რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მან არაფერი იცის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის განზრახვაზე - მიბაძონ ყირიმს და შეუერთდნენ რუსეთს. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს სერგეი ლავროვის კომენტარი? და რას ფიქრობენ ამის შესახებ თბილისში?
დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმზე, რომელშიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვეს შეკითხვა - რამდენად გამართლებულია პარალელების გავლება აფხაზეთსა და აწ უკვე რუსეთთან მიერთებულ ყირიმს შორის. სერგეი ლავროვმა თავის პასუხში აფხაზეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთიც მიუმატა:
”მე არ მსმენია, რომ აფხაზ ხალხს, აფხაზეთის ხელისუფლებას წამოეყენებინოს საკითხი, რომ მისდიონ ყირიმის გამოცდილებას. არ არის ასეთი განწყობები - მე არაფერი ვიცი მათ შესახებ. მე მექნება შეხვედრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ისინი მოსკოვში არიან - ჩვენ სამუშაო შეხვედრები გვექნება ... მაგრამ მე ასეთი განწყობების შესახებ არაფერი მსმენია. ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის არჩევანს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მათი ხალხების მიერ არჩეული კურსის რეალიზებაში”.
სერგეი ლავროვის მიერ ნახსენები შეხვედრა პარასკევს, მართლაც, შედგა მოსკოვში, რომელზეც ვიაჩესლავ ჩირიკბა და დავით სანაკოევი რუსეთის საგარეო უწყებამ დააჯილდოვა მის წიაღში არსებული უმაღლესი ჯილდოთი ”საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის”. მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრაზე ერთად წარდგნენ, სადაც სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს საერთაშორისო კონსულტაციათა 2014-2015 წლის გეგმებს. ითქვა, რომ საერთაშორისო სარბიელისთვის გამიზნული თანამშრომლობის გეგმები, უპირველეს ყოვლისა, შეეხება რეგიონალურ პრობლემატიკას, საგარეო კონტაქტებს და საკითხებს, რომლებიც აღელვებს კავკასიის რეგიონს, თუმცა სამეულის ერთობლივ ბრიფინგზე აღარ გაკეთებულა განცხადებები ყირიმის მიბაძვასთან დაკავშირებით.
აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსეთთან მიერთების იდეას არცთუ ცოტა მომხრე ჰყავს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სადაც ამ საკითხზე რეფერენდუმი ორჯერ ჩატარდა: პირველი - 1992 წელს, ხოლო მეორე - 2006 წელს.
კიდევ ერთი რეფერენდუმის საფრთხის საკითხი 10 აპრილს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზეც წამოიჭრა. სხდომაზე, სადაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობდნენ, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა გააფრთხილა კოლეგები, რომ რუსეთი არ გაჩერდება:
”ამ დღეებში იქნება ახალი რეფერენდუმი - კანონიერად წოდებული სამხრეთ ოსეთში. სამხრეთ ოსეთი შეუერთდება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთს. ჩვენ კი მერე ვიტყვით: არა უშავს, დიდი ამბავი - საქართველომ ამჯერად უკვე სამუდამოდ დაკარგა თავისი რეგიონი, რადგანაც რუსეთისთვის ჯერ არავის არაფერი არასოდეს არ წაურთმევია”.
რუსეთთან მიერთების სურვილით ე.წ. სამხრეთ ოსეთში კიდევ ერთი, რიგით მესამე, რეფერენდუმის ჩატარებაზე ლაპარაკი წლის დასაწყისში პოლიტიკური პარტია ”ედინაია ოსეტიას” თაოსნობით დაიწყო და, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ ლაპარაკმა გარკვეული აქტუალურობა, მართლაც, შეიძინა, თუმცა ამას მოსკოვის მხრიდან აქტიური შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია.
პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძისთვის ცხადია და ის ამას ჩვენთან საუბრისასაც აღნიშნავს, რომ მოსკოვში საქართველოს ამ ორი რეგიონის მიერთების საკითხს სერიოზულად არ განიხილავენ, თუმცა ეს საკითხი სამომავლოდ სავაჭრო თემად იქნება გამოყენებული:
”დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში წავა ვაჭრობა ამითი, რომ თუ არ მოიქცევი ჭკუით, ჩვენ ამ რეგიონებს მივიერთებთ. ასეთი რამ ძალიან დამახასიათებელია რუსეთისთვის. ეს სტილია მისი”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, თუ რას იფიქრებს და იტყვის სერგეი ლავროვი უკანონო რეფერენდუმების გამართვასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აღნიშნავს, მთავარია, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით სარგებლობს.