ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, უკრაინა, დამკვირვებლები და ქართველი „ქურდები", ეს თემა უკვე საერთაშორისო განხილვის თემა ხდება. ოპოზიციის მტკიცებით, შს მინისტრისა და ქართველი პარლამენტარის მიერ ერთ-ერთ ჩანაწერში ნახსენები „გია" და „ლაშა" უკრაინაში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდები - გია ხმელიძე და ლაშა შუშანაშვილი არიან. რაც შეეხება თარგამაძის ვინმე კონსტანტინესთან სატელეფონო საუბარს, „დაიცავი საქართველოს" წევრი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ის შსს-ს თანამშრომელია, რომელიც მივლინებულია საქართველოს საელჩოში უკრაინაში.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლება და უშუალოდ გივი თარგამაძე კომენტარს არ აკეთებს ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილი. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ქართველი „კანონიერი ქურდი" „ხმელო" უკრაინაში გივი თარგამაძის ბიზნესპარტნიორია. სანამ ხელისუფლება დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ოპოზიცია გივი თარგამაძის, სოდ-ის უფროსის ერეკლე კოდუასა და ვანო მერაბიშვილის „კანონიერ ქურდებთან" თანამშრომლობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ისინი ირწმუნებიან, რომ გივი თარგამაძე დონეცკში სადამკვირვებლო მისიაზე მოლაპარაკებას „კანონიერ ქურდებთან" გია ხმელიძესთან და ლაშა შუშანაშვილთან აწარმოებდა.
რა ბიზნესი აქვს უკრაინაში გივი თარგამაძეს? როგორ მოტეხა მერაბიშვილმა ნახევარი მილიონი? ვინ აკონტროლებს ნარკობიზნესს და ვინ ჩაიწერა სააკაშვილისა და ტიმოშენკოს საუბრები? ამ საკითხებთან დაკავშირებით „რეზონანსი" "დაიცავი საქართველოს" წევრს, გოგა ხაინდრავას ესაუბრა.
ბატონო გოგა, რას იტყვით ვანო მერაბიშვილის და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბარზე, რომელიც უკვე მოვისმინეთ. თქვენი აზრით, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ „კანონიერ ქურდებთან"?
- თავის დროზე გავაკეთე განცხადება, რომ ამათ ქურდები დაიჭირეს და მათი ადგილი დაიკავეს-მეთქი.
რატომ? ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ეს სამყარო გაანადგურა...
- რას ლაპარაკობთ, ვის სჯერა ამათი ზღაპრების. ქურდების გავლენის სფეროები საკუთარ ხელში ჩაიგდეს ამ არაფრის მაქნისმა ადამიანებმა, როგორებიც არის თარგამაძე, კეზერაშვილი, მერაბიშვილი. მათ რომ კავშირები ყოველთვის ჰქონდათ ამ სამყაროსთან და განსაკუთრებით იმ ნაწილთან, რომელიც ქვეყნის გარეთ იყო დარჩენილი, ეს ცნობილია და ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმაც გააკეთა განცხადება. ჩვენ ვიცოდით და ვიცით, რა კავშირები ჰქონდათ ტარიელ ონიანთან. ეს არის სააკაშვილის სახე, რომელმაც მეგობარი იუშჩენკო, შვილის ნათლია, ორ შაურად გაყიდა.
რა გავლენა აქვს დონეცკში „ხმელოს", რომელზეც თარგამაძე საუბრობდა?
- ძალიან დიდი გავლენა აქვს ხმელოს, ისევე, როგორც უკრაინაში სერიოზული გავლენა აქვს ლაშა შუშანაშვილს. რაც შეეხება იგივე მიშანიას, რატომღაც ყველამ ჩათვალა, რომ მიშაზეა ლაპარაკი, მაგრამ ასე არაა, ისიც ქურდია და ასეთი სახელით არის ცნობილი უკრაინაში. დიდი ხანია, ვლაპარაკობ, რომ ქვეყნის სათავეში დგანან კრიმინალები. ნახეთ, რომ არჩევნების დროს უამრავი კრიმინალი გამოუშვეს ციხიდან და გამოიყენეს, როგორც კრიმინალური, ასევე ნარკოტიკული სამყარო მათ სასარგებლოდ. მთავარი ნაკრობარონი საქართველოში არის ვანო მერაბიშვილი. ის არის ნარკოტრანზიტის მთავარი მფარველი.
ბატონო გოგა, ეს არის ბრალდება და თუ გაქვთ ამის მტკიცებულება?
- ეს არის დასაბუთებული ბრალდება. არის ძალიან სერიოზული მონაცემები, იგივე გაეროსა და ევროკავშირის კომისიების, სადაც პირდაპირ მოცემულია ციფრები, რაოდენობა და ტრანზიტი საქართველოზე გამავალი ნარკოტიკების. 300 ათასი ნარკომანია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 200 ათასი კაცი ყოველდღიურად მოიხმარს ნარკოტიკს. და თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამის შესახებ მერაბიშვილმა არაფერი იცის? ზუსტად იგივე მონაცემებით, ერთად-ერთი ქვეყანა, სადაც ნარკოტიკის ფასი ყველა ქალაქში სტაბილურია, არის საქართველო. ეს ნიშნავს, რომ მოწოდების წყარო ერთია. განგაშია ასატეხი და სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ ეს ხალხი.
რაც შეეხება მერაბიშვილისა და თარგამაძის სატელეფონო საუბრებს, ისინი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ვის შეეძლო, ეს საუბრები ჩაეწერა?
- ამას ვანო მერაბიშვილი განზრახ აკეთებს. ეს არის ფეესბეს ძალიან მაღალი დონის ოპერაცია, რომელშიც მერაბიშვილთან და თარგამაძესთან ერთად ჩართულნი არიან კრიმინალური ავტორიტეტები, ამათ ერთნაირი მენტალობა აქვთ. იანუკოვიჩს რომ მხარს დაუჭერ, ადამიანს, რომელიც ერთხელ ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს და მეორედ გაუპატიურებაზე, მას რომ ფავორიტად გაიხდი, ე.ი. ახლოს ხარ მის მენტალობასთან.
ამათი მოქმედებით წააგეს პროდასავლურმა ძალებმა. იანუკოვიჩს გარანტირებული აქვს მეორე ტურში მოგება მერაბიშვილის ხელით. ამ 2600 კაცით გაუტკეპნა გზა მერაბიშვილმა პრეზიდენტობისკენ იანუკოვიჩს. დესანტი გადასვეს უკრაინაში.
თქვენი აზრით, მერაბიშვილმა არ იცოდა, რომ მისი სატელეფონო საუბრები იწერებოდა?
- როგორ არ იცოდა, როცა სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე დგას ჩვენი ქვეყანა? თარგამაძეს ღიად ელაპარაკება, იულიას დაურეკე და თან სამჯერ ხაზგასმით ახსენა იულია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მერაბიშვილი ისეთი მიამიტი კაცია, ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ ლაპარაკს ჩაიწერდნენ? იცოდა, რომ იწერდნენ და სპეციალურად ლაპარაკობდა ამას. მაგრამ ამას ვინ ჭამს. ერთი კვირის წინ ტიმოშენკოს და სააკაშვილის ლაპარაკი ჩაიწერეს და არ იცი, რომ 5 დღის მერე შენს ლაპარაკს ჩაიწერენ? მით უმეტეს, რომ საერთაშორისო ხაზით ლაპარაკობ? ეს არის განზრახ გაკეთებული, რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურებთან ერთად, რომლებმაც ყველაფერს მიაღწიეს ამ ქვეყანაში, რაც უნდოდათ.
მაშინ, თქვენი აზრით, სააკაშვილის და ტიმოშენკოს საუბარი ვინ ჩაიწერა?
- ვინ და მერაბიშვილმა „ფეესბეს" დაკვეთით. დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილი უსმენს სააკაშვილს და ყველა მის გადაადგილებას იღებს, ამიტომაც ვერ იშორებს მას სააკაშვილი.
არის ინფორმაცია, რომ თითქოსდა „ხმელოს" და თარგამაძეს აქვთ ერთობლივი ბიზნესი უკრაინაში. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?
- ეს არაა ახალი ამბავი. ეს ყველასათვის ცნობილი ფაქტია და ამათი მთავარი კუდი არის ელჩი ქათამაძე. იქ მაქინაციებია ჩადენილი უძრავი ქონებისა და საელჩოს მშენებლობასთან დაკავშირებით, რას ამბობთ... სწორედ ქათამაძე არის მაგათი მთავარი დასაყრდენი. ეს დიდი ხანია, ვიცი, ისევე, როგორც დიდი ხანია, ვიცი, რომ მერაბიშვილი რუსეთის დაზვერვის ამოცანებს ასრულებს საქართველოში. ღიად ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილი არის რუსეთის დაზვერვის რეზიდენტი საქართველოში და ახლა უკვე უკრაინაშიც იგივე ბოროტებას აკეთებს, რასაც საქართველოში. სატელეფონო საუბრების გახმოვანება განზრახ მოხდა. ვინმე დაუშვებს იმას, თითქოს მერაბიშვილმა არ იცის, რომელი საუბრები იწერება, როცა თვითონაც იწერს? მაგისივე გავრცელებულია ეს ჩანაწერები.
ამ ჩანაწერში თარგამაძე ამბობს, რომ ძებნა გამოაცხადა ვინმე ლაშაზე, ვისზეა საუბარი?
- ლაპარაკია ლაშა შუშანაშვილზე, მას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს უკრაინაში. მერე კი შეეშინდა, დაფრთხა ეს საცოდავი თარგამაძე და თქვა, არა, ასე კი არ უთხრა, მე გავცხარდი და ავყევიო. როგორც კი მორჩება ეს აღვირახსნილობა და უბედურება, როგორ მოეკითხებათ მაგ საცოდავებს. ამ ადამიანებისგან ასეთი ქმედება არ მიკვირს, ისინი არ მალავენ, რომ მაფიოზები არიან. მაგრამ უბედურება ის არის, რომ მერაბიშვილი, სააკაშვილი და თარგამაძე იმავე გზებით მოქმედებენ.
ამბობენ, თითქოსდა „ხმელომ" დააფინანსა დამკვირვებლების ვიზიტები...
- ამათ წასვლას აფინანსებს მერაბიშვილი ნარკოტრანზიტიდან შემოსული არანორმალური თანხებით. წარმოგიდგენიათ, რა თანხებზეა საუბარი? 2 600 კაცზეა ლაპარაკი. მაგრამ, არალეგალურად რამდენი ადამიანი ჰყავთ ამ საქმეში, ჩართული ვინ იცის. 8 ათასი კაცით ჩავალთ და დავაქცევთ დონეცკსო, ამას ლაპარაკობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში უდგას სააკაშვილი.
მერაბიშვილსაც აქვს უკრაინაში ბიზნესი?
- აბა, რა. იცოდეთ, რომ მერაბიშვილს აქვს ყველაზე მეტი ფული. უკრაინაში წინა არჩევნებზე აქედან უნდა გაეგზავნათ მილიონნახევარი. მერაბიშვილის მძღოლს გაატანეს ეს ფული და აეროპორტში უნდა წაეღო. მერაბიშვილთან შეიარა მძღოლმა და აეროპორტში მილიონი მივიდა, ნახევარი იქვე მოხსნა მერაბიშვილმა. სხვათა შორის, ეს ირაკლი ოქრუაშვილმა მიამბო. პირველი, რაც გააკეთა ვანო მერაბიშვილმა აჭარაში აბაშიძის წასვლის მერე, ის იყო, რომ გიორგი აბაშიძის ბუნგალო თავის ცოლს გადასცა და ბიგ თაკო დააყენა მენეჯერად. დღეს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცი მერაბიშვილია, ყველაზე მეტი ფული მაგას აქვს გატანილი ქვეყნიდან.
თარგამაძე საუბრობს ვინმე კონსტანტინესთან, ვინ არის ეს ადამიანი, სავარაუდოდ?
- ეს ბატონი კონსტანტინე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-ს თანამშრომელია, რომელიც მივლინებულია საელჩოში.