ახალ წელს თბილისს საოპერო მუსიკის მეგავარსკვლავი ხოსე კარერასი და ლეგენდარული ირლანდიური როკჯგუფი „U2" ეწვევა. მის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო „რედისონში" გამართულ საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და წელს მათი რიცხვი გაორმაგდა. სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური წარმატებები აქვს. მისივე თქმით საქართველოში კულტურული ცხოვრება ჩქეფს და საახალწლოდ დაგეგმილია ხოსე კარერასისა და „U2“-ს ჩამოყვანა.
აღნიშნული კონცერტების შესახებ არც ქალაქ თბილისის მერიაში და არც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში არაფერი იციან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის უფროსის მანანა მანჯგალაძის განცხადებით კი, კარერასთან და „U2"-თან დაკავშირებით სამშაბათს საგანგებო ბრიფინგია დაგეგმილი და დეტალური განცხადებაც იქ გაკეთდება.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ საახალწლოდ ეს შემსრულებლები ნამდვილად ჩამოვლენ, თუმცა ამ ეტაპზე არ აცხადებენ, თუ ვინ მართავდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, რა პირობებით ჩამოდიან კარერასი და „U2" და საიდან ფინანსდება მათი კონცერტები.
ესპანელმა ტენორმა ხოსე კარერასმა 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
2010 წლის საახალწლო ღონისძიებაში კი მასთან ერთად პოპულარული ირლანდიური ჯგუფი „U2"-იც მიიღებს მონაწილეობას. 80-იან წლებში პოპულარობის ზენიტში მყოფი როკჯგუფი დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად შემსრულებლად მიიჩნევა. გაყიდულია ჯგუფის ალბომების 170 მილიონზე მეტი ასლი და მათ უმაღლესი მუსიკალური ჯილდო - „გრემი" 22-ჯერ აქვთ მიღებული.
წესით, ასეთი ღონისძიებების გამართვაზე კულტურის სამინისტრო ან დედაქალაქის მერია უნდა ზრუნავდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ უწყებებში პრეზიდენტის განცხადება საახალწლო გასართობი ღონისძიებების შესახებ სრულიად მოულოდნელი იყო, გაურკვეველი რჩება, ვინ ან რომელმა უწყებამ შეითავსა მერიისა და კულტურის სამინისტროს ფუნქციები. შესაძლოა, ეს სულაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყოს.
რაც შეეხება მუსიკოსთა ჰონორარებსა და მათი სტუმრობის ხარჯებს, ეს ყველაფერი ალბათ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება, რომელიც, წესით, გადაუდებელი აუცილებლობის მქონე პრობლემებს უნდა ხმარდებოდეს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი ოფიციალური ინფორმაცია, როგორც ვთქვით, სამშაბათამდე საგულდაგულოდ გასაიდუმლოებულია.
ბუნებრივია, თავად ის ფაქტი, რომ ასეთი ლეგენდარული შემსრულებლების ახალ წელს თბილისში იქნებიან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მეტად მძლავრი პიარ-სვლაა, რომლის შედეგადაც საქართველო კიდევ ერთხელ მოექცევა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში, ამჯერად პოზიტიური კუთხით. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამ პიარაქციას გაუმართლებლად და ფუჭად მიიჩნევს.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ამით ცდილობს, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი კარგადაა.
პაატა ზაქარეიშვილი: „საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან. ისეთ ღარიბ ქვეყნაში, როგორიც ჩვენ ვართ, ყოვლად დაუშვებელია ფულის ასეთი არაადეკვატური ხარჯვა. ახალი წლების დღეებში თითქოს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მდიდარი სახელმწიფო ვართ და ვეჯიბრებით ევროპის დედაქალაქებს, რაც ჩვენს პრიმიტიულობასა და პროვინციალიზმზე მეტყველებს. მსგავსი ღონისძიებებით სააკაშვილი ცდილობს, თავი მოიწონოს".