რუს ბავშვებში აღმოჩენილია ომის გენი

რუს ბავშვებში აღმოჩენილია ომის გენი

ომი - რუსი ერის გენეტიკურ კოდშია ჩადებული, ასეთი სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს ეკატერინბურგელმა მეცნიერებმა.

სვერდლოვსკის ოლქის სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ ბარაზგოვი ამ დასკვნამდე მიიყვანა შობადობაზე მრავალწლიანმა დაკვირვებამ. ხალხური სიბრძნეც „ვაჟები იბადებიან - ე. ი. ომია მოსალოდნელი“, სავსებით დასტურდება.

მეცნიერმა ბიჭების დაბადების აღმავლობა ომის ქრონოლოგიას შეადარა და მიხვდა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალწლიანმა კანონზომიერებამ ასახვა ჰპოვა რუსის გენში. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვიგენ გეოდაკიანიც. უკანასკნელი მონაცემებით, რუსი მამაკაცების გენეტიკური მახსოვრობა ყველა ისტორიულ კატაკლიზმს ინახავს და რადგან ეს მოვლენები რიტმულია, ბუნება წინასწარ ემზადება.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ომი მაღალჩინოსანთა კაბინეტებში მხოლოდ იგეგმება, ერი უკვე ამრავლებს მამაკაცთა მოსახლეობას, ამრავლებენ „საზარბაზნე ხორცს“. რუსეთში შესამჩნევი „ბიჭუნების ბუმი“, სამამულო ომის დაწყებამდე 15 წლით ადრე მოხდა. ეკატერინბურგის დედათა და ბავშვთა დაცვის სამეცნიერო ინსტიტუტში ამ მოვლენას „სქესის ამოცანას“ უწოდებენ. ბოლო მონაცემებით ყველა ჩანასახი თავდაპირველად მდედრობითი სქესისაა, შემდეგ კი ზოგიერთი ემბრიონიდან მამრობითი სქესი გამოდის. საგულისხმოა, რომ ეს უკვე დიდი ხანია, რაც შემჩნეულია. მაშინ, როდესაც სიწყნარე და სტაბილურობაა, მეტწილად გოგონები იბადებიან.

დღეს მეცნიერები განგაშს ტეხენ. ახალშობილებში კვლავ ბიჭები სჭარბობენ. 1996 წელს 10%-ით მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგონა. ახლა ეს ბავშვები სამ-სამი წლისანი არიან, 15 წლის შემდეგ - წვევამდელების ასაკს მიაღწევენ - რა ელით მათ?

80-იანი წლებიდან დაბადების დემოგრაფიული ხაზი ქვევით დაეშვა, სიკვდილიანობისა - პირიქით, ზევით აიწია. „ასეთი რამ რუსეთის უახლეს ისტორიაში არასოდეს ყოფილა“ - ამბობს კონსტანტინე ბარაზგოვი. - ჩვენ ამას „რუსეთის ჯვარს“ ვუწოდებთ. კუბოების რაოდენობამ გადააჭარბა ბავშვის საფენების საჭიროებამ და მარტო 1996 წელი გამოიკვეთა საერთო სურათიდან, რატომ? ნეტავ რა ჩაიფიქრა დედაბუნებამ? რა იცის მან ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? პასუხი ცალსახაა: რუსეთს ელოდება მორიგი საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ისეთი, რომელთანაც ჩეჩნეთის ომის საშინელებანი მონაგონი იქნება.

რუსეთისა და საზღვარგარეთის ზოგიერთი სტრატეგის პროგნოზით, მოვლენები ასე განვითარდება: 2000 წელს, იმის მიხედვით, თუ რამდენად მოიცავს ჩეჩნეთის ტერიტორიას რუსეთის ჯარი, მსოფლიოში გავრცელდება ისტერია დევნილთა პრობლემების გარშემო. სეპარატიზმი კავკასიაში გამოიწვევს ახალ ლოკალურ ომებს, რის შემდეგაც ნატო, - მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერით, - შეიყვანს იქ თავის ჯარებს და აი, მაშინ დადგება 1996 წელს დაბადებული ბიჭების ჯერი.