”ორ ზღვას შუა ძველის ძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო” - ამ სტრიქონებით გალაკტიონ გალაკტიონ ტაბიძემ, როგორც მის დიდებულ პოეტურ ნიჭს შეეფერებოდა, სწორედ ისე, კალმის ერთი მოსმით შეაფასა საქართველოს ისტორია. მართლაც, ქართული მოდგმის არსებობის ეპოქებიდან, რასაც გონების თვალსაწიერი წვდება, მცირე პაუზების გარდა მუდამ-ჟამს გვესმის მოძალებულ მრავალრიცხოვან მტერთან ქართველი ერის გადარჩენისათვის თავდადებული ბრძოლის ხმა.
როცა რაიმე მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას საქართველო, საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუსვას თავის თავს ის მარადიული კითხვები, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ.
ილია ჭავჭავაძე ერთგან წერს: „რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?“
ამიტომ მივიჩნევ საჭიროდ მოკლე ექსკურსის ჩატარებას საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთებზე, რაც ილიას თქმის არ იყოს, ჩვენი მომავლის საძირკვლად უნდა იქცეს. ეს კი მართლაც შეუძლებე;ლი იქნება, თუ კარგად არ გავიცნობიერეთ, რომ საკაცობრიო ცივილიზაციის საწყისებთან ვიდექით და მიუხედავად დიდი ისტორიული ქარტეხილებისა და მრავალგზის გარდაუვალი მოსპობის საფრთხის წინაშე დგომისა, მაინც მკვდრეთით აღვმდგარვართ და გაგვიგრძელებია გზა მარადიული არსებობისაკენ.
ხმალთა კვეთებაში სხვაზე მეტი თუ არა, ნაკლები არასდროს ვყოფილვართ და ხანდახან იმხელა ძალმოსილებაც ჰქონია ჩვენს წინაპარს, რომ იმპერიული ამბიციებიც მოსძალებია, მაგრამ ქართველი ერის ისტორიის ანალიზს მაინც გარკვეულ დასკვნებამდე მივყავართ. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ელინისტურ ცივილიზაციამდელ ხანაში დიდ სივრცეში ვიყავით განფენილნი, ამავე დროს, ტექნოლოგიურად სხვაზე მაღალ საფეხურზეც ვიდექით და ქართულ ეთნოსს შესაძლოა გააჩნდა კიდეც იმ ოდენობის პოტენციალი, რომ მსოფლიოში ერთ -ერთ ჰეგემონისტურ ნაციად ქცეულიყო, ისტორიის ჩარხმა მაინც სულ სხვაგვარად ინება და ფაქტია, რომ კავკასიის ერთ მონაკვეთზე მიგვაჯაჭვა და საკუთარი იდენტობის გადასარჩენად ჰეგემონისტურ ერებთან მუდმივი ჭიდილისათვის გაგვწირა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პოლიტიკური და ფიზიკური სიმცირე არასოდეს ახდენდა გავლენას ქართველი ხალხის შინაგან მენტალურ -კულტურული სიდიადისა და სიამაყის განცდაზე. საქართველო უმრავლეს ეპოქაში პოლიტიკურად სხვაზე დამოკიდებული და სხვათა ქვეშევრდომიც გამხდარა, მაგრამ ქართველ ხალხს ეს თვითგადარჩენისათვის საჭირო პირობად მიაჩნდა და მასზე დომინანტ ერებზე ნაკლები ღირსების მქონედ მაინც არასდროს თვლიდა თავს. ამაზე მეტყველებს ჩვენი დიდებული ხუროთმოძღვრება, პოეზია, კინოხელოვნება, წარმატებები სპორტში და ასე შემდეგ, რომლებიც ხან ბიზანტიის, ხან ირან-თურქეთისა და ხანაც რუსეთის პატრონაჟის ქვეშ მყოფი საქართველოს პირობებში იქმნებოდა, მაგრამ მას მხოლოდ შინაგანად თავისუფალი ეროვნული ფსიქიკის მქონე ხალხი თუ შექმნიდა. ამიტომ მივყვეთ საქართველოს ისტორიას დასაბამიდან დღემდე, გავიაზროთ და ისე განვსაჯოთ.
ლეგენდებითა და მითებით, მატერიალურ-კულტურული ძეგლების ნარჩენებითა და ლურსმული წერილობითი საბუთების საფუძველზე ენების ეტიმოლოგიური კვლევებით ირკვევა, რომ იბერიული რასა მცირე აზიაში მესოპოტამიიდან, ანუ ევფრატისა და ტიგროსის შუამდინარეთიდან უძველესი შუმერების სახით, კაპადოკიის (ანატოლიის) ტროას ცივილიზაციამდე იყო განსახლებული და საკაცობრიო ცივილიზაციის საძირკვლებთან იდგა.
მომთაბარე ტომების შემოსევების შედეგად, თუ გარკვეული ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, როგორც ჩანს, მოხდა ჩრდილოეთით კავკასიისკენ მათი გადასახლება, ხოლო დასავლეთით თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე ატლანტიდის ოკეანემდე. ეს ხდებოდა 4 000 წლის წინ, ელინურ პერიოდამდე. იბერიული ტომები ცნობილნი იყვნენ პირინეის მახევარკუნძულზე და ბალკანეთზე მინოსური კულტურით ეტრუსკებისა და პელაზგების სახით, ხოლო დღეს-დღეობით მათი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გამოვლინებები შენარჩუნებული აქვთ ესპანეთში ბასკებს, საფრანგეთში გასკონიაში და ნაპოლეონის სამშობლოში კუნძულ კორსიკაზე, რომლებიც საკმაოდ აქტიურად იბრძვიან ეროვნული დამოუკიდებლობისათვის.
ყოველივე ზემოთქმულის შესახებ შესანიშნავი შრომები აქვთ გამოქვეყნებული გერმანელ მეცნიერს ვილჰელმ ჰუმბოლტს, ნიკო მარს, გიორგი მელიქიშვილს, რისმაგ გორდეზიანს, არნოლდ ჩიქობავას, თამაზ გამყრელიძეს, გია კვაშილავას ფესტოს დისკოს შესახებ და სხვას.
ივანე ჯავახიშვილს თხზულებების პირველ ტომში (1979 წ. გვ.60-63) გამოკვლეული აქვს, რომ პირველი ხსენება ქართული ტომებისა არის ასურეთის მეფეთა ლურსმულ დამწერლობაში ძვ. წ-ის მე-11, მე-7 საუკუნეში და ესენი იყვნენ მუსკები, რომლებიც ცხოვრობდნენ კაპადოკიასა, დღევანდელი თურქეთისა და პონტოს (შავი ზღვის) მახლობლად. ეს უძლიერესი ქართული ტომი უპირისპირდებოდა მაშინდელი მსოფლიოს ჰეგემონ ასურეთის იმპერიას. ასევე იყვნენ ტაბალები, ხალიბების წინაპრები, ძლიერი ციხეებისა და ქალაქების პატრონი ტომები, გამორჩეულნი მადნეულის წარმოებით. პირველი ქართველის სახელიც აქედან ვიცით, ტაბალების მეფეს ტარხუნაზი ერქვა, ხოლო მისი სამეფოს დედაქალაქს მილიდდუსა. მე თუ მკითხავთ, არის ამ სახელებში რაღაც მარადქართულად ჟღერადი.
მსოფლიო ცივილიზაციის აკვნის დარწევაში ქართველებს რომ დიდი წვლილი მიუძღვით, ეს იმითაც მტკიცდება, რომ ცივილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს მიწათმოქმედების უმაღლესი შედეგის, ღვინის გამოგონება ქართველებს მიეკუთვნება, რაზეც დედამიწაზე აღარავინ დავობს. ამის დასაბუთებაა თუნდაც ის, რომ ღვინის სახელწოდების ფუძე მსოფლიო ენებში არის ქართული სიტყვა ”ღვინო”, “vin” - ანგლოსაქსურად, ”вино”- რუს. და ასე შემდეგ.
კაცობრიობის ცივილიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა ლითონის გამოდნობის დაწყებასთან არის დაკავშირებული და აქაც ქართველთა წინაპრები ამ ეპოქის დასაბამთან გვევლინებიან.
ცნობილი ენათმეცნიერი ო.შრადერი ამტკიცებს, რომ ევროპული ”ბრონზე” სპარსული ”ბირინჯისგან” წარმოსდგა, ხოლო სპარსულში ეს სიტყვა ქართული ენა -კილოკავებისგან შევიდა: სვანურად სპილენძ, მეგრ. ლინჯ, რაც ნიშნავს სპირ ენძს, ანუ სპერის, ისპირის მადანს. ამას უძველესი ბერძენი მწერლებიც აღიარებდნენ.
თითბერის სახელი კი ზოგიერთ ევროპულ ენებში, მაგალითად, გერმანულში - messinc, ანგლოსაქსურში - mastling, მოსსინიკის ქართული ტომიგან არის წარმომდგარი.
თვითონ თითბრის ქართული სახელი სუფთა ქართული წარმოშობისაა და ნიშნავს ”თუთ-ფერი” ე.ი.მთვარის (მეგრ. თუთა, ქართ. თთუ) ფერის მადანს.
რკინის, განსაკუთრებით ფოლადის დამზადება ბერძნებს რომ ქართული ტომებისგან შეუსწავლიათ, ეს ფოლადის ბერძნული სახელიდან ჩანს: ”ხალვფს, ხალვბდიკოს”, რაც ხალიბების ტომის სახელწოდებისგან არის წარმომდგარი. (ივანე ჯავახიშვილის ტომი I, გვ. 64-65).
ჩვ.წ. აღრ-მდე მე-8 საუკუნის დიდი ბერძენი პოეტი ჰომეროსი საბერძნეთის მითოლოგიური გმირების კოლხეთის სამეფოში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. აქ ის აღგვიწერს ბერძენი გმირის იაზონისა და კოლხეთის მეფის ქალიშვილის მედეას სიყვარულისა და ოქროს საწმისის მოტაცების ისტორიას. ამ ნაწარმოებით იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ საბერძნეთი, რომელიც აღიარებულია ევროპული ცივილიზაციის ფუძემდებლად, კოლხებს მიიჩნევს ოქროს პირველმომპოვებლად. ოქრო იმ ეპოქაში სავაჭრო ბრუნვის მთავარი საშუალება იყო, განვითარებული ვაჭრობა კი ცივილიზაციის კიდევ ერთი კატეგორიაა, ხოლო მედიცინის მედეასთან დაკავშირება უფრო აფართოვებს კაცობრიობის პროგრესული განვითარების საქმეში ქართველების დამსახურებას.
ვანისა და ნოქალაქევის გათხრებში მოპოვებულმა უძვირფასესმა ოქროსა და სხვა ნაკეთობებმა დაამტკიცა, რომ კოლხეთის სამეფო ჩვ.წ. აღრ-მდე პირველ ათასწლეულში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს წინა აზიაში იყო ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო. იხილეთ: http://saunje.ge/index.php?id=118&lang=ka
არანაკლები მტკიცების საფუძველს გვაძლევს აღმოსავლეთ საქართველოში თრიალეთისა და კახეთის გათხრების შედეგები, რომელიც მტკვარ-არაქსის ძვ. წ-ით III –II ათასწლეულებს კულტურას და ასევე ჩვ.წ. -აღრ-მდე პირველი ათასწლეულის შუა ხანის იბერიის სამეფოს მიეკუთვნება. იხილეთ: http://antikvari.wordpress.com/tag/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%94/
ასევე კაზრეთში საყდრისის მთის ფერდობზე 6 000 წლის წინადელი ოქროს მაღაროების არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ეგვიპტის უძველესი პირამიდების ეპოქებს ეხმიანება. იხილეთ: http://saunje.ge/index.php?id=243&lang=ka
ეს არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე მეტყველებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ასევე უძველესი ქართული ცივილიზაცია არსებობდა და უბრალოდ, მის შესახებ, წერილობითი მტკიცებულება არ გაგვაჩნია და შესაძლოა იმიტომაც, რომ მტერი მის დალაშქრვას ვერ ახერხებდა, ხოლო იმ ეპოქაში ბერძენმა მოგზაურებმა და მწერლებმა იბერიის უძველეს მიწამდე ვერ ჩააღწიეს. მხოლოდ ჩვ. წ-აღრ-მდე I საუკუნის ბერძენი ავტორის სტრაბონის ნაწერებშია მოხსენიებული, როგორც ძლიერი სამეფო, სადაც მტკვარზე და ალაზანზე გემები დადიოდნენო.
მაშასადამე, ეს ისტორიულ-კულტუროლოგიური წიაღსვლები ამტკიცებს, რომ ქართული მოდგმის ფესვები იმდენად მყარი და სიცოცხლისუნარიანია, რომ მისი ამოძირკვა შეუძლებელი იქნება, თუ ქართველი ხალხი კარგად გაიცნობიერებს და გაითავისებს საკუთარი არსისა და მისი გადარჩენის, ანუ უკვდავების ფემომენს.
ისტორიულ ანალებს შემორჩა იბერიის უძველესი სამეფო დინასტიის ფარნავაზიანების შესახებ ინფორმაცია, თუ როგორ გაანთავისუფლა ფარნავაზმა ძვ. წ. აღრ-ის IV საუკუნეში ბერძენთა ბატონობისგან ქართლი და როგორ გააერთიანა საქართველო ეგრისის (კოლხეთის) მეფის (მთავრის) ქუჯის თანადგომით. კოლხმა გმირმა ქუჯიმ ასე მიმართა ფარნავაზს: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი.“ ამ სიტყვებით ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო.
დღეს კი, მტრის საქმეს აკეთებს მოწამლული სისხლის ზოგიერთი შინაური და მიზნად სამეგრელოს დედა საქართველოდან მოწყვეტას იზრახავს. ეგრისის (კოლხეთის) მეფე თუ თავს ქართველად არ თვლიდა, მაშინ მისთვის უცხო ეთნოსის, იბერების (ქართების) ტომის მეფეს რატომ შეუერთებდა თავის ძლიერ სამეფოს? ქუჯის სიძლიერეზე მეტყველებს თუნდაც მისი სარეზიდენციო სასახლის ციხე-გოჯის (ნოქალაქევი) გრანდიოზულობა. მითუმეტეს, შემდგომ ფარნავაზმა ქართული ანბანი შექმნა და ქართული ენა დაუწესა მთელ საქართველოს სახელმწიფო ენად და ეგრისის მეფე ქუჯიმ, როგორც მისმა თანამებრძოლმა, არათუ იცოდა ფარნავაზის განაზრახი, არამედ მისი თანამდგომიც იყო ამ საერთო ეროვნულ საქმეში. როგორც მემატიანე გვეუბნება, ფარნავაზმა: ”განავრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.”
ფარნავაზიანთა შორის თავისი ძლევამოსილებით გაოცებას იწვევს მეფე ფარსმან II ქველი. მას მეფობამ მოუწია რომის იმპერიისა და პართიის (სპარსეთის) მძლავრობის დროს ჩვ.წ. აღრ-ით II საუკუნეში, რომელთაგან მოკავშირეობდა რომთან და მის თანასწორად თვლიდა საქართველოს. ეს ამაყი მეფე რომის იმპერატორს ტრაიანეს ჯარებსაც უგზავნიდა პართიის წინააღმდეგ ომში.
ფარსმან მეფე გაუნაწყენდა რომს მის მიერ სომხეთის დაპყრობის გამო, რომელსაც საკუთარ საგამგებლოდ მიიჩნევდა, შემოიშველა ალან-ოსები და სამხრეთი ტერიტორიებიდან რომაელები განდევნა. ამის შემდგომ პართიაც წარმატებით დალაშქრა. შემდგომ შემობრუნდა და კაპადოკიაც დაიმორჩილა, ხოლო რომის ახალი იმპერატორის ადრიანეს მუქარა არაფრად ჩააგდო, რომელმაც ფარსმანზე ბოღმა საფლავში ჩაიტანა.
შემდეგმა იმპერატორმა ანტონიო პიუსმა იბერიის სამეფოსთან მტრობას მეგობრობა- მოკავშირეობა ამჯობინა. ფარსმან მეფის რომში საპატიო სტუმრობაც ამის გამოხატულება იყო, რის შემდეგაც მოჯირითე მეფის ქანდაკება იმპერატორმა რომში მარსის მოედანზე დაადგმევინა.
რომი დათანხმდა, რომ საქართველოს საზღვრები ტრაპიზონ-ლაზეთიდან მტკვრის ქვემო წელამდე და კავკასიონიდან არაქსამდე გავრცელებულიყო.
ამის შემდგომ ფარსმან მეფის მოღალატე ბიძაშვილის მირდატის მეთაურობით პართიელთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა ორჯერ ილაშქრა საქართველოში. ორივეჯერ უკუაგდო ფარსმანმა მტერი და შემდგომ, როგორც დიდ მხედართმთავრებს ჩვევიათ. მტრის თავისივე ბუდეში მოსპობა გადაწყვიტა და თავად ილაშქრა ძლევამოსილად პართიაში.
საომარ ველზე რომ ვერავინ აჯობა, მზარეული მოისყიდეს და საწამლავით მოკლეს ფარსმან ქველი.
ფარსმან მეფის დროება იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების პირველი ოქროს ხანა და გაოგნებას იწვევს, რომ სათანადოდ არ არის დაფასებული ქართველთა ძლიერების ამ ისტორიულ პიროვნებაში განსხეულებული ნიშანსვეტი.
ფარსმან მეფისა და შემდგომში ანალოგიურად ძლევამოსილი ქართველი მეფეების მოღვაწეობის ანალიზით შეიძლება ის დასკვნა გავაკეთოთ, რომ საქართველოს ისტორიაში იყო რამდენიმე ეპოქა, როცა ქართველმა მეფეებმა მთელი კავკასიის ხალხების ერთ სამეფოში გაერთიანება მოახერხეს და ასეთ დროს შეეძლოთ იმდენად მრავალრიცხოვანი ჯარების გამოყვანა, რომ იმდროინდელი ჰეგემონი იმპერიების თანასწორად თვლიდნენ საკუთარ სახელმწიფოებს და ხშირად მათ სამხედრო დაპირისპირებაშიც სჯობნიდნენ.
სამწუხაროდ, შუა საუკუნეების შემდგომ ერთიანი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ასპარეზიდან გასვლამ მთელი კავკასიის ერთ სახელმწიფოებრივ ერთეულში გაერთიანების შესაძლებლობა გააქრო, რის გამოც ქართველი ერი კავკასიის სხვა ერებთან ერთად სხვადასხვა იმპერიების მხრიდან უფრო იოლად დასამორჩილებლად იქცა და ბევრად მძიმე დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა.
საქართველოში პოლიტიკური ორიენტაციის ნიადაგზე გამწვავებული პირველი ბრძოლა მომხდარა ჩვ.წ.აღრ-ით მესამე საუკუნეში იბერიაში ამაზასპის მეფობის ჟამს. სპარსეთში იმ დროს მეფობდა შაბურ I (242 – 272წწ). ის იმდენად ძლიერი შაჰი აღმოჩნდა, რომ მან რომის იმპერატორი ვალერიანე 260 წელს დაატყვევა და სომხეთის დაპყრობით იბერიასაც მოადგა. შაბურმა მოითხოვა, რომ ამაზასპს უარი ეთქვა რომის იმპერიასთან კავშირ-მეგობრობაზე და სპარსეთის მოკავშირე გამხდარიყო, უარის შემთხვევაში კი საქართველოზე დიდი ლაშქრობით იმუქრებოდა.
იბერთა მეფე რომის ახალ იმპერატორს გალიენეს სთავაზობდა სპარსეთზე ერთობლივ ლაშქრობას, მაგრამ ეს ჩანაფიქრი სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა და სპარსეთის წინააღმდეგ მარტო დარჩენილმა ამაზასპმა რომთან კავშირი გაწყვიტა და სპარსეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულება დადო. ამის გამო დაუპირისპირდნენ ფეოდალები და მათთან გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი მეფე დაიღუპა. იბერიის შემდგომ ისტორიას თუ გადავხედავთ, როგორც ჩანს, ამაზასპი შეცდა პოლიტიკური სტრატეგიის შერჩევის საკითხში, რადგან მის შემდგომ რომმა სპარსეთი ბევრჯერ დაამარცხა და საქართველო რომთან მოკავშირეობით მომგებიან ვითარებაში იმყოფებოდა.
წმინდა ნინოს სასწაულთა წყალობით IV საუკუნის დასაწყისში მირიან მეფისა და დედოფალ ნანას გაქრისტიანებული საქართველო იმპერატორ კონსტანტინეს მიერ დაარსებული ბიზანტიად წოდებული აღმოსავლეთ რომის იმპერიის ერთმორწმუნე გახდა.
ამ ეპოქაში პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს მეფის ვახტანგ გორგასლის ისტორია, რომელიც იმდენად დიდ საქმეთა მკეთებელი იყო, რომ საქართველოს დროშას გორგასლიანადაც მოიხსენიებდნენ.
ვახტანგ მეფემ პირველად ჩრდილოეთ კავკასიაში ილაშქრა. მიზეზი კი ის იყო, რომ ოსები გადმოიჭრებოდნენ ჩრდილოეთიდან და აოხრებდნენ ქართლს. ვახტანგის დის მირანდუხტის მოტაცებაც კი შეძლეს. მაშასადამე, უძველესი დროიდანვე თუ საქართველო დასუსტდებოდა სამხრეთით მოსისხლე იმპერიებთან ბრძოლისას, ამით მაშინვე სარგებლობდნენ ჩრდილოკავკასიური ტომები და ზურგში დანას სცემდნენ საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენს დროშიც გაგრძელდა ეს ტრადიცია და სუსტი საქართველო ამ 20 წლის მანძილზე მათ სათარეშოდ ბევრჯერ იქცა. გორგასალმა სამწლიანი ლაშქრობით მთელი ჩრდილო კავკასია დაიმორჩილა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ხნის მანძილზე იქაურ ტომებში ქრისტიანობის გავრცელებასაც ჩაეყრებოდა საფუძველი.
გორგასლისთვის, როგორც დიდი ფარსმან მეფის ღირსეული შთამომავლისთვის, უპირველესი იყო საქართველოს ინტერესები და ერთმორწმუნე ბიზანტილებსაც დაუპირისპირდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწების დაბრუნებისთვის. ამ ბრძოლაში ის სპარსეთის შაჰინშაჰის ჰორმოზდ მესამის მოკავშირე გახდა და ცოლად მისი ასული ბალენდუხტი შეირთო. 464 წელს დალაშქრა პონტოს ზღვის სანაპირო ქალაქები. ბიზანტიის იმპერატორი ლეონ პირველი იძულებული გახდა მთელი თავისი ლეგიონებით შეგებებოდა ვახტანგ მეფის ლაშქარს. აი, აქ ხდება სასწაული. ვახტანგი ომის ნაცვლად თანხმდება იმპერატორთან მოლაპარაკებას, მისი თანხმობით იერთებს ტაო-კლარჯეთს. ამასთან ერთად, ბიზანტიის იმპერატორი ჰპირდება, თუ მის ასულს ცოლად შეირთავდა, აფხაზეთს მზითევში გამოატანდა. ამ დროისთვის ვახტანგის ცოლი, სპარსეთის შაჰის ქალიშვილი გარდაცვლილი ყოფილა. ვახტანგი იღებს შეთავაზებას და ამ დიპლომატიური წარმატებით ბრუნდება მცხეთაში.
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის კიდევ ერთი გონივრული დიპლომატიური ნაბიჯის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ის არა მარტო გენიალური მხედართმთავარი იყო, არამედ დიდი პოლიტიკოსის ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული.
ბიზანტიასთან საქართველოს მეფის ზავის დადების გამო გამწარებული ჰორმიზდ III მალე მიიცვალა და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი პეროზი. 467 წელს ის დიდძალი ლაშქრით გამოემართა საქართველოსკენ. ოთხი თვე მიმდინარეობდა დაუნდობელი ომი. ბოლოს პეროზ შაჰმა ითხოვა მოლაპარაკება. მოლაპარაკების შედეგად საქართველოს სამანებმა აღმოსავლეთით კასპიის ზღვის სანაპიროებამდე გადმოიწია. ამავე დროს, ვახტანგის მცდელობით ბიზანტიასა და სპარსეთს შორისაც საზავო ხელშეკრულება დაიდო.
სპარსეთის დედაქალაქში ქტესიფონში ჩასულ პეროზს დიდგვაროვნები პასუხს სთხოვდნენ ამგვარი წამგებიანი ხელშეკრულების დადებისთვის. პეროზ შაჰმა წერილი მოსწერა ვახტანგ მეფეს, რომ დახმარებოდა ამ დიდგვაროვნების დაშოშმინებაში და გადმოცემული ტერიტორიების სანაცვლოდ ინდოეთის დაპყრობაშიც მიეღო მონაწილეობა, ხოლო მოკავშირეობის ნიშნად მისი და მირანდუხტი ცოლად მიეცა.
ვატანგ მეფემ სპარსეთთან ახალ სისხლისმღვრელ ომს ამჯობინა პეროზის თხოვნას დასთანხმებოდა და ამავე დროს, იმასაც მიაღწია, რომ ბიზანტიას ინდოეთზე ლაშქრობისთვის 20 ათას კაციანი ლეგიონები მისთვის გადმოეცა. ამას დაუმატა თავისი 20 ათასიანი ქართული ჯარი და 40 ათასიანი არმიით სპარსეთის ჯარებთან ერთად იომა ინდოეთში. სინდთა მეფემ ერთხელ ვახტანგს ციხე-სიმაგრის კედლებიდან ჩამოსძახა: უგუნური ხარ, რადგან შენი მამა-პაპეული ქვეყანა დაგიტოვებია და მშველელად სპარსელებს მოვლენიხარ, რამეთუ სპარსელები შენი დახმარებით გაძლიერდებიან თუ არა, შენვე შენს ქვეყანასთან ერთად ჩაგყლაპავენო.
ვახტანგის გონიერება ჩანს მის პასუხში: მე აქ მოვსულვარ არა სპარსელთა მეფის მსახურად, არამედ საქრისტიანოს სამსახუროდ და შენ არ იცი, რომ ”ბევრის-ბევრეული სული დახსნილ არს ჩემითა აქ მოსვლითა.” დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ საკუთარი ხალხისთვის თავდადებული მეფე ნახსენებ სულებში იმ ქართველების სიცოცხლეს გულისხმობდა, რომლებიც სპარსეთთან ახალ დიდ ომში დაიღუპებოდნენ, რადგან პეროზ შაჰის მოთხოვნების მიუღებლობის შემთხვევაში ამ ომს თავიდან ვერ აიცილებდა.
ვახტანგ მეფის ბოლო ომი მაინც სპარსეთთან იყო. სპარსეთის ახალმა შაჰმა კავადმა ბიზანტიაზე ლაშქრობა გადაწყვიტა და ვახტანგს მოუწოდა მასთან ერთად ებრძოლა. ერთმორწმუნე ბიზანტიელებთან ომს ისევ სპარსელებთან ომი ამჯობინა ქართველმა მეფემ, ხოლო ამ ომში სასიკვდილოდ დაჭრილის უკანასკნელი ანდერძად დატოვებული სიტყვები იყო: ”მე ახლა წავალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, ხოლო თქვენ, ქართლოსის შთამომავალთ მოგიწოდებთ მტკიცედ იდგეთ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ნუ შეურაცხყოფთ სახელსა ჩვენსა და ნუ უღალატებთ ბერძნებთან კავშირსა და მეგობრობას.”
ერთმორწმუნეობა რომ ჩვენს დიდ წინაპრებს ჰეგემონ ქვეყნებთან ურთიერთობებისას მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნდათ, ეს მარტო ვახტან გორგასლის საანდერძო დანაბარებით არ მტკიცდება. მომავალშიც საკუთარ ერზე მოამაგე ქართველი მეფეები და სხვა მამულიშვილები სწორედ ქრისტიანულ ერებთან პოლიტიკურ დაახლოებას ანიჭებდნენ უპირატესობას და ამაში არაფერია საკვირველი. ეს ამჟამად მსოფლიო გლობალიზმის იდეოლოგიით გონებამოწამლული პოლიტიკან ექსპერტებისთვის არის საირონიო თემა, რადგან მათთვის მეასეხარისხოვანია ეროვნული პრობლემატიკა, ისევე როგორც ეს საუკუნის წინ მარქსისტული მოძღვრებით ტვინდაბინდული სოც-დემოკრატებისთვის იყო.
შემდგომი ეპიზოდი საქართველოს ისტორიისა, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, ეხება ეგრისის მეფეს გუბაზ II-ს, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. მაშინაც ორ ცეცხლს შუა იყო საქართველო. აღმოსავლეთიდან სპარსეთი, ხოლო დასავლეთიდან ბიზანტია გემის ბაგირივით თავისკენ ქაჩავდნენ ქვეყანას. ბიზანტიელნი მოკავშირის მანტიის ქვეშ ძარცვავდნენ და ძალადობდნენ ეგრისის მოსახლეობას, რაც ვერ დაითმინა თავმოყვარე მეფე გუბაზმა და სპარსეთის ჯარების მოხმობით ბიზანტიელები ეგრისიდან გაყარა. მალევე მიხვდა ქრისტიანული ეგრისის მეფე, რომ სხვა რჯულის სპარსელები ბევრად დიდი უბედურება იყო ქვეყნისათვის, ვიდრე ერთმორწმუნე ბიზანტიელნი, მითუმეტეს, ეს ურჯულო მტერი ეგრისელთა რწმენასაც ებრძოდა და ამავე დროს, ქრისტიან ქართველთა აყრა და მათ ადგილას სპარსელთა და სხვა ტომთა ჩასახლებას გეგმავდა.
ამიტომ გუბაზ მეფემ ბიზანტიის იმპერატორს იუსტინიანეს პატიება და ირანელთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. ასეც მოხდა. ამ პერიოდში დატრიალდა ისტორიული ტრაგედია. გუბაზ მეფის საყვედურებისგან თავმობეზრებულმა ბიზანტიელმა სარდლებმა მოღალატურად მოკლეს ეგრისის მეფე. ამ მკვლელობით აღშფოთებული ქვეყანა ორ ბანაკად გაიყო. ერთნი ამ ღალატის გამო სპარსელების მოკავშირეობაზე გადასვლას და მათი დახმარებით ბიზანტიელებზე შურისძიებას მოითხოვდა წარჩინებულ აიეტის მეთაურობით, ხოლო მეორე მხარე, ფარტაზის წინამძღოლობით კვლავ ბიზანტიელების ერთგულების მომხრე იყო, ოღონდ დამნაშავე სარდლების დასჯის შემდგომ.
ყურადსაღებია საქართველოს დღევანდელი თაობისათვისაც, რომ 15 საუკუნის წინ ხობისწყალზე შეიკრიბა ერი და ბერი და დიდი ბჭობის შემდეგ უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხალხმა კვლავ ბიზანტიელთა მოკავშირეობა ამჯობინა. დემოკრატია და პარლამენტარიზმი მაშინდელ ქართველებს ჰქონიათ თუ ჰქონიათ.
დღეს კი იდეოლოგიურად დაშტამპული, ტენდეციურად მოაზროვნე გარკვეული პოლიტიკური კასტა, თავის თავს ხალხის წარმომადგენლობას უწოდებს, მაგრამ ყველამ ხომ იცის, რა პოლიტიკურ ვითარებაში და რა ამოცანების გადასაჭრელად აირჩია ისინი საკანონმდებლო ორგანოში ხალხმა, თორემ რეალურად არანაირ ავტორიტეტებს არ წარმოადგენენ.
აი, ამ ადამიანების ჯგუფი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის საძულველი ნაცრეჟიმის მიერ 10 წლის წინ ჩატარებული და გაყალბებული რეფერენდუმის საფუძველზე და მაშასადამე, ხალხის აზრის უკითხავად წყვეტენ საქართველოსთვის ეპოქალური მნიშვნელობის პოლიტიკურ საკითხს მისი სტრატეგიული ორიენტაციის შესახებ, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ბედიც და ერის სამომავლო განვითარების პერსპექტივები, ან მისი ეროვნულ-კულტურული და ფიზიკური გადაშენების საშიშროების წარმოშობა.
ფარტაზიმ კი ფოლადივით მტკიცე ლოგიკით შეძლო ოპონენტის შეხედულებებზე გამარჯვება: ”სპარსელები ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი წეს-ჩვეულებების მტრები არიან, ისინი მამაპაპეულ ადათებს წაგვართმევენ და თავიანთ რჯულზე გადაგვიყვანენ, ამაზე სამძიმო რა უნდა განვიცადოთ ჩვენ, რომლებიც ცოცხლებიც ვიქნებით და მკვდრებიც.”
ეს სიტყვები თანამედროვე ქართველების სატკივარს ზუსტად ეხმიანება. ამგვარი არჩევანის წინაშე ვდგავართ დღესაც ცივილიზაციების ჭიდილის ეპოქაში. თუ მხოლოდ ცოცხლად ყოფნაა ჩვენთვის მთავარი, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ კავშირსა თუ ალიანსში ვდურთავთ თავს, მაგრამ თუ საქართველოში ქართული კულტურული სივრცის შენარჩუნება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ეს ქართველად დარჩენის მსურველისათვის ასეც უნდა იყოს, მაშინ უნდა გავიცნობიეროთ, რომ ამის ალტერნატივაა უეროვნებო ლიბერალისტურ-გლობალისტური ცხოვრების წესი, რომელიც გაცხოველებით ინერგება ევროკავშირში, პარალელურად დასავლური პატრონაჟის ქვეშ თურქეთის გარდაუვალი პოლიტიკურ-დემოგრაფიულ-რელიგიური ექსპანსიით ქართველობის სრული გადაგვარების პერსპექტივა, რასაც მე ფარტაზის სიტყვების პერიფრაზით ცოცხალ მკვდრობად მივიჩნევ.
ახლა კიდევ წინ წამოვიწიოთ ისტორიული ქორონიკონით და მოვძებნოთ ის მოვლენები, რომელიც ჩვენს დროში გამოგვადგება. და ეს არის სამი უდიდესი გმირი მეფის დავით აღმაშენებლის, დიმიტრი თავდადებულისა და გიორგი ბრწყინვალის მსგავს პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ანალოგიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რაც ამტკიცებს, რომ სწორი პოლიტიკა ყველა ეპოქაში გარკვეულ კანონზომიერებებს ექვემდებარება და ამიტომ ისტორია კარგი მოსწავლისთვის კარგი მასწავლებელია, ხოლო ცუდისთვის, თუ ის, მითუმეტეს, ქვეყნის საჭეს ფლობს, არაფრის მომცემი, რასაც, სამაგიეროდ, მისი საგამგებლო ქვეყნისთვის დიდი ჭირი მოაქვს.
აღმაშენებლის ტიტულით ქართველმა ხალხმა ღირსეულად გამოხატა თავისი დამოკიდებულება დავით IV ბაგრატიონის მიმართ. და ეს წოდება, დავით აღმაშენებელმა 1089 წლიდან, როცა 16 წლისა ტახტზე დაჯდა და სისხლი უდუღდა, 1099 წლამდე, მისი შემართებისა და ღირსებისათვის თითქოს და შეუფერებელი საქციელითაც დაიმსახურა. ის ამ მთელი 10 წლის მანძილზე ფაქტობრივად აღიარებდა თურქეთის სულთნის ქვეშევრდომობას და მას ხარკსაც უხდიდა.
დავით მეფე რომ ასე არ მოქცეულიყო, მაშინ იქნებოდა არა აღმაშენებელი, არამედ თავისი მეფობის დაწყებისთანავე ქვეყნის დამანგრეველი, რადგან კარგად იცოდა ბრძენმა მეფემ, რომ თურქ-სელჯუკთაგან მრავალგზის აოხრებულ, გაჟლეტილ და მთა-ღრეში გადახვეწილ მის ხალხს ჯერ არ შესწევდა ძალა, რაც არ უნდა ძლიერი მხედართმთავარი ჰყოლოდა, თურქულ ურდოებს წინ აღდგომოდა. ამიტომ დავით მეფემ მიზნად ჯერ ქვეყნის მოღონიერება, ჯარის შექმნა და სათანადო საგარეო გარემოს დადგომის ლოდინი ამჯობინა, რათა მომზადებულიყო მტრისგან საბოლოო განთავისუფლების პირობები. მერე რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით, პიროვნულად თუ რა ძალმოსილებისა ყოფილა დიდგორის ველზე ”ძლევაი საკვირველის” ავტორი და კავკასიის ქართული იმპერიის შემქმნელი.
დავით აღმაშენებლის სიმაღლიდან რა ქონდრისკაცად გამოიყურებიან ჩვენი პოლიტიკანები, რომლებიც, თუ პირადად საფრთხე არ ემუქრებათ, დიდგულად მუშტებს უქნევენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, მაგრამ როცა თავიანთი უგუნურებით ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან, ან შიშისგან მიწაზე ფორთხავენ, ან მონურად ემსახურებიან მტრის გენერლებს, ან შლეგად ქცეულნი გასაქცევად საქართველოს საზღვრებს ახტებიან.
სამშობლოს ინტერესებისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვით მტრისადმი მორჩილების დამტკიცების გაუგონარი მაგალითი ჩაწერა არა მარტო საქართველოს, არამედ საკაცობრიო ისტორიაში დემეტრე მეორემ. ის გარდაუვალ სიკვდილზე შეგნებულად წავიდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ტახტზე აღზევებული ყაენი მონღოლთა წესის თანახმად მის მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფ გავლენიან ფიგურებს არცერთს ცოცხალს არ ტოვებდა. ბედის ირონიით დემეტრე მეფეც სწორედ ასეთ განწირულთა ბანაკში აღმოჩნდა.
ყაენმა ურდოში გამოიძახა დემეტრე მეფე. ბევრ მის წინაპართა და შთამომავალთა მსგავსად მას შეეძლო არ წასულიყო ყაენთან, ჯარი შეეკრიბა და ბოლო-ბოლო, ბრძოლის ველზე ვაჟკაცურად დაღუპულიყო, მაგრამ კარგად იცოდა მეფემ, რომ ლამის მთელი მსოფლიოს მპყრობელ მონღოლებთან ბრძოლაში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ამიტომ საკუთარი ხალხის მიმართ პასუხისმგებლობის მქონე მეფეს სხვა ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო, გარდა იმისა, რომ გარდაუვალი სასიკვდილო განაჩენისთვის გამოცხადებულიყო ყაენთან და ამ გზით გადაერჩინა საქართველო მონღოლთა ყოვლის წამლეკავი შემოსევისგან. მისი სიტყვებიც ამ აზრით იყო განმსჭვალული: ”აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღვთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქვეყანა უვნებელი დარჩეს.”
ამიტომაც უწოდა მას მადლიერმა ქართველმა ხალხმა თავდადებული. დღეს კი სიცოცხლის გაწირვას ვინ ჩივის, საკუთარი ამოჩემებული პოლიტიკური შეხედულებების დათმობაც არ სურთ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომელთა უგუნურ სიჯიუტესაც ეწირება ორი ისტორიული ქართული რეგიონი: აფხაზეთი და ზემო ქართლი, თითქოს ლაპარაკია მილიონობით კვადრატული კილომეტრის მქონე სახელმწიფოზე, რომლისთვისაც 12 ათას კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორიის დაკარგვა დიდი დანაკლისი არ უნდა იყოს, მაგრამ საქართველოსთვის ეს ხომ არსებული ტერიტორიების თითქმის მეხუთედია ქართული მოსახლეობის განსახლების სივრცისა და ეკონომიკური განვითარების არეალის ამდენივე წილით შემცირებით, ისტორიული ძეგლების დაკარგვით, ეთნოფსიქიკაზე ტრამვის მიყენებითა და საერთო ეროვნული სიხარულის მინავლებით.
ამავე კონტექსტში განიხილება კიდევ ერთი ისტორიული მასშტაბის ქართველი მეფის გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკა, რომელმაც ასევე, სიძლიერე და დიდი სიკეთე მოუტანა საქართველოს. ბრწყინვალება ადამიანის ცნობიერებით მზესთან ასოცირდება, გიორგი V-ის დიდებული საქმეები სწორედ რომ მზისდარად ბრწყინვალედ მიიჩნია ქართველმა ხალხმა.
გიორგი მეხუთემ კი ეს წოდება იმით დაიმსახურა, რომ დავით აღმაშენებლის მსგავსად მონღოლთა თითქმის ასწლიანი ბატონობით გაპარტახებული და ზნეობრივი გადაგვარების გზაზე შემდგარი ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისათვის ხანგრძლივი და მუხლჩაუხრელი შრომა გასწია. მიიღო კანონთა კრებული ”ძეგლის დადება”, რომელმაც ქვეყანაში დამკვიდრებული უზნეობა და უკანონობა აღმოფხვრა. ყოველივე ამისთვის კი უპირველესად ქვეყანაში მშვიდობიანი გარემო იყო საჭირო და გონიერმა მეფემ ამ ამოცანის განსახორცილებლად იმ დროისათვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. იგი დაუახლოვდა მონღოლთა საყაენოს პირველ ვეზირს ჩოფან ნოინს და მისი პოლიტიკური დაჯგუფების დასაყრდენად იქცა. სამაგიეროდ ჩოფანმა გიორგი V-ს მთელი საქართველო მისცა სამეფო გამგებლობაში დასავლეთ საქართველოს გარდა, სადაც მონღოლები ისედაც ვერ ბატონობდნენ.
1314 წლიდან 1327 წლამედ, ანუ მთელი 14 წლის მანძილზე მეფე გიორგი მონღოლებთან ლოიალურ პოლიტიკას ახორციელებდა და როცა იმდენად გაძლიერდა და საგარეო ვითარებაც შესაფერისად მიიჩნია, მთლიანად გაყარა მონღოლები საქართველოდან და დავით აღმაშენებლის დანატოვარ საზღვრებში გააერთიანა და აღადგინა საქართველო.
პარალელები ჩვენს დროში რომ გავავლოთ, ჩვენი თავგაცხელებული იდეოლოგების რიტორიკის შინაარსით დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე დამპყრობლებთან, ამჟამინდელი ტერმინით ოკუპანტებთან თანამშრომლობის პერიოდში კოლაბორაციონისტები, ანუ ქვეყნის მოღალატეები გამოდიან. ხოლო დემეტრე თავდადებული, საერთოდ, მშიშარა ყოფილა, რადგან მტერთან ბრძოლას მის ბუნაგში უბრძოლველად მისვლა და მისი ხელით ნებაყოფლობით სიკვდილი ამჯობინა.
ახლა წარმოიდგინეთ, მათგვარად მოაზროვნეებს გავლენა რომ ჰქონოდათ მაშინდელ საქართველოში, ხომ აიკლებდნენ ქვეყანას რომ საქართველოს მოღალატე მეფეები მართავენ და დასამხობები არიანო? ისევე როგორც ახლა ამკობენ ყველა მას, ვინც ამბობს, რომ რუსეთთან ამ კატასტროფის მომტან დაპირისპირებას სჯობს რაციონალური დიპლომატიური პოლიტიკა გავატაროთო.
წერილის ამ ნაწილს დავასრულებ ნიკოლო მაკიაველის შეგონებით, რომელიც ზუსტად ახასიათებს ქართველი მეფეების ზემოთ აღწერილ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით აღსავსე ქმედებებს: “როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან - სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი. ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.”
გაგრძელება იქნება