შვეიკი სოხუმში ცხოვრობს

შვეიკი სოხუმში ცხოვრობს

- დიახ, ეს მართლაც ასეა, - თქვა სოხუმის ქართული თეატრის მთავარმა რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ, - საბჭოთა კავშირში იგი ყველაზე უტყუარი და ყველაზე გულადი შვეიკია. ეს გახლავთ ჩვენი თეატრის სრულიად ახალგაზრდა მსახიობი შოთა გაბელაია.

ჩეხური პიესების საკავშირო დათვალიერებაზე ჩვენმა „ყოჩაღმა ჯარისკაცმა შვეიკმა“ საპატიო დიპლომი მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა შემსრულებელმა - პირველი პრემია და ფულადი ჯილდო. ეს ჭეშმარიტად დიდი და სერიოზული გამარჯვებაა, რადგან საკავშირო დათვალიერებაზე ჩვენი ქვეყნის სამოცდაათზე მეტმა თეატრმა წარმოადგინა თავისი სპექტაკლები. ახლა, როცა ჩვენი თეატრი ოქტომბრის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ემზადება, მე გადავწყვიტე იგი ვათამაშო ვლ. მაიაკოვსკის „ბაღლინჯოში“.

კიდევ რა სპექტაკლებს მიუძღვნით საიუბილეო თარიღს?

- კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცებას“. მე წინდაწინ არ მიყვარს იმ სპექტაკლებზე ლაპარაკი, რომლებიც პირველად იდგმება ჩვენს სცენაზე. მე მგონი, „მთვარის მოტაცება“ მეტად აქტუალური და საინტერესო დადგმა გამოგვივა.

ამასთან ერთად საიუბილეო თარიღს მივუძღვნით ქართული სპექტაკლების დეკადას. მაყურებელი ნახავს გიორგი მდივნის „ძია მიშას“, გრიგოლ ბერძენიშვილის „მთაში ნათქვამს“, ოთარ ჩხეიძის „ძველ რომანსს“... და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ეს-ეს არის შევიტყვეთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ ჩვენი თეატრის სპექტაკლი „ძველი რომანსი“ თეატრების საკავშირო დათვალიერებაზე წარადგინა. ეს დათვალიერება კი დიდი ოქტომბრის რევოლუციის ორმოცდაათ წლისთავს ეძღვნება.