"ციხეებში თამაში და პირადი ანგარიშსწორებები დაიწყო"

"მე ინფორმაციები მაქვს კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით, თამაშის განახლება დაიწყო ახლახან გლდანის მერვე დაწესებულებაში. ქუთაისი ციხიდან დამიკავშირდა პატიმარი ვასაძე, რომელსაც გლდანის მე-8 ციხის დირექტორის მოადგილემ ზურაბ მოდებაძემ კონკრეტულ პატიმარზე დავალება მისცა, რომ ფული მოეგო. ვასაძემ ფარულად გააფრთხილა პატიმარი რომლისთვისაც ფული უნდა მოეგო და ამ დავალების შეუსრულებლობისთვის ციხის ადმინისტრაციამ პატიმარი ვასაძე სასტიკად სცემა და გლდანის ციხიდან ქუთაისის ციხეზე გაამწესა. ის გლდანის ციხეში სცემა გიორგი ფიფიამ, რომელიც ადმინისტრაციაში მუშაობს. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა გიორგი ინაური, გლდანში უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ციხეებში პირადი ანგარიშსწორებებიც დაიწყო", - აცხადებს ჟირნალისტი და უფლებადამცველი კოტე ინაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ციხეებში პირადი ანგარიშსწორებები დაიწყო"

"ახალი უნიათო ხელისუფლება სამოქალაქო ომის საფრთხეებს ქმნის. ყველა ხედავს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაძარცვული ქართველი ერი და მოპარული მილიარდები "ნაცკრიმინალების" ხელშია, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის. "ზონდერი", ჯალათი და მსხვერპლი ერთად დადის ქუჩაში. ყველა "ზონდერი" დაწინაურებულია და არა მარტო, შსს-ს მაღალ თანამდებობებზე არიან ისევ. სასჯელაღსრულების სისტემა ერთ-ერთი ბომბია, საიდანაც შესაძლოა ეს არეულობა დაიწყოს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკადრო პოლიტიკას აწარმოებს უშუალოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი დარბაისელი - ის თავისნაირებს ნიშნავს უწყებაში, რომ ადვილად მართოს ციხეები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ინაშვილი.

"თამაშის განახლების ფაქტი ვაცნობე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძეს. მან მითხრა, რომ საქმე არძრულია გენერალური ინსპექციის მიერ და გრძელდება გამოძიება. პატიმარი უკვე დაკითხულია და გადაყვანილია ქუთაისის ციხეში. ამ იძულებითი თამაშებით ხეირობს ციიხის ადმინისტრაცია, რადგან მათ სჭირდებათ ე.წ. გაფუჭებული პატიმრები. პატიმრის გაფუჭებაში არის კონკრეტული ინტერესები. გაიხსენეთ, როგორ მოკლეს ფარტენაძე. რატომ გადაიყვანეს გეგუთში სამუდამომისჯილი პატიმრები და მძიმე დანაშაულში ბრალდებულები? დახურული ტიპი დაწესებულებიდან ღია ტიპისაში რატომ გადაიყვანეს, რატომ ხდება ეს? ეს უნდა ვკითხოთ დიმიტრი დარბაისელს, რომლის უშუალო ბრძანებითაც მოხდა ამ პატიმრების შერევა. ამ ადამიანებს დასაკარგავი არაფერი აქვთ, სამუდამო პატიმრობა აქვთ, ამიტომ კომფორტულად გრძნობენ თავს იქ, სადაც არიან და შესაბამისად დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებას ასრულებენ - კლავენ ხალხს, უგებენ ფულს და ა.შ." - განაგრძობს რესპონდენტი.

"იქ ფული არაა მოძრაობაში, ბარათები აქვთ პატიმრებს, სადაც ერიცხებათ ფული და ამ "თავანს" სიგარეტის სახით ან სხვა ფორმით აბარებს, მაგალითად, პროდუქტის სახით. არაა გამორიცხული გარეთაც ვინმემ ჩაუბაროს. ვინც არ გადაიხდის, ის ცუდი სახელით სარგებლობს და ე.წ. გაფუჭებულად ითვლება, ასეთად ყოფნა კი არავის უნდა და იხდიან. დარბაისელი პირადად ერევა ყველა საკითხში, რაც ციხეებში ხდება", - დასძენს კოტე ინაშვილი და შეკითხვას - "კი მაგრამ, სუბარი რატომ არ იღებს გადაწყვეტილებებს? დიდი ხანია დარბაისელზე მიდის საუბარი, მაინცდამაინც ხალხი უნდა გააუპატიურონ, რომ ჩაერიოს..." - პასუხობს:

"სუბარი არის უთავმოყვარეო კაცი, არ ჰყოფნის იმდენი ვაჟკაცობა თქვას, რომ ვერ ართმევს თავს მოვალეობას. დეპარტამენტს 12-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე თავად სამინისტროს. შესაბამისად, დიმიტრი დარბაისელი უფროა მინისტრი, ვიდრე სუბარი. ის ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ არც კი ეკითხება მინისტრს. დარბაისელს შეუძლია არც კი შეუთანხმოს მინისტრს გადაწყვეტილება - ავტონომია აქვს. იცით, რომ ის იყო სუს-ის ხელმძღვანელი და ისე დაუნიშნეს სუბარს, რომ სულ ფეხზე ჰკიდია მინისტრი. სუბარს კი რა უნდა - იღებს ხელფასს, ზის სამინისტროში და სულ არ კითხულობს არაფერს, რადგან იცის, ხელის არ მიუწვდება არაფერზე. რეალურად, მინისტრი დარბაისელია. სუბარს არ აინტერესებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო გამართული სტრუქტურა იქნება თუ არა და სწორედ ეს არის საშიში ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის".

"იმის გასარკვევად, თუ რა მოიკვლია გენერალურმა ინსპექციამ, "ალიამ" რამდენჯერმე სცადა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაკავშირება, მაგრამ პრესსამსახურმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა", - აღნიშნავს გამოცემა.