მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პირების მიერ გაკეთებულ კომენტარებს, თითქოს ეს პროექტი არის წინასაარჩევნო ბლეფი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს განცხადებები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან თბილისის საკრებულოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. თუ გაინტერესებთ, ბლეფი იყო 2008 წელს გიგი უგულავა ხელჩაკიდებული რომ დაატარებდა უკვე გაკოტრების პირას მისული დეველოპერული კომპანიის მფლობელს, რუსუდან კერვალიშვილს და სამგორის რაიონის მოსახლეობას ხმების სანაცვლოდ „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟს ჰპირდებოდა. მე, ეს ამბავი კარგად მახსოვს, რადგან მოგეხსენებათ, სამგორის მაჟორიტარი ვარ და ამ რაიონის პრობლემებს კარგად ვიცნობ. ბლეფი იყო ასევე, როდესაც იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩნენ, მერია ასევე წინასაარჩევნოდ აზომვით ნახაზებს უკეთებდა და თითქოს ფართების დაკანონებას აპირებდა და ტყუილებით კვებავდა. ამჟამად „ხრუშჩოვკების“ თემის ნეგატიური კუთხით წარმოჩენა და ჩემი სახელის და გვარის დემონიზაცია ამ უმნიშვნელოვანესი თემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად იმ ადამიანებს შორის, ვისაც მწვავედ უდგას საცხოვრისის ავარიულობის პრობლემა და ჩვენს მიერ ამ თემის გაჟღერების შემდეგ გაუჩნდათ იმედი, რომ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს დაიწყებს ამ პრობლემის გადაწყვეტას. ჩვენ სწორედ ვუდგებით საკითხს, ვახდენთ პრობლემის აქტუალიზაციას. ჩვენი ოპონენტების მიერ ერთი ინვესტორის სახელის ტრიალიც ფარსია, რადგან ჩვენ ექვს ასეთ ინვესტორს ვესაუბრეთ და ვაპირებთ კიდევ ორს ვესაუბროთ. ჩვენი მიზანია ამ პროექტის დასაწყებად მეტი მონაწილე სუბიექტი გავაჩინოთ, რათა მათგან საუკეთესოების შერჩევა მოხდეს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეს სჭირდება ქალაქის განაშენიანების სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება, რისთვისაც საჭირო იყო ქალაქის მერიას6 5გამოეცხადებინა კონკურსი. 9 წლის განმავლობაში თბილისის მერიამ არ შექმნა ქალაქის განვითარების სტრატეგიული კონცეფცია, რადგან ნაძმორაობის ელიტა ქალამგეგმარებლის, ურბანისტის, არქიტექტორის ფუნქციებს თვითონ ითავსებდა. არადა ამ კონცეფციის შემუშავებას ეყოფოდა ნაცმოძრაობის პოლიტელიტისთვის შექმნილ ბორდებში გადახდილი ხელფასების საერთო რაოდენობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ყოფილ მერს, ბრალდებულ უგულავას სამართალდამცავები ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის მოპარვას ედავებიან. ეს რომ ფაქტია, თავად ადეიშვილმა აღიარა და სწორედ ის არის ბლეფი, რომ უგულავა ამ საქმეში არ მონაწილეობდა. ამ მოპარული თანხით 100-მდე ავარიული კორპუსის გამაგრება იყო შესაძლებელი.
მინდა მივმართ თბილისელებს, რომ მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში 8 ათასამდე ადამიანს პირადად შევხვდი. სწორედ მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრებისას გამოჩნდა, რომ უმთავრესი პრობლემა არის ავარიული სახლები. ამიტომაც სასწრაფოდ დავიწყეთ ზრუნვა იმ კორპუსების გამაგრებაზე, რომელთა გამაგრებაც შესაძლებელია. ჩვენ შევპირდით თბილისელებს და ამ წელს უკვე ყველაზე მწვავე ავარიული 37 კორპუსის კაპიტალური გამაგრება დაიწყება. ამით ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ამ ადამიანების პრობლემა და ისინი აღარ იცხოვრებენ იმ განცდით, რომ შეიძლება ქუჩაში დარჩნენ, ან თავზე ჭერი ჩამოენგრევათ. აი რა არ არის ბლეფი!. ასევე მოხდა ჩვენი ინიციატივით ბიუჯეტში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის 3 მლნ ლარის ჩადება და ეს არის ის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც წინა ხელისუფლებისგან 9 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. აი რა არ არის ბლეფი! რაც შეეხება „ხრუშჩოვკების“ თემას, თბილისის საკრებულოს როლი ამ პროცესში არის ის, რომ მოახდინოს პრობლემის აქტუალიზაცია, რათა მოხდეს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობის დაწყება და გაჩნდეს სწორი აქცენტები პრობლემის გადასაჭრელად. თბილისის საკრებულო აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ამიტომაც მიმდინარეობს კონსულტაციები შესაბამისი დარგების სპეციალისტებთან- ურბანისტებთან, არქიტექტორებთან, ქალამგეგმარებლებთან და უცხოელ დეველოპერებთან, რათა ფართო საჯარო განხილვის შედეგად შემუშავდეს კონცეფცია. მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ მოახდინა პრობლემის აქტუალიზაცია, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მერია, დაიწყებდა თბილისის განვითარების სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებას, მაგრამ ნაცმოძრაობის მერია, რომელიც ორ თვეში აუცილებლად დამთავრდება, ცდილობს მოსახლეობაში ნიჰილიზმის, უნდობლობის დათესვას იმის შიშით, რომ შეიძლება ელექტორატი აღარ შერჩეს. მერია ცდილობს ინვესტორების დისკრედიტაციას და ამ საქმის ჩანასახშვე ჩაკვლას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ავი ძაღლის პოლიტიკა - მე თუ არ გავაკეთე, სხვამაც ვერ გააკეთოს. ეს კიდევ ერთ დადასტურებაა იმის, რომ მათ თბილისელების ბედი არ აღელვებთ. აი რა არის ბლეფი. კიდევ ერთი - იმ პარტიის მერობის კანდიდატი, რომელიც თბილისს 9 წლის განმავლობაში მართავდა, აცხადებს - „ავამუშაოთ თბილისი“. გულწრფელები რომ იყვნენ, იტყოდნენ - ავამუშაოთ უგულავას გაჩერებული თბილისი.
დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ინვესტორის სურვილი და მიზანი არის აწარმოოს მოლაპარაკება არა წარუმატებელ და ხელმოცარულ ხელისუფლებასთან, (როგორიც ამ შემთხვევაში თბილისის მერიაში მოკალათებული ნაცმოძრაობაა), არამედ საქმეზე ორიენტირებულ, თბილისელების ინტერესებზე მზრუნველ მომავალ ხელისუფლებასთან. მინდა მივმართო თბილისელებს - პროექტები, რომელთა აქტუალიზაცია დაიწყო თბილისის საკრებულოში, აუცილებლად გაგრძელდება. შედეგად მივიღებთ ახალ სამუშაო ადგილებს და თბილისის ყველა უბანში ცხოვრება გახდება მიმზიდველი.