როკ მუსიკამ კაცობრიობას დაუტოვა უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები, რომელთაც შეუძლებელია რომ გვერდი აუაროს ადამიანმა, იქნება ეს კლასიკური მუსიკის, ჯაზის, თუ ზოგადად ნებისმიერი ყაიდის მუსიკალური გურმანი.
ძალიან უცნაურია (თუმცა დავეჩვიეთ), მაგრამ ერთადერთი მუსიკალური ნაწარმოები, რომელმაც ავად თუ კარგად უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები საოპერო ჟანრში წარმოაჩინა, ზოგჯერ სატანიზმად შერაცხული როკ მუსიკის სფეროდანაა…
რატომ მოხდა ასე. ხომ შეიძლებოდა, რომ სახარების თემატიკის გადმოცემა ამგვარი ფორმით გაცილებით ადრე ეცადათ სამყაროს უდიდეს საოპერო კომპოზიტორებს, სანამ ეგვიპტის ფარაონებსა თუ შექსპირის გმირებს შეეხებოდნენ?
ეს სხვა თემაა. ჩვენ კი ალბათ მოვახერხებთ როკ სივრცით სახარების სიუჟეტის საოპერო ფორმით გადმოცემის ახსნას, თუკი გასული საუკუნის სამოციანი წლების მოვლენებს დავუკავშირებთ დასავლურ სამყაროში არსებული ომისშემდგომი პერიოდის სულიერ სიცარიელეს, რაც ერთის მხრივ სიყვარულით აღსავსე ჰუმანურობაზე დაფუძნებულ ჰიპიზმში გადაიზარდა, მეორეს მხრივ კი უფლისგან გარიყული ადამიანების ცრურწმენებში ვლინდებოდა.
ჯონ ლენონი, როდესაც განაცხადა, რომ ქრისტეზე პოპულარულია, მაშინ სულ რაღაც 26 წლისა იყო. პოპულარობა კი ამ ასაკისა კი არა, გაცილებით უფროს ადამიანებს ვნებს და აამპარტავნებს ხოლმე. ამიტომ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს ახალგაზრდა ლივერპულელისა, რომელთანაც მიჰყავდათ ხეიბარი ბავშვები სიტყვებით - "ჯონ, ოღონდაც ხელი შეახეთ და გაივლის"...
ასეთ აქციებში, მართალია, ჯონის მსგავს ხმამაღალ განცხადებებს გარეშე, პოლი და ჯორჯიც მონაწილეობდნენ; ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ უფლის ხარისხში აყვანამ გააღიზიანა ახალგაზრდა ჯორჯი, რომელმაც საბოლოოდ ქრისტიანობას ბარეღამ კერპთაყვანისმცემლობა ამჯობინა...
როკ ოპერა Jesus Christ Superstar -ის სიუჟეტი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა მე-20 საუკუნის არაერთი „ვარსკვლავის“ მიმართ ელვის პრესლით დაწყებული, ფრედი მერკურით დამთავრებული, რომლებმაც ცხოვრება სიმარტოვესა და სიცარიელეში, შოუ ბიზნესის სამსხვერპლოზე, სასტიკად მოწყენილებმა დაასრულეს.
როკ ოპერა Jesus Christ Superstar ენდრიუ ლოიდ უებერმა და ტიმ რაისმა დაწერეს. დღესდღეობით ორივე მათგანს მინიჭებული აქვს ყველა საპატიო წოდება, რაც შეიძლება რომ ბრიტანეთის მოქალაქეს გააჩნდეს, მაგრამ განსაკუთრებული წვლილის მიუხედავად, მათი აუგად მოხსენიება კარგა ხანს არ წყდებოდა როგორც სასულიერო პირთა, ასევე ზოგადად ქრისტიან თეოლოგთა მხრიდან.
ამას რასაკვირველია აქვს გამართლება. მეორე მხრივ, როგორ შეიძლებოდა სახარების ჭეშმარიტების უცოდველად გადმოცემა საერო ნაწარმოებით, რომელშიც იესოს მხოლოდ კაცობრივი ბუნებაა წარმოჩენილი. ბუნებაში, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანური განცდებითაა აღსავსე, ავტორთა ფანტაზიის არაერთ გამოვლინებას რომ მოიცავს...
როკ-ოპერის მიწიერებას უებერი და რაისი იმთავითვე აღიარებდნენ და საერთოდ -როგორ შეიძლებოდა კაცობრიობის მხსნელის აგრერიგად გაუფასურება ნაწარმოების სათაურშივე!
ამასაც ჰქონდა წინაპირობა. ერთ მშვენიერ დილას, ენდრიუ ლოიდ უებერმა გაზეთში იხილა სტატია სათაურით - „ტომ ჯონსი სუპერვარსკვლავი“. ამგვარად, გრანდიოზული ჩანაფიქრის სახელწოდების იდეაც გაცხადდა...
აწი საქმე ლიბრეტოზე მიდგა, რაც შემდგომში აუცილებლად დისკუსიის და კრიტიკის თემად უნდა ქცეულიყო. დუეტს უკვე ჰქონდა გამოცდილება ბიბლიურ თემატიკაზე მუშაობისა. 1968 წელს მუსიკალურ სამყაროს მოევლინა ორიგინალური მიუზიკლი Joseph And the Amazing Technicolor Dreamcoat, რაც „სუპერვარსკვლავის“ ერთგვარ რეპეტიციადაც შეგვიძლია მოვიაზროთ.
ყვავილების მეფედ ასოცირებულ მაცხოვარს კი თურმე მსოფლიო გადატრიალება უნდა მოეხდინა, 19-მილიონიანი ტირაჟით გაყიდულიყო და უამრავი ადამიანი მონათლულიყო ქრისტიანად მსოფლიოს მრავალ კუთხეში, სადაც იესოს შესახებ იქამდე არც კი სმენოდათ...
აქედან გამომდინარე, როკ-ოპერის კეთილისმყოფელი ზეგავლენა ცხადია. გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუპერვარსკვლავისა“ და მხატვრულ ფილმ „იესო ნაზარეველის“ ამ თვალსაზრისით საჭიროებას, წმინდა ბერი გაბრიელიც კი აღიარებდა...
ლიბრეტო კი ვნების კვირეულის უმთავრეს მოვლენებზეა აგებული. 1) უფალი იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში ხალხის შეძახილის „ოსანა“ თანხლებით, 2) მღვდელმთავრების შეკრება, რომელზედაც იღებენ იესოს მოკვლის გადაწყვეტილებას „ერის საკეთილდღეოდ“, 3) საიდუმლო სერობა, 4) იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში და მისი დაპატიმრება, 5) პეტრეს მიერ იესოს სამგზის უარყოფა, 6) იესოს დაკითხვა მეფე ჰეროდესთან და მის თანაშემწე პილატესთან. 6) პილატეს სასამართლო შეძახილების „ჯვარს აცვ“ თანხლებით, 7) გაროზგვა და ჯვარცმა...
სახარებისეული მოვლენების სწორად წარმოდგენის მიუხედავად, ავტორებმა იესოს „გამიწიერებასთან“ ერთად, რომელსაც ოპერაში ბოლომდე ვერც კი გაუაზრებია საკუთარი მისიის შესახებ, მარიამ მაგდალინელი იესოში „ჰიპურად“ შეყვარებულად, პილატე კი ადამიანურობა შენარჩუნებულ მოხელედ წარმოაჩინეს.
ამგვარ აღქმას 1973 წელს ფილმად გამოსულმა როკ ოპერამაც შეუწყო ხელი, რომლის მასობრივი სცენები სულისკვეთებით ვუდსტოკსაც კი მოგვაგონებენ. ვერაფერს ვიტყვით, „ღმერთი სიყვარულ არს“ ჰიპებმა მართლაც საკუთარ დევიზად აქციეს, ხოლო მათსავე ინტერპრეტაციას კი შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი იესო მიწიერ ღმერთად არ წარმოეჩინა.
საუკუნეების მანძილზე სამყაროს უდიდესი ჭეშმარიტების - მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების ადამიანურ ინტერპრეტაციას ეწეოდნენ წმინდა მამები როგორც თეოლოგიური, ასევე მხატვრობის (ხატწერისა) და მუსიკალური (საგალობლების) თვალსაზრისით, რაც ქრისტეანული მოძღვრების ჭეშმარიტებას განასახიერებდა.
ევროპული რენესანსის პერიოდში განვითარებულმა ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა კაცობრიობა სოციალ-დემოკრატიულ და ფსევდო ლიბერალიზმის იდეებთან აზიარა, რამაც სულ უფრო და უფრო დააშორა იგი სამყაროს ჭეშმარიტებასთან, რომლის გვირგვინი - უფლის აღდგომაც უამრავი ხილული თუ უხილავი სასწაულის მიუხედავად, მიუწვდომელი გახადა ქრისტეანთა უმრავლესობისათვის.
მოდით Jesus Christ Superstar-ის იდუმალ მხარეზე, ასევე უშუალოდ მასში მონაწილე მუსიკოსების შესახებ, ერთი კვირის შემდეგ ვისაუბროთ. თანაც საკმაოდ მარტივია გავიგოთ, თუ რაში გამოიხატება ნაწარმოების იდუმალება, რაზედაც კრიტიკოსები ან არ, ან ვერ საუბრობენ მხოლოდ იმის გამო, რომ ვერც კი გაუგიათ რას უსმენენ...