შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 6 პირი: 1968 წელს დაბადებული მაია მ, 1959 წელს დაბადებული გოჩა ტ, 1960 წელს დაბადებული ალექსანდრე მ. და 1977 წელს დაბადებული ცირა მ. – თბილისში, ხოლო 1969 წელს დაბადებული ლალი ხ. და 1972 წელს დაბადებული ირმა ი. ფოთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები თბილისსა და ფოთში, მათ მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა სასტუმროს ოთახებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ სისტემატურად უთმობდნენ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის.

სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

ექვსივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).