილობრივი რესურსის დამუშავებაზე იქნება ორიენტირებული, პირველი ხუთი წლის განმავლობაში ყველა ტიპის გადასახადისგან გათავისუფლდება. მთის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა საკმარისია იმისთვის, რომ ინვესტორმა მთიან ზონაში დაბანდებული თანხა უკანვე ამოიღოს.
გარდა ამისა, ახალი ინიციატივის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში დასახლებულ თითოეულ ოჯახს ერთჯერადი დახმარება მიეცემა. პირველი შვილის შეძენისას - 1000 ლარი, მეორე შვილის შეძენისას - 1200, მესამე შვილის - 1500, ხოლო მეოთხე და მომდევნო შვილების შეძენისას - 1600 ლარი. ამასთან, 16 წლამდე ბავშვებს მიეცემათ ყოველთვიური დახმარება. კერძოდ, პირველ შვილს - 70 ლარი, მეორეს- 90, მესამეს - 140, ხოლო მეოთხე და მომდევნო შვილებს - 150 ლარის ოდენობით.
მთიან რეგიონში გახსნილი საწარმოების ხუთი წლით ყველა გადასახადისგან გათავისუფლების იდეას ბიზნესმენთა ნაწილი დადებითად აფასებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივთა უკუმიგრაციას მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებში.
ხელისუფლების ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ბიზნესმენი თემურ ჭყონია კმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამ შეღავათების გამო მაღალმთიან ზონაში სასტუმროების ბიზნესის გაფართოებით თავადაც დაინტერესდება.
თუმცა არსებობს პრობლემებიც, რაც მაღალმთიანი რეგიონების ბიზნესს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. კერძოდ, ბიზნესის ცალკეული ნაირსახეობისთვის ეს ინიციატივა არამომგებიანი იქნება, რადგან მთაში ასვლა ტრანსპორტირების ხარჯებს შედარებით ზრდის.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია გადასახადების შემცირებასთან ან საგადასახადო შეღავათიანი პერიოდის დაწესებასთან მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, მისასალმებელია. მით უფრო, რომ მთის რეგიონებში ძირითადად მცირე და საშუალო საწარმოები არის განვითარებული.
„მართალი გითხრათ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მნიშვნელოვან გარღვევას მოუტანს საქართველოს და ამ ინიციატივიდან გამომდინარე, მთა და ბარი საქართველოში აყვავდება. თუმცა ლოკალურ დონეზე შესაძლებლობა იქნება, რომ გარკვეულ წამახალისებელ საგადასახადო სტიმულად იქნას ცალკეული მეწარმეების მხრიდან გამოყენებული. შეაჩერებს თუ არა ეს ადგილობრივი მოსახლეობის მთიდან მიგრაციის პროცესს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მასშტაბებზე. თუ ეს ინიციატივა გახდება მასშტაბური და მასიური, მაშინ შესაძლებელია, როგორც წამახალისებელი სტიმული, განხილულ იქნას მთაში მოსახლეობის დასამაგრებლად. თუმცა ასეთი პატარა პროექტები, როგორც წესი, უფრო სოციალური დატვირთვის მქონეა და მასშტაბურ შედეგებს არ უნდა ველოდოთ“, - აცხადებს ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბარში.
ფრაქცია „ქართული ოცნება–მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე განმარტავს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს აღნიშნული კანონპროექტი ყველა გადასახადის მოხსნას ითვალისწინებს. მისი თქმით, გადასახადები დარჩება, მათ შორის, ადგილობრივი ქონების გადასახადი. თუმცა საუბარია მხოლოდ დამატებითი დღგ-ს შემცირებაზე, რათა სტიმული მიეცეს მთიან რეგიონებში არა ვაჭრობას, არამედ წარმოების გახსნას.
გოგი თოფაძის თქმით, ძალზე მძიმე მდგომარეობაა მთიან რეგიონებში, რომელიც მოსახლეობისგან იცლება. შატილი თითქმის დაიცალა, რაჭაში მცირე რაოდენობის მოსახლეობა დარჩა, ასევეა ყაზბეგის რაიონშიც. ამიტომ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის მთაში მცირე წარმოება, ფილიალი უნდა გაკეთდეს. ეს კი ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ ფილიალს ექნება შეღავათი და არა - თავად წარმოებას.
„სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-100 ოჯახი ჩამოდის ბარში. ეს ჩვენთვის კატასტროფაა, რადგან მთიან რეგიონში ძალზე ბევრი პოტენციაა წარმოებისთვის, აქ უნიკალური ხილი და ბოსტნეული მოდის და შეიძლება, საკონსერვო პროდუქციის ნაწარმი შევქმნათ. ძალზე ბევრი ბუნებრივი რესურსია, ამიტომ შეიძლება ხე-ტყის გადამუშავება, ავეჯის წარმოება. არის ძალზე ბევრი წიაღისეული - ეს ყველაფერი დიდ წარმოებებს სტიმულს მისცემს, რომ ფილიალები გახსნან, დარგები განავითარონ. არა მგონია, ქართველი ხალხი ამის წინააღმდეგი იყოს, რადგან ყველამ იცის, თუნდაც რა პრობლემებია ზემო აჭარაში, სადაც მიწის უკმარისობაა“, - აღნიშნა გოგი თოფაძემ For.ge-სთან საუბარში.
რაც შეეხება კონტრარგუმენტებს, რომ მთაში საწარმოების გახსნის შედეგად შესაძლოა, მეწარმისთვის ტრანსპორტის ხარჯები გაიზარდოს, გოგი თოფაძე აცხადებს, რომ სამაგიეროდ, სხვა სახის შეღავათები იქნება გათვალისწინებული. მისი თქმით, მთაში ძალზე ბევრი იალაღები გვაქვს, საიდანაც შეიძლება ხორცის პროდუქტი თუ რძის ნაწარმი მივიღოთ და ეს არ უნდა იყოს ქართველი კაცისთვის პრობლემატური. ტრანსპორტის ხარჯები კი ძალზე მინიმალური იქნება იმასთან შედარებით, რასაც ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი მოგვცემს.
„მთლიანად რომ დავთვალოთ, ბიუჯეტში 3,5 - 4 მილიონ ლარზეა საუბარი. მათ შორის, მთაში მცხოვრებ მასწავლებლებს, ექიმებს, ზოოვეტერინარებსაც ექნებათ დანამატი ხელფასზე. გვინდა, ამ ადამიანებს რთული მდგომარეობა გავუნეიტრალოთ. ამიტომ ეს კანონი აბსოლუტურად მისაღები იქნება ყველასთვის და არ შეიძლება ვისაუბროთ მიკერძოებულად, რომ ვიღაცას ეს არ აინტერესებს. თუ არ აინტერესებს, ნუ წავა მთაში და ნუ გააკეთებს ნურაფერს. ეს პატრიოტული წამოწყებაა და დღეს თუ არა, ხვალ მაინც განხორციელდება. რაც უფრო გვიან გავაკეთებთ, ამით ბევრს დავკარგავთ. ხალხი რომ ტოვებს ყაზბეგის რაიონს, ხევსურეთს, შილდას, იქ ჩვენი მეზობლები შემოდიან და ჩვენს მიწებს იკავებენ. სწორედ ეს არის მცოცავი ოკუპაცია“, - აცხადებს გოგი თოფაძე.