ხშირად გაიგებთ საუბარს, რომ თბილისში ღამის ცხოვრება არ არსებობს. ამაში მარტო ის არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ქალაქში ძალიან ცოტა ღამის კლუბია. ღამით თითქმის არანაირი დაწესებულება არ მუშაობს. თბილისელებისათვის ღამ-ღამობით ძალიან ცოტა სერვისია ხელმისაწვდომი.
გვიან ღამით თბილისში, ფაქტობრივად, მარტო აფთიაქები და სუპერმარკეტები მუშაობენ. ისინიც, მხოლოდ თითო-ოროლა. ქალაქის ყველა უბანში არც არის სადღეღამისო აფთიაქი და მაღაზია. კაფეების უმრავლესობაც შუაღამის პირველ საათამდე მუშაობს. ბარები და რესტორნები უფრო გვიან იხურება.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მალე ასრულებს მუშაობას. სამარშრუტო ტაქსებზე გვიანობამდე ავტობუსები მუშაობენ, თუმცა ღამის თორმეტი საათის შემდეგ მხოლოდ ტაქსით თუ შეძლებთ გადაადგილებას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტაქსის მძღოლები ღამის საათებში მგზავრობისთვის გაორმაგებულ საფასურს ითხოვენ.
ღამის თბილისი ბევრ ადამიანს უქმნის პრობლემას. ზოგიერთ უბანში ხალხს იმის საშუალებაც არ აქვს, რომ წამალი იყიდოს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანს ღამით უცებ წამალი დასჭირვებია და ვერსად უყიდია.
ახალგაზრდებისათვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ღამე კაფე-ბარებში გვიანობამდე ვერ რჩებიან. როგორც გიორგი ავსაჯანიშვილმა გვითხრა, მომსახურე პერსონალი გვიანობამდე შემორჩენილ კლიენტებს აგრესიულად ექცევა და იძულებულს ხდის სახლში წავიდნენ:
„ხშირად არის შემთხვევა, როცა გინდა მეგობრებთან ერთად გვიანობამდე იყო კაფეში. როგორც მე ვიცი, თბლისში არ არსებობს არცერთი კაფე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს. შეიძლება გათენებამდე მუშაობა საჭირო არ იყოს, მაგრამ სამ საათამდე მაინც იყოს ღია.
უმრავლეს კაფეში პირველი საათიდან მომსახურე პერსონალი უკვე წასვლაზე ფიქრობს. ახალი შეკვეთები არ მოაქვთ, ისე გიყურებენ, აშკარაა, რომ უნდა წახვიდე. ასეთ სიტუაციაში დიდხანს ვერ დარჩები. მართალია, ღამის კლუბები მუშაობენ, მაგრამ ყოველთვის არ ხარ იქ წასვლის ხასიათზე. გინდა ღამე კაფეში წყნარად იჯდე.
საოცარი ის არის, რომ თბილისში, სადაც რესტორნის კულტია, ეს დაწესებულებებიც კი ძალიან ადრე იხურება. გამოდის, რომ გასართობი დაწესებულებებიდან თბილისში ნორმალურად მხოლოდ კლუბები მუშაობს და ისინიც მხოლოდ რამდენიმე გვაქვს. მთელი ღამე მუშაობს სამორინეებიც, მაგრამ მე კაზინოებში არ დავდივარ და ამიტომ ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს".
თბილისში ბოლო პერიოდში შედარებით მეტი აფთიაქი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ადრე განუწყვეტელ რეჟიმში მხოლოდ დიდი ქსელის აფთიაქები მუშაობდნენ, ახლა მათ პატარა აფთიაქებიც შეუერთდნენ.
როგორც ფარმაცევტებმა გვითხრეს, ღამის განმავლობაში მათ ბევრი კლიენტი არ ჰყავთ, თუმცა ისეთი ღამეც არ ყოფილა, როცა წამლის საყიდლად არავინ მისულა.
„აფთიაქი, ჩემი აზრით, ღამით აუცილებლად უნდა მუშაობდეს. მოულოდნელად შეიძლება ვინმეს რაიმე წამალი დასჭირდეს, სახლში არ აღმოაჩნდეს და ღამის სამ საათზე საყიდლად მოუწიოს წასვლა. ჩვენთან ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა ღამის ოთხ საათზეც მოსულან ტკივილგამაყუჩებელის საყიდლად. ისე რომ იყოს, ღამით არავის არაფერი სჭირდებოდეს, ჩვენც არ ვიმუშავებდით. რადგან ვმუშაობთ, ესე იგი, მყიდველებიც მოდიან.
სხვათა შორის, ხშირად ჰგონიათ, რომ ღამით მედიკამენტები უფრო ძვირი ღირს. ასე არ არის. ყველა წამალს აქვს თავისი ფიქსირებული ფასი და დღისა და ღამის მიხედვით არ იცვლება. ასე რომ, ღამით თუ ვინმეს წამალი დაგჭირდებათ, იმის შიში არ გქონდეთ, რომ უფრო ძვირს გადაგახდევინებენ", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთმა ფარმაცევტმა.
ბევრ ადამიანს პრობლემას ისიც უქმნის, რომ ღამე სუპერმარკეტები არ მუშაობს. თუ რომელიმე უბანში „პოპულის" ქსელის მაღაზია არაა, პროდუქტების ყიდვა საღამოს 10 საათის შემდეგ შეუძლებელია.
„ისეთი სამსახური მაქვს, რომ ხანდახან სახლში ღამის 12 საათზე მივდივარ. ვიცი, რომ სახლში არც პური მაქვს და არც სხვა რამ საჭმელი. პრობლემა ისაა, რომ ასე გვიან ჩემს უბანში ვერაფერს იყიდი. ყველა მაღაზია 9 საათზე იკეტება. ზაფხულობით ცოტა გვიან კეტავენ. ახლომახლო არც ერთი ისეთი სუპერმარკეტი არაა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს. აქედან გამომდინარე, ხშირად დავრჩენილვარ მშიერი.
სამსახურიდან სახლამდე გზაშიც არაფერი მხვდება ისეთი, სადაც საჭმელი იყიდება. თუ ძალიან მშია და დაღლილი არ ვარ, სპორტის სასახლესთან გავდივარ და „მაკ დრაივში" ვყიდულობ ჰამბურგერებს. კიდევ კარგი, ეს მაინც მუშაობს ღამე", - გვითხრა რეზო ჩიტაშვილმა.
ღამე ყველაზე შემოსავლიანი ტაქსისტებისთვისაა. გამომდინარე იქიდან, რომ ღამე მგზავრობის სხვა ალტერნატიული საშუალება არ არსებობს, ყველა ტაქსით მგზავრობს. ამას ტაქსისტები კარგად იყენებენ და მგზავრებს საკმაოდ ბევრ ფულს ართმევენ.
„მეგობრები ბარიდან, კინოდან ან თეატრიდან ღამე რომ გამოვდივართ, იძულებულები ვართ სახლებში ტაქსით წავიდეთ. ღამის 11 საათის მერე „მარშრუტკები" აღარ დადის, მარტო ტაქსით თუ წავალთ სახლში.
ტაქსით მგზავრობის ფასები ღამის განმავლობაში ძვირდება. თუ, მაგალითად, რუსთაველიდან ჩემს სახლამდე დღის განმავლობაში ხუთი ლარი მჭირდება, ღამე 10 ლარსაც კი მთხოვენ ხოლმე. გამიგია ისეთი შემთხვევებიც, როცა ტაქსისტებს არარეალურად ბევრი ფული გამოურთმევიათ კლიენტებისათვის. სხვა გამოსავალი რომ არ აქვს ადამიანს, ამას ძალიან კარგად იყენებენ და მგზავრობის საფასურს ასამმაგებენ", - აღნიშნა თიკო ბელქანიამ.