თბილისში თურქული “ტრანზიტები” შემოჰყავთ

თბილისში თურქული “ტრანზიტები” შემოჰყავთ

მძღოლები გამომუშავებაზე დარჩებიან და მათ მოჭრილ ხელფასზე არ გადაიყვანენ, თუმცა როგორც “რეზონანსს” “თბილლაინის” ხელმძღვანელმა განუცხადა, გამომუშავების რამდენ პროცენტი ერგებათ მძღოლებს, ჯერ არ იცის. ეს ყველაფერი ერთ თვეში გახდება ცნობილი.

 

როგორც დავით ასანიძე ამბობს, ერთ მარშრუტზე დღეგამოშვებით ორი მძღოლი იმუშავებს, რადან შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულმა ადამიანმა მინიმუმ 12 საათი უნდა დაისვენოს.

 

კომპანიების საწესდებო კაპიტალი 100-100 ლარია. კრედიტს რომელიც კომპანიებმა “თიბისი” ბანკიდან აიღეს, ამ ფულით დაფარავენ, თავად კი რეალურად კაპიკს არ ჩადებენ ამ საქმეში - განუცხადა “რეზონანსს” რამდენიმე მძღოლმა, რომლებმაც საკუთარი ვინაობის გაზეთში დაფიქსირება არ ისურვეს.

 

დავით ასანიძე ამტკიცებს, რომ 10-ლარიანი გადასახადიდან კომპანიას მხოლოდ 5 ლარი რჩება, დანარჩენი კი გადასახადებში მიდის, თუმცა ვიდრე ეს კომპანიები ახალ მანქანებს არ ჩამოიყვანენ, რატომ უნდა გადაუხადონ მძღოლებმა კომპანიას ფული, ამას ვერ აკონკრეტებს.

 

ამ ეტაპზე თბილისში 2 500 სამარშუტო ტაქსია, შესაბამისად - მარტივი მათემატიკაა, რომ როდესაც 2 500 მძღოლი ყოველდღე 10 ლარს გადაიხდის ეს თვეში საშუალოდ 750 000 ლარია. მძღოლებმა ეს თანხა არაფერში ოქტომბრამდე უნდა იხადონ, შესაბამისად, ოქტომბრამდე ეს თანხა 6 მილიონ ლარს მიაღწევს. როგორც მძღოლებმა ”რეზონანსს” განუცხადეს, ყველა სამუშაო დღეზე ხდება ამ 10 ლარის გადახდა, ხოლო ისინი კვირის ჩათვლით მუშოაბენ, იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუ ავად არ გახდებიან.

 

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ კომპანიებს თბილისში სამუშაოდ არა “მერსედეს სპრინტერი” შემოჰყავთ, რაზეც ადრე არაოფიციალურად იყო საუბარი, არამედ ბევრად უფრო იაფი - თურქეთში გამოშვებული “ფორდ ტრანზიტი”. რამდენი ჯდება ერთი მანქანის შეძენა, ამას ასანიძე არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მანქანებს კომპანია “ჯითი მოტორსში” ყიდულობენ, სულ ოთხივე კომპანია - 3 000 მანქანას.

 

“რეზონანსი” მანქანის ფასის გაგებას “ჯითი მოტორსშიც” შეეცადა, თუმცა არც კომპანიაში გვითხრეს მანქანის ფასი. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა განაცხადა, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის მანქანა სურს კლიენტს. ჩვენს მიერ ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციით, ასეთი მანქანის ფასი დაახლ. 20 ათასი დოლარია.

 

ასანიძის ინფორმაციით, მაისში კომპანიას თავიდან 350 ”ტრანზიტი” ჩამოყავს, მანამდე კი - ამ პარასკევს - 3 მარშრუტის პრეზენტაციას გამართავენ.

 

როგორც საავტომობილო ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი შალვა ოგბაიძე ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, დიდი პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთ მძღოლს ან ხაზის მფლობელს 5-6 წლის მანქანები ჰყავთ, რომლის სანაცვლოდაც ბანკებში სახლები ჩადეს. შესაბამისად, როდესაც ტენდერში გამარჯვბეული კომპანიები ახალ მანქანებს ჩამოიყვანენ და მძღოლებს მათი შესყიდვა მოუწევთ, რა უნდა უქნან საკუთარ მანქანებს, რომლებიც ტექდათვალიერების შედეგად მწყობრშია და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ობგაიძისთვის გაუგებარია.

 

ამ კითხვაზე პასუხი აქვს თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელ აკაკი ჯოხაძეს. მისი თქმით, დღეს მოქმედი მარშუტკები მათ მეპატრონეებს შეუძლიათ გაყიდონ, ან ავტოფარეხში იქონიონ. თუმცა, ვინ გადაიხდის მათ კრედიტებს, ამაზე პასუხი არ აქვს.

 

იმის შესახებ, თუ როგორი სისტემით გადაუხდიან მძღოლებს ხელფასებს და რა გეგმები აქვთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, ”თბილლაინის” დირექტორს, დავით ასანიძეს ვესაუბრეთ, რომლის კომპანიამაც ტენდერი გლდანი-ნაძალადევის რაიონში მოიგო.

 

მძღოლების ინფორმაციით, არის ვარაუდი, რომ ისინი სახელფასო სისტემაზე გადაიყვანოთ. ეს მართალია?

- სახელფასო სისიტემას არ შემოვიღებთ. მძღოლები როგორც აქამდე იყვნენ გამომუშავებაზე, მომავალშიც ასე იქნებიან.

 

გამომუშავების რამდენი პროცენტი იქნება მათი?

- ამ დეტალებზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. საგადასახადოში გავაგზავნეთ სწორედ მსგავსი ტიპის შეკიხვები, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ და მაქსიმუმ ერთ თვეში ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება. მოჭრილი ხელფასი რომ მივცეთ მძღოლებს, თავს დიდად აღარ შეიწუხებენ. მერე ის არც მანქანას მოუვლის, არც მგზავრობის რაოდენობა აინტერესებთ და დადიან როგორც უნდათ. ამიტომ, იქნებიან გამომუშავბეაზე.

 

ასევე ცნობილია, რომ ერთ მანქანაზე უნდა დაწესდეს მორიგეობა და დღეგამოშვებით სხვადასხვა მძღოლმა იმუშაოს.

- აქ საქმე გვაქვს შრომის კოდექსთან, რადგან კოდექსის მიხედვით, სამუშაო დღის დასრულებიდან მეორე სამუშო დღემდე 12 საათი უნდა დაისვენოს ადამიანმა. დავუშვათ, თუ სამუშაო დღე დილის 8 საათიდან დაიწყება და საღამოს 7-მდე დასრულდება მაშინყოველ დღე იმუშავებს ერთი ადამიანი.

 

კი, მაგრამ სამარშრუტო ტაქსები ბუნებრივია, რომ დღის 7 საათზე სამუშაო დღეს ვერ დაასრულებენ, ამიტომ ყველა შემთხვევაში ერთ მანქანაზე დღეგამოშვებით მოუწევთ მუშაობა?

- დიახ, და ამიტომ ეყოლებათ შემცვლელები.

 

მაისიდან როდესაც ახალი მარშრუტები ჩამოვა, მძღოლებმა მანქანების შესასყიდადთ 35 ლარი უნდა გადაიხადონ, რამდენ წელზე მოხდება ამ თანხის განაწილება?

- რაც შეეხება მანქანის შესასყიდ თანხას, ესეც არ არის დადგენილი, ვის რამდენი მოუწევს. გააჩნია, ისინი რამდენ წელზე გადაანაწილებენ ამ თანხას თავად. თუ პირდაპირ იყიდიან მანქანას, მერე იმას საერთოდ არაფერი მოუწევთ.

 

რაც შეეხება ამ 10-ლარიან გადასახადს, ჯერ მძღოლები საკუთარი მანქანებით დადიან და თქვენ არაფერში არ იღებთ მონაწილეობას. რატომ უნდა გადაგიხადონ მათ თანხა? ჯერ აგეწყოთ სისტემა და მერე აგეღოთ მათგან ფული.

- ამ 10-ლარიდან დღგ-ს სახით მთავრობა წაიღებს 18%-ს, დარჩება 8,2 ლარი. ამ თანხიდან მე ვიხდი მოსაკრებელს 1,7 ლარს ერთ მანქანაზე. დარჩება 6 ლარი და 50 თეთრი. აქედან 1,5 ლარს ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც მძღოლებამდე საგზურები უნდა მიიტანონ. შესაბამისად 10 ლარიდან გვრჩება 5 ლარი, როგორც სისტემის მომწესრიგებლებს.

 

ასევე საუბარია იმაზე, რომ თქვენ კომპანაის საწესდებო კაპიტალი სულ რაღაც 100 ლარი ჰქონდა. ანუ რა თანხებით მოახერხებთ იმ 3 000 მანქანის ჩამოყვანას?

- ჩვენ ეს თანხა უკვე გავქვს. “თიბისი” ბანკიდან ავიღეთ კრედიტი.