საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ალასანია სტამბოლში მისი თურქი კოლეგის, ისმეთ ილმაზის მიწვევით გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩანაქქალეს (დარდანელის) ბრძოლის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ორკესტრის „მეჰტერანის“ წარმოდგენასაც დაესწრება. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თურქეთის სამხედრო ძალების, საპატიო ყარაულისა და მედროშეთა კოლოფის საზეიმო სვლა. ასევე, გაიმართება ავია-შოუ „SoloTurk“. დელეგაციის წევრები სიმულაციის ცენტრსაც ესტუმრებიან და მარტირის სასაფლაოზე ჩანაქქალეს ბრძოლის დროს დაღუპულ 57-ე სამხედრო ქვედანაყოფის სამხედროების ხსოვნას მიაგებენ პატივს.
ჩანაქქალეს (დარდანელის) ბრძოლის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას წელს პირველად 30-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია და თურქეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.