მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონი უკვე მოქმედებს, რომლის საფუძველზეც მათი საქართველოში ჩამოსახლება 2011 წლის იანვრიდან დაიწყება. იმ პირებს, რომლებმაც რეპატრიანტის სტატუსის მოთხოვნით საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განაცხადება უკვე შეიტანეს, საშუალება მიეცემათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და საცხოვრებელი ადგილები თავადვე აირჩიონ.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის განმცხადებელთა რაოდენობა 7 ათასს აღემატება. მოსალოდნელია, რომ მაჰმადიანი მესხების საკითხი საზოგადოებაში აქტუალური თემა მაშინ გახდება, როცა უშუალოდ ამ პროცესის განხორციელება დაიწყება.
მანამდე კი შეგახსენებთ, რომ 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე 1944 წელს ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებიდან, ასევე აჭარიდან გასახლებულ მოქალაქეთა რეპატრიაციის მიზნით, 2001 წლისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულება აიღო. რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წლისთვის დასრულებულიყო, თუმცა 2005 წელს, საქართველოში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რეპატრიაციის პროცესის დასრულება 2013 წლამდე გადაავადა.
2007 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 2008 წლიდან მაჰმადიანი მესხების ან მათი შთამომავლების რეპატრიაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყებას ითვალისწინებდა. კანონპროექტის თანახმად, მათ, ვისაც საქართველოში დაბრუნება სურდა, საქართველოს უახლოესი საკონსულოსთვის, ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის განაცხადებით უნდა მიემართათ. კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლებას დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების ფინანსურ უზრუნველყოფას არ ავალდებულებს, თუმცა, რეპატრიანტთა სტატუსის მიღებისა და საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ, მას ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის მიზნით სოციალური პროგრამების განხორციელება მოუწევს.
გვესაუბრება ქრისტიან–დემოკრატთა ერთ–ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე.
ბატონო ლევან, ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ის ბოლო ვადაც მოახლოვდა, როცა საქართველომ ე.წ. მაჰმადიანი მესხების დაბრუნების პროცესი უნდა განახორციელოს. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ, როცა შესაბამისი კანონი უკვე ძალაშია და ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან არაფერი ისმის?
- რეპატრიაციის კანონში ე.წ. მაჰმადიანი მესხების დაბრუნების პროცესის ვადები ასე მარტივად გაწერილი არ არის. მისი მოქმედება არ ნიშნავს, რომ მათი ჩამოსახლების პროცესი რაღაც გარკვეულ დღეს უნდა დაიწყოს და დასრულდეს. კანონი მიუთითებს რეპატრიანტის სტატუსს, რომელიც ჩვენ 2011 წლამდე უნდა მიგვენიჭებინა მათთვის, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველებს უნდა მიემართათ იმ ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობების, საელჩოებისა და საკონსულოებისთვის, რომელ ქვეყნებშიც ისინი იმყოფებიან და შეევსოთ ანკეტები ინგლისურ–ქართულ ენებზე. ამ პროცედურის შესრულებით მათ საშუალება მიეცემოდათ, რეპატრიანტის სტატუსი მიეღოთ. რეპატრიანტის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მისი მფლობელი საქართველოში ჩამოსახლდება.
ამ დროისთვის რეპატრიანტობის მსურველთა რაოდენობა 7 ათასს აჭარბებს. ეს არ ნიშნავს, რომ 2011 წლიდან ე.წ. მაჰმადიან მესხთა ეს რაოდენობა საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლას გეგმავს?
- რაოდენობრივად ზუსტი მონაცემები ხელთ არ მაქვს, თუმცა, როგორც ვიცი, რეპატრიანტობის მსურველთა რაოდენობა ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც წლების წინათ იყო.
იქიდან გამომდინარე, რომ ე.წ. მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლება ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებაა, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ხელისუფლების მხრიდან ის ფორსირებულად განხორციელდეს, რაც ქართული რეალობისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს?
- პროცესი დაწყებულია და ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება სრულდება. რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 300–400 ათასი ადამიანიდან რამდენიმე ათასმა მოგვმართა. ამ რაოდენობიდან გარკვეული სელექცია მოხდება. ეს საკითხი საქართველოსთვის არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, როგორიც იდეაში შეიძლება ყოფილიყო. ჯერ ერთი, შესაბამის სტრუქტურებს მიმართეს ქართული მენტალიტეტისა და ძირის მქონე მოქალაქეებმა, იგივე "მაჰმადიანმა მესხებმა", როგორც ჩვენ ვუწოდებთ. თუმცა, არა მგონია, რომ ეს სახელწოდება ზუსტი შესატყვისია, რომელიც ასახავს ამ კატეგორიის ყველა ადამიანის ეთნიკურ წარმომავლობას. "თურქი მესხი" ან "მაჰმადიანი მესხი" ჩემთვის გაურკვეველი ტერმინია, ამიტომაც განვმარტავ ასე, რომ რეპატრიანტის სტატუსის მიღებისა და საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლის სურვილით, შესაბამის სტრუქტურებს ძირითადად იმ ადამიანებმა მიმართეს, ვინც თავს ქართველად მიიჩნევს. როგორც ვიცი, სახელმწიფო მათი გადაწყვეტილების განხორციელების პროცესში ინდივიდუალური იქნება. ფორსირებული წესით მათი ჩამოსახლება გამორიცხულია.
ვის შეიძლება ჰქონდეს დღეს აზრი, რომ ქართული სახელმწიფო მზად არის, ერთიანად 7 ათასი ადამიანი მიიღოს და საცხოვრებელი პირობები შეუქმნას, როცა ჩვენ თვითონ ათეულ ათასობით შიდადევნილი საკუთარი მოქალაქე გვყავს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა ითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანას რეალურად აქვს. ის თავად გვიყოფდა ფინანსებს შიდა დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების წინაშე მძიმე პასუხისმგებლობა აკისრია, მათ შორის არიან აფხაზეთის ომის შემდგომი დევნილები და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამატებული იძულებით გადაადგილებულები, რომელთა რაოდენობა 30 ათასამდე აღწევს. მთავარია, რომ ვალდებულებას ვასრულებთ.
ბოლო წლების განმავლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვადებმა არაერთხელ გადაიწია. შეიძლება თუ არა დღეს გარანტირებულად ითქვას, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ყველანაირად მზად არის ე.წ. მაჰმადიანი მესხების პრობლემის დასარეგულირებლად?
- ვადების გადაწევა თვითონ მათი თხოვნაც იყო. პირადად ჩემთანაც იყვნენ მოსულები და ანკეტების შევსების კანონით განსაზღვრული ვადების შეცვლა მთხოვეს. მათი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ რეპატრიანტის სტატუსის მიღების მსურველთა განსაკუთრებული რაოდენობრივი მატება არ ყოფილა. ძირითადი მასა ამ ადამიანებისა ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობენ და რომ გითხრათ, მათ განსაკუთრებული სურვილი აქვთ, შეიცვალონ ეს გარემო და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდნენ, აღარ აქვთ. შეიძლება წლების წინათ, 300–400 ათას კაცს ჰქონდა ჩამოსახლების სურვილი, მაგრამ მათ ყველა სამართლებრივი ბერკეტი გაუშვეს ხელიდან რეპატრიაციის სტატუსის მისაღებად. ეს მათი პრობლემაა. როცა თავად არგუმენტად ასახელებენ, რომ ქართული და ინგლისური ენები არ იციან და არ შეუძლიათ დოკუმენტაციის შევსება, ბუნებრივია, სახელმწიფო არ არის ვალდებული, ზედმეტი პრობლემა შეუქმნას საკუთარ თავს. სამართლებრივი ბაზა წესრიგშია და რეალური საფრთხე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეიძლება საფრთხე შეექმნას, არ არსებობს.
თუკი სახელმწიფო მზად არის, რატომ არ არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პროცესისთვის საჭირო ფინანსები?
- 2011-2012 წლებში რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს მათი დაბრუნების დაწყებას. ჯერ ხდება ინდივიდუალური განხილვა, რომელსაც ერთი და ორი დღე არ სჭირდება. განსახლების პროცესი მას შემდეგ დაიწყება, როცა სახელმწიფოს საამისო სახსრები ექნება. არა მგონია, ამ ორ წელიწადში ე.წ. მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლება დაიწყოს.
მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოში მათი განსახლების პროცესმა ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში დემოგრაფიული გარემოს შეცვალზე იმოქმედოს?
- არსად არანაირი დემოგრაფიული სურათი არ შეიცვლება, რადგან, ძირითადად, ვინც ანკეტის შევსება მოახერხა და შემდგომში სტატუსის მიღების კანდიდატი გახდა, ეს არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ქართული იდენტიფიკაცია აქვთ. შეუძლებელია, ე.წ. მაჰმადიანი მესხების საქართველოში განსახლებით რაიმე ნეგატიური სურათი შეიქმნას, მით უმეტეს, რომ საბოლოო ჯამში მათი რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, შესაძლოა, 2.000 კაცს არ აღემატებოდეს.