რესპუბლიკის მოედნის განვითარების საკითხი გაურკვეველია. მოედანი, რომელიც საბჭოთა საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალური იყო, რადგან იმდროინდელ საქართველოში აღლუმების ჩასატარებლად თბილისს გამორჩეული ადგილი სჭირდებოდა, დღეს თითქმის უფუნქციოა.
თბილისელი არქიტექტორები აცხადებენ, რომ ძველი „ივერია" ბევრად უფრო კარგად ჯდებოდა თბილისის არქიტექტურაში, ვიდრე დღევანდელი „რედისონი".
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 10 აპრილს ე.წ. ანდროპოვის ყურების ნგრევა დაიწყო, ხოლო იმავე წლის 5 მაისს კი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სასტუმრო „მერიოტში" რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის ხუთ პროექტს გაეცნო. მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წლის დამდეგს რესპუბლიკის მოედანი სრულიად განახლებული, თანამედროვე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა, თუმცა დამტკიცებული პროექტი მერიაში დღემდე არ დევს.
საგულისხმო ისიც, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვარდების მოედანზე მდგარი დავით აღმაშენებლის ძეგლი 2005 წლის ოქტომბერში დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, გადაიტანეს, რასაც თბილისელთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
ძეგლის დედაქალაქის გარეუბანში გადატანის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყაზახმა ინვესტორებმა სასტუმრო „ივერიისა" და რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს.
როგორც „რეზონანსთან" საუბრისას არქიტექტორები აცხადებენ, მოედნის მშენებლობით მოხდა მცდელობა ქალაქის ბუნების შეცვლისა. თუ რა ეტაპები გაიარა მაშინდელი რესპუბლიკის, დღევანდელი ვარდების რევოლუციის მოედანმა და რა სახეცვლილებით მოვიდა დღემდე, ამ საკითხებზე „რეზონანსი" არქიტექტორებს ლადო ვარდოსანიძეს და კოკა ამირეჯიბს ესაუბრა.
არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე (კოკა) ამირეჯიბი:
„რუსთაველის გამზირზე თავიდან იყო ე.წ. „მოსკოვის ხევი", რომელიც ჩამოდიოდა მთაწმინდიდან - დაახლოებით მაყაშვილის ქუჩა რომ იწყება, მერე პაპანინის ქუჩა რომ იყო, მოუყვებოდა მას და კვეთდა იმ ადგილს, სადაც მელიკ აზარიანცის შენობა დგას და ჩადიოდა მტკვარზე. ფაქტობრივად, ეს იყო ძალიან ღრმა ხევი.
ეს იყო ბუნებრივი საზღვარი, რომელიც ფაქტობრივად ყოფდა ძველი თბილისის ორ უბანს - მთაწმინდას და ვერას. ჩამოყალიბდა ჯერ კვანძი, რომელზეც ახლა მეტრო "რუსთაველია".
ახლა რომ იწყება მ. ჯავახიშვილის დაღმართი (ყოფ. ელბაქიძე), მანდ იყო ცნობილი ზემელის აფთიაქი. ზემელი იყო გერმანელი, რომელმაც გააკეთა აფთიაქი და ეს ტოპონიმი დღემდეა შემორჩენილი, თუმცა ბევრმა არ იცის, რატომ ჰქვია ზემელი. მერე უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გასაბჭოების მიჯნამდე ფორმირდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქგეგმარებითი კვანძი.
მანდ აშენდა მელიკ აზარიანცის საცხოვრებელი სახლი, რომელიც თავის დროზე ძალიან თვალსაჩინო ნიმუში იყო ე.წ. მოდერნის სტილის არქიტექტურისა და მან შექმა ეს კუთხე, რომელმაც ე.წ. მოსკოვის ხევი ჩაკეტა.
შემდეგ უკვე საბჭოთა პერიოდში აშენდა დღევანდელი მეცნიერებათა აკადემიის შენობა (ყოფილი საქ. ნახშირის შენობა). ასე ჩამოყალიბდა ეს მნიშვნელოვანი კვანძი, მის უკანა მისასვლელთან რუსთაველის გამზირი აკეთებდა ძალიან საინტერესო მოხვევას. ახლა სადაც დგას ტელეგრაფის შენობა, მანდ იყო რიგი საცხოვრებელი სახლებისა, რომელიც ძალიან რბილად გადადიოდა ამ შესახვევში. კუთხეს იქ ამთავრებდა ცნობილი კაფე „მეტრო" - ე.წ. 60-იანი წლების არქიტექტურის საინტერესო ნიმუში, რომელიც მაშინ აიღეს, როცა დაიწყო სასტუმრო „ივერიის" მშენებლობა".
არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე სასტუმრო „ივერიის" მნიშვნელობასა და იმდროინდელ საჭიროებაზე გვესაუბრა:
„რესპუბლიკის მოედნის რადიკალური რეკონსტრუქცია პრაქტიკულად დაიწყო მაშინ, როდესაც თბილისმა შეიძინა განვითარების ახალი იმპულსი. აშენდა სასტუმრო „ივერია" - პრაქტიკულად პირველი მაღლივი სასტუმრო თბილისში, რომელიც იყო საერთო საბჭოთა კავშირის პოლიტიკის ანარეკლი, რომ თითო მაღლივი სასტუმრო უნდა ყოფილიყო მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებში. ასეთი იყო, მაგალითად, ვილნიუსში „ლიტვა", რიგაში „ლატვია", ტალინში „ვირუ", ერევანში „ანი" და თბილისში „ივერია". „ივერია" იყო ამ თვალსაზრისით ეტაპური ობიექტი და არ იყო ცალკე დადგმული შენობა, არამედ გარკვეული ანსამბლის ელემენტს წარმოადგენდა.
განაშენიანება გარშემო საერთოდ უგულებელყოფილია, ანსამბლურობა თავისი ფილოსოფიით ჩადის მტკვრამდე კასკადები, შადრევნები, ხდება ტერასირება და ა.შ. შემდეგ რაღაცა ფუნქციებით დაიტვირთა - გაკეთდა მიწისქვეშა რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, სხვა მსგავსი ობიექტბი, მაგრამ ამან არ იმუშავა“.
თუ როგორ ჯდებოდა არქიტექტურულად სასტუმროს შენობა ძველი თბილისის იერსახეში და რა დეტალები უზრუნველყოფდა ამას, არქიტექტორმა კოკა ამირეჯიბმა „რეზონანსთან" ისაუბრა:
„სასტუმრო „ივერია" 60-იანი წლების ბოლოს თავისი დროის ძალიან საინტერესო ნიმუში იყო, ინტერნაციონალური სტილის არქიტექტურის ნიშნები ჰქონდა და მიუხედავად ბევრი კამათისა, მაინც მიჩნეული იყო წარმატებულ ნაგებობად თბილისის არქიტექტურაში.
იგი შევიდა ყველა სახელმძღვანელოში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ობიექტი. მისი ღირსებები, შეიძლება ითქვას, იყო იმაში, რომ ის, მიუხედავად დიდი გაბარიტებისა, არ ტვირთავდა და არ თრგუნავდა იმ ადგილს დიდი მასით.
ამას ხელს უწყობდა ზურმუხტოვანი ფირუზის ფერი. სასტუმრო ბოლნისის ტუფით იყო მოპირკეთებული, რომელიც მთაწმინდის ფონზე კარგად იკითხებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ გახდა დომინანტი, თბილისის ხატი, სიმბოლო, როგორც არის მთაწმინდა, მეტეხი...
მშენებლობის პროცესი გრძელდებოდა და სასტუმრო „ივერიის" წინ და მელი კაზარიანცის უკან ახალი მოედნის შექმნა იყო შემდეგი".
„რუსთაველის გამზირს რომ დააკვირდეთ, ვნახავთ, რომ არ არის რეიშინით გავლებული ხაზი. ასეთი გეომეტრიზმი თბილისის ბუნებაში არ არის. მისთვის უფრო პლასტიკა, უფრო პატივისცემა რელიეფის მიმართ არის დამახასიათებელი და ამიტომ არის, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსთაველის გამზირს, ყოფილი გოლოვინის პროსპექტს. განსაკუთრებით სასტუმრო „თბილისს" სწორედ იმ ფასადის პლასტიკური ხაზის გამო, რომელიც ძალიან ესთეტურად უხვევს ქვევით ქუჩისკენ და იქაც აგრძელებს ამ პლასტიკას". - აცხადებს ამირეჯიბი.
მოედნის მშენებლობის შემთხვევაში მოხდა ქალაქის ბუნების შეცვლის მცდელობა, რაც გამოიხატა გავლებულ სწორ ხაზში, რომელიც სასტუმრო „თბილისიდან" გასროლილ ტყვიასავით „შეიჭრა" რესპუბლიკის მოედანზე. შემდეგ გაისროლა ამ ხაზმა და მოარტყა მეორეხარისხოვან განაშენიანებას - გიორგი ახვლედიანის ქუჩას, (მაშინდელი პეროვსკაიას ქუჩას). როგორც არქიტექტორები საუბრობენ, ეს არ არის ის სტატუსი შენობისა, რომელიც ეკუთვნის ცენტრს.
„მოედნის მშენებლობის ინიციატორები იყვნენ ე.წ. „კარის არქიტექტორები", რომლებმაც შესთავაზეს ედუარდ შევარდნაძეს მოედნის მშენებლობის იდეა, რაზეც უარი არ მიუღიათ, ვინაიდან იმდროინდელ საქართველოში აღლუმების ჩასატარებლად თბილისს სჭირდებოდა ერთი გამორჩეული ადგილი. მანამდე მსგავში შემთხვევებისთვის იყენებდნენ თავისუფლების მოედანს, მთავრობის სახლის წინა ტერიტორიას, სპორტის სასახლის წინა მხარეს. ანუ, ქალაქი ეძებდა ადგილს ტოტალიტარული იდეოლოგიის კონტექსტში და მოიძებნა კიდეც". - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
საბჭოთა საქართველოში მოხდა ასეთი რამ - კოლექტიური პროტესტი განაცხადეს არქიტექტორებმა მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით. შედგა პეტიცია, მოეწერა ხელი, მაგრამ არქიტექტორები ვერაფერს გახდნენ.
„ინტელიგენციის ერთ-ერთმა ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენელმა იმდროინდელ პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძეს მიმართა. გადმოცემით ვიცი, ამ თვალსაჩინო აკადემიკოსმა ხელოვნებათმცოდნემ მიიღო აუდიენცია შევარდნაძესთან და უთხრა, რომ ამ ტერიტორიაზე მოედნის აშენება არ იყო მიზანშეწონილი. ამბობენ, ბატონი ედუარდი ძალიან შეწუხდა, მაგრამ
„მანქანა" ამოქმედებული იყო და დაწყებული პროცესები ვეღარ შეჩერდებოდა.
ხალხმა მოედანს ვარდისფერი მოედანი დაარქვა, რაც მინიშნება იყო ჩვენი საზოგადოებიდან: აი, თქვენ აკეთებთ მოსკოვის წითელი მოედნის ანალოგს თბილისში, მაგრამ ვარდისფერი მოედანია და არა წითელი", - გვიამბობს ლადო ვარდოსანიძე.
იდეა თავისთავად იყო საინტერესო იმით, რომ ქალაქი იღებდა ახალ, საინტერესო მოედანს, რომელსაც ჰქონდა გახსნა ქალაქის პანორამაზე, მარცხენა სანაპიროთი ხდებოდა ჩართვა ქიაჩელის და მაშინდელი პეროვსკაიას ქუჩებისა.
„რუსთაველთან ვიწრო ყელი, რომელიც ჩამოყალიბდა მელიკ აზარიანცის და მაშინდელ საქ. ნახშირის შენობას შორის, ვეღარ ატარებდა ტრანსპორტს და ეს მოედანი მოეხმარა, მან გახსნა ეს კვანძი და ტრანსპორტმა უფრო თავისუფლად გაიარა თბილისის ფილარმონიისკენ სამივე ქუჩით: კოსტავათი, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩებით.
პროექტში წარუმატებელი აღმოჩნდა მიწისქვეშა სივრცეები, რომლებმაც ვერ იმუშავა იმ მასშტაბით, როგორიც ჰქონდა ჩაფიქრებული ავტორს. მაინც მეტი მოლოდინი იყო, როგორც ჩანს, რომ უფრო აქტიური ცხოვრება იქნებოდა მიწისქვეშა სივრცეებში, მაგრამ თბილისისთვის ეს აღმოჩნდა უცხო სხეული, რადგან, ასე ვთქვათ, თბილისელები მაინცდამაინც არ მიილტვიან მიწის ქვეშ. იმდენი სივრცე აქვთ მიწის ზევით, რომ არ აინტერესებთ 3 და 4 დონეზე მიწის ქვეშ ჩასვლა.
მიწისქვეშა სივრცე სრული პოტენციალით არ არის ჩართული ქალაქის სტრუქტურაში ისე, როგორც უნდა იყოს, რომ მოხდეს მისი გამოყენება ისე, როგორც ეს ხდება ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში". - კოკა ამირეჯიბი.
როგორც არქიტექტორები „რეზონანსთან" საუბრობენ, ცოტა წარუმატებელი აღმოჩნდა თაღების გაჩენა მოედანზე. მიზანი იყო საზეიმო ვითარების, განწყობის შექმნა, თაღები უნდა გალამაზებულიყო თეთრი მარმარილოთი, დიდი ზარებით, მასშტაბური სიმბოლიზმი - ასე ვთქვათ, მთელი რესპუბლიკის სამრეკლო უნდა ყოფილიყო და მელიკ აზარიანცის უკანა ფასადი უნდა დაეფარა. როგორც აღმოჩნდა, არც ერთი ამოცანა არ იყო ჯანსაღი თავის ჩანაფიქრში.
„მელიკ აზარიანცის სახლი, როგორც ისტორიული შენობა, ღირებულია თავისი ფასადებით - ქუჩის მხრიდან დეკორით გამდიდრებული ფასადი და ეზოს მხრიდან თბილისური იარუსებიანი აივნები - იმ ეპოქაში ძალიან მიღებული.
აივნების თაღებით დაფარვა, ჩემი აზრით, არ იყო სწორი, მით უმეტეს, პათოსი ამ თაღებისა აღმოჩნდა გაუგებარი. ვერ მიიღო ის სიმბოლური დატვირთვა, მარტივად რომ თქვათ, თბილისელებს რომ შეეყვარებინათ. ხალხმა „ანდროპოვის ყურები" დაარქვა. ალბათ თაღების მოხსნის გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ ახლა მოვედით იმ საკითხამდე - რა უნდა გაკეთდეს". - ამბობს კოკა ამირეჯიბი.
„იყო რაღაც წინაამდეგობები, თუნდაც ის, რომ რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა ჩვენი უდიდესი მონარქის დავით აღმაშენებლის ძეგლი. ასე ვთქვათ, მონარქი და რესპუბლიკა უკვე ეს სემანტიკური წინააღმდეგობაა. ამაზე მაშინ არ ფიქრობდნენ. როდესაც ძეგლის გადატანის საკითხი დადგა, ეს სემანტიკური კონფლიქტი მოიხსნა. მაგრამ ძალიან ცუდი მეთოდით გადაიტანეს". - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.
„ალბათ რამდენიმე სიტყვით სასტუმრო „რედისონზეც" უნდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „რედისონი" ევროპული სტანდარტებით აშენდა, ის მაინც აგებს „ივერიასთან" და იცით რაში? - მე ვიტყოდი მაღალი ხარისხის ინტერიერები მივიღეთ ამ შენობაში.
როგორც არქიტექტურული ნაგებობა, ძლიერია „ივერია". მიუხედავად იმისა, რომ ინტერნაციონალურ სტილში იყო გადაჭრილი, ჰქონდა თბილისური არქიტექტურის ნიშნები - გახსნილობა ბუნებაზე, აივნები, ეს არის ხედები, პანორამები ყველა მხრიდან, ფერი, ჩვენებური იერსახე ჰქონდა.
მე ვთვლი, რომ სასტუმრო „ივერია" მაინც 60-70-იანი წლების თბილისის ძეგლია და ვფიქრობ, ცუდია, რომ დავკარგეთ. ისევე, როგორც იმელის შენობა ცოდოა, რომ დავკარგოთ, თავისი დროის ძეგლია, რომელიც არ გამეორდება, ისევე როგორც პიონერთა სასახლე, ახლანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და სხვა. ყველა ეპოქა თავის ნიშანს ტოვებს ქალაქის სტრუქტურაში და რაც უფრო მდიდარია ქალაქის გარემო ამ ნიშნებით, მით უფრო მიმზიდველია.
რაც შეეხება „რედისონს", მისი ფერი - ბადრიჯნისფერი ცოტა მიუღებელია თბილისისათვის, არათბილისურია, ისტორიულ ადგილებზე შენობებს მაგ ფრად არ ღებავდნენ. ასევე შენობა არის დახურული - არც ფანჯარა, არც აივანი, მხოლოდ ხელოვნური მიკრო კლიმატი, ჩაკეტილი საკუთარ თავში. აი, ეს გარემოსთან დაპირისპირებაა. არატრადიციულია ძველი თბილისისათვის მსგავსი შენობა. სადმე ახალ რაიონში შეიძლება, არანაირი პრეტენზია არ მექნებოდა.
გახსნილობა, რბილი გადასვლა გარემოსთან, კლიმატთან, რაღაც სხვანაირი ურთიერთობა, შუქჩრდილები - აი, ამას მოკლებულია ეს შენობა. თითქოს ის გვეუბნება, რომ ნუ მოხვალ ჩემთან, ნუ მომეკარები. რაღაც ასეთი არის ამ შენობაში, რაც არათბილისურია.
ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი რიგი მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართისა დანგრეულია. მარტო ერთი ჯავახიშვილის სახლი დარჩა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შენობაა. მე მაგ რიგის რესტავრაციას გავაკეთებდი და ის იქნებოდა ერთ-ერთი კოლორიტული უბანი თბილისში“.