1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დაიწყო რუსეთის იმპერიის რღვევის მორიგი ტალღა, ამჟამად კი რუსული იმპერიის აღდგენის მცდელობას ვადევნებთ თვალს. რას ნიშნავს საქართველოსთვის რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნება, რატომ არ ცვლის რუსეთი იმპერიის აღდგენის მეთოდებს საუკუნეების განმავლობაში, რატომ უშვებს დასავლეთი ერთსა და იმავე შეცდომებს და რის გაკეთება შეუძლია საქართველოს რუსეთთან მორიგი მიერთების თავიდან ასაცილებლად, - ამ თემაზე საუბარს ისტორიკოს ვახტანგ გურულთან განვაგრძობთ.
ვახტანგ გურული: როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკისა და, ზოგადად, დასავლური სამყაროს დამსახურებაა, რომ არ დაიშალა რუსეთიც ავტონომიების დონეზე. საბჭოთა კავშირის დაშლა, უპირველესად, დისიდენტური მოძრაობის შედეგია, მაგრამ, მეორე მხრივ, მაშინ საბჭოთა კავშირს ისეთი ყეყეჩი ხელისუფლება ჰყავდა, რომ ისინი დასავლეთმა მოატყუა. გორბაჩოვს, როდესაც იგრძნო, რომ მოატყუეს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების არანაირი ბერკეტი აღარ ჰქონდა. სხვათა შორის, გორბაჩოვს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი არაფრით დათანხმდებოდა სსრ კავშირის დაშლას. რეალურად, რატომ დაიშალა საბჭოთა კავშირი? იმიტომ, რომ ელცინი დაეთანხმა ამას, შემდეგ - უკრაინა და ბელორუსია. ასრულდა სტალინის გამონათქვამი: ვერანაირი ეროვნული მოძრაობა ვერ დაშლის საბჭოთა კავშირს, თუ რუსეთი არ მოინდომებს ამასო. მართლაც, რუსეთმა მოინდომა საბჭოთა კავშირის დაშლა. ერთი სიტყვით, გორბაჩოვი მოატყუეს. დასავლეთმა გამოიყენა დაპირისპირება რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობებს შორის. რაღაც ძალები რუსეთში მაშინ დროულად მოვიდნენ გონს, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდათ. პირველი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც შექმნეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. როგორც ჩანს, დასავლეთი ელცინს წინასწარ მოელაპარაკა, რომ საბჭოთა კავშირის სანაცვლოდ შეიქმნებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, სივრცე, რომელშიც იქნებოდა რუსეთის ჰეგემონია. დსთ მაშინაც და ახლაც, ფაქტობრივად, ფორმალური გაერთიანებაა. მან ვერ შეუშალა ხელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ჩამოყალიბებას თვით ბელორუსიაშიც კი. მეტიც, ბელორუსიამ რუსეთსაც კი გაუსწრო, შრომის კულტურით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით და ასე შემდეგ. დასავლეთმა უბრალოდ დროებით შეაჩერა პროცესი, რომ ვითარება უმართავი არ გამხდარიყო და რუსეთის ავტონომიებს დამოუკიდებლობა არ მოეთხოვათ.
ჰქონდათ რეალური დამოუკიდებლობის პერსპექტივა რუსეთის ავტონომიებს 90-იანი წლების დასაწყისში?
- რა თქმა უნდა, მაგრამ დასავლეთმა რუსეთის ფედერაციის დაშლას ხელი არ შეუწყო. ჯერ ერთი, შეშინდნენ, რუსეთი ხომ ატომური ბომბის მფლობელი სახელმწიფოა, უმართავი პოლიტიკოსებით, რასაც შეეძლო, გამოეწვია უმართავი პროცესები. მეორე - ყველა ახლად შექმნილი სახელმწიფო მოითხოვდა გაეროში, ევროსაბჭოში, ნატოსა და ევროკავშირში შესვლას და გამოვიდოდა, რომ ყველა ეს ორგანიზაცია მოექცეოდა რუსეთის გავლენის ქვეშ, იმიტომ რომ წევრების უმეტესობა იქნებოდა საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები და რუსეთის ყოფილი ავტონომიები. ამიტომ დასავლურ სამყაროს ხელს არ აძლევდა რუსეთის ფედერაციის ავტონომიებად დაშლა. ამ ფონზე დასავლეთისთვის რუსეთის დასამშვიდებლად ძალიან ხელსაყრელი იყო დსთ-ის შექმნა, მაგრამ თვითონ ეს იდეა იყო დროებითი. ელცინი, როგორც უნდა შეფასდეს მისი მოღვაწეობა, მაინც დასავლეთიდან მართული ადამიანი იყო, ისევე, როგორც ბურბულისი, გაიდარი თუ ჩუბაისი. სწორედ ამ ხალხის დიდი დამსახურებაა, რომ რუსეთის შოვინისტურმა და სამხედრო ძალებმა ვერ იმძლავრეს. მათ რუსეთის ჯარი მოსპეს. წარმოგიდგენიათ, როგორ იყო დაუძლურებული რუსეთის არმია, რომ დუდაევს ვერაფერი მოუხერხა, ვერც მასხადოვს, სანამ ტერორისტული აქტები არ მოუწყოთ?!
ვერც ახლა უხერხებენ. როგორც ჩანს, რუსეთის ეს არმია ყველა დროს მხოლოდ ჩვენნაირების მოსარევად თუ გამოდგება.
- გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები: მასხადოვს 800-850 კაცი ჰყავდა, მათგან ნახევარი დაჭრილი იყო და ბანაკებში ისვენებდა, ანუ ის 400-450 მებრძოლით ებრძოდა მთელ 58-ე არმიას, მოსკოვის სპეცრაზმს. რაც დუდაევმა გროზნოში რუსებს გაუკეთა, ეს ხომ სამარცხვინო ფაქტია რუსეთის ისტორიაში?! უამრავი ტანკი დაუწვა მთავრობის სახლის წინ, მოედანზე.
ჩვენთვის ისიც საქმეა, რომ ვიღაცამ მაინც დაუწვა ტანკები რუსებს.
- მაშინ რუსეთის სამხედრო ელიტას ტაქტიკურად სწორად მოექცა დასავლური ორიენტაციის ხალხი: არმია მოუსპეს, მაგრამ პუტინის მოსვლით დაიწყო საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. ისმის კითხვა: დაუშვა თუ არა დასავლეთმა შეცდომა, როდესაც არ დაშალა რუსეთის ფედერაცია? შესაძლოა, დასავლეთი 1991-1992-იან წლებში თანახმა იყო რუსეთის დაშლაზე, მაგრამ რეიგანი და მისი გარემოცვა რეალისტურად აზროვნებდნენ: მათ შეეშინდათ, რომ რუსეთის დაშლის შემთხვევაში, ციმბირს ჩინეთი წაიღებდა. თუ ჩინეთი რუსეთის რეზერვებს მიიღებდა, უფრო დიდ თავსატეხს აჩენდა, ვიდრე რუსეთი. ასევე, შეეშინდათ, რომ იმავე ჩინეთს არ წაეღო შუა აზიაც.
ჩემი აზრით, ციმბირის ფაქტორმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ რუსეთი ავტონომიებად არ დაშალეს, თუმცა, საერთო ჯამში, დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა. გეტყვით ერთ პარალელს: 1917 წელს რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები. ყველას იმედი ჰქონდა, რომ ისინი დამარცხდებოდნენ. ინგლისი ეხმარებოდა „თეთრ მოძრაობას“, მაგრამ ბოლშევიკებმა მაინც გაიმარჯვეს: დაიპყრეს უკრაინა, სამხრეთ კავკასია და ამ დროს ინგლისის დიპლომატია, ლოიდ ჯორჯის მეთაურობით, უშვებს სტრატეგიულ შეცდომას, რომელიც დღემდე ძვირად უღირს დასავლურ სამყაროს: პირველი მსოფლიო ომისგან დანგრეულ ევროპას ესაჭიროებოდა აღდგენა, რადგან ომმა ერთნაირად დააზარალა როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული ქვეყნები. ევროპის ნომერ პირველი პრობლემა იყო ხორბალი. ხორბლის შესაძენად ორი გზა არსებობდა: ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი.
არ მითხრათ, რომ რუსეთისგან იყიდეს?!
- აი, ამას მოგახსენებთ. ლოიდ ჯორჯი შემდეგნაირად აზროვნებდა: ამერიკიდან რომ ხორბალი შემოვიტანო, ამას ამერიკა მოაყოლებს თავის გავლენას, დაჩაჩანაკებული რუსეთი კი რის მომთხოვნიაო. ამიტომაც რუსეთს შეუკვეთეს მილიონობით ტონა ხორბალი, რამაც საბჭოთა კავშირს მოუტანა მილიონობით ვალუტა. ერთი სიტყვით, ლოიდ ჯორჯმა გადაარჩინა გაკოტრებული ქვეყანა - საბჭოთა რუსეთი, რომელიც მის გარეშე თავის ჭუჭყში ამოიხრჩობოდა. სტალინმაც როგორ აუღო ამას ალღო?! თავის მოსახლეობას შიმშილით ხოცავდა, რომ ევროპისთვის ხორბალი მიეწოდებინა. მეორე მხრივ, ევროპის სამხედრო წარმოებასა და ეკონომიკას სჭირდებოდა ენერგომატარებლები. საიდან მიდიოდა მაშინ ენერგომატარებლები ევროპაში? ბაქოდან, იმიტომ რომ ციმბირის საბადოები იმ ხანად ათვისებული არ იყო და საბჭოეთში ნავთობის წარმოების 90 პროცენტი ბაქოზე მოდიოდა. აი, რატომ იკლავდა რუსეთი თავს საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის. იმ პერიოდში მთელი ევროპა ბაქოს ნავთობზე მუშაობდა. მეტიც, ევროპის სამხედრო მრეწველობას სჭირდებოდა მანგანუმი. საიდან შედიოდა მანგანუმი ევროპაში? საქართველოდან, ჭიათურიდან. ამის სანაცვლოდ კი სტალინი იღებდა ვალუტას, რამაც შეაქმნევინა უზარმაზარი არმია, რომელიც დღესაც თავსატეხად აქვს ევროპას. იგივე შეცდომა გაიმეორეს ევროპელებმა მეოცე საუკუნის დასასრულსაც: იმის ნაცვლად, რომ ლოიდ ჯორჯის შეცდომა გაეთვალისწინებინათ, სწორედ დასავლეთმა ამოაქაჩვინა რუსეთს ეკონომიკა, იმის შიშით, ამას ატომური ბომბი აქვს და ხვალ ლონდონსა და პარიზს არ ესროლოსო.
გამძღარი რუსეთი უფრო უკეთ არ მოარტყამს სამიზნეებს?
- რა თქმა უნდა, რომ გაძღება, მერეა უფრო საშიში. ისევ პარალელებს მოვიხმობ: 1941 წლის ივნისში დაიწყო ომი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, მაისში კი საბჭოთა კავშირმა საწვავის ბოლო პარტია მიაწოდა ჰიტლერს. ესე იგი, საბჭოთა საწვავიანი თვითმფრინავები ბომბავდნენ საბჭოთა ქალაქებს, მაგრამ, სამაგიეროდ, სტალინი ვალუტას იღებდა. შევხედოთ ამ საკითხს მეორე მხრიდან: ერთი მხრივ, საბჭოთა რუსეთში ევროპიდან ვალუტა შედიოდა და, მეორე მხრივ, ამაზე იყო აწყობილი მთელი ევროპის ეკონომიკაც: ევროპული საქონელი რუსეთში საღდებოდა, რუსეთი კი ფულის ნაცვლად ნავთობით იხდიდა. პუტინის გაპრემიერმინისტრება, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება იყო. ხედავთ, რა პროცესი მოხდა რუსეთში? ყველა ვალი დაფარა რუსეთმა! ვითარება ისე აეწყო, რომ ლოიდ ჯორჯის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება უკვე აღარ შეეძლოთ მის პოლიტიკურ მემკვიდრეებს. იმ შეცდომის გაგრძელებაა ნატოს წევრი ქვეყნის, საფრანგეთის, მიერ რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვაც. პუტინმა თქვა: სსრ კავშირის დაშლა დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო, ანუ ეს ადამიანი სტალინზე უფრო საშიშია! სტალინი ასეთ რაღაცეებს ხმამაღლა მაინც არ ამბობდა.
ესე იგი, არანაირი აზრი არ აქვს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას?
- აქვს აზრი, მაგრამ 20 წელია, ევროპა რუსეთს უყურებს, როგორც მომაკვდავ სახელმწიფოს, მაგრამ არ კვდება ეს სახელმწიფო! 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ნატოს გენერალი გამოდის და ამბობს, საქართველოს გამო როგორ უნდა დაგვეწყო ომი რუსეთთან, როდესაც რუსეთთან ომის კონცეფცია არ გვაქვსო?! პირველმა მსოფლიო ომმა დაანგრია ევროპის პოლიტიკური წესრიგი, მანამდე, ასი წლის განმავლობაში, ევროპა ახერხებდა რუსეთის ჩათრევას ევროპის ცხოვრებაში, მაგრამ ერთგან რომ დაუთმობდა, მეორეგან კისერს მოსტეხდა. ნაპოლეონს აქვს ნათქვამი: განა არ ვიცოდი, რუსეთს რომ ვერ დავიპყრობდი, მაგრამ მინდოდა, ევროპის ნაწილად მექციაო. ამისთვის კი რუსეთის დაპყრობა იყო საჭირო, მაგრამ ვერ აქცია ნაპოლეონმა რუსეთი ევროპის ნაწილად, თუმცა მისი მარცხის შემდეგ ვენის კონგრესმა ეს რაღაცნაირად მაინც მოახერხა. იცით, რატომ დაინგრა ვენის კონგრესის მიერ შექმნილი სისტემა? იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნებმა დაჭამეს ერთმანეთი.
გამოდის, რომ ისევ უკან გვითრევს ეს რუსული სამყარო?
- წყლის ნაყვაა იმაზე ლაპარაკი, თუ რა მოხდება საქართველოში 5 წლის შემდეგ. ჩვენ არ ვიცით, ვინ გახდება პრეზიდენტი რუსეთში, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში: „რესპუბლიკელები“ თუ „დემოკრატები?! იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან მზისქვეშეთში მუდმივი არაფერია.
თუმცა დასავლეთმა უკვე წაართვა რუსეთს აღმოსავლეთ ევროპა, ანუ სანიტარულ დერეფანში მოყოლილი ქვეყნები?
- რუსეთისთვის ახალი იმპერიის შექმნაში სამხრეთ კავკასია კი არ წარმოადგენს პრობლემას, არამედ - უკრაინა, რადგან ახალი რუსული იმპერიის აღდგენა შეიძლება, სწორედ უკრაინამ ჩაშალოს. ბალტიისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის საქმე კი ისე იქნება, როგორც ამას ევროპა გადაწყვეტს იმისდა მიხედვით, დაიცავს თუ არა ამ ქვეყნებს. მთავარი უკრაინის საკითხია. გაიხსენეთ, როგორი მოთმინებით აკეთებდნენ ყველაფერს. თითქოს გადაყლაპეს იუშჩენკოს გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის გაეკოტრებინათ. ანუ რუსეთმა უკან დაიხია და, ბოლოს და ბოლოს, რით გამოიყვანა იუშჩენკო მდგომარეობიდან? ნავთობით და გაზით! გადააკეტინა ევროპისთვის ნავთობი და გაზი და ის დასავლეთს დაუპირისპირა. შესაბამისად, დასავლეთმაც ასე იფიქრა: უშლის იუშჩენკო ხელს მათ ენერგომომარაგებას? ესე იგი, ის უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. მერკელმა იმიტომ გაწირა იუშჩენკო, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი თავი უნდა გაეწირა. გაყინული ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებში მას აღარ მისცემდა ხმას. ასე რომ, რუსეთმა პუტინის ნაცვლად ევროპას იუშჩენკოს სახით შეუქმნა საფრთხე. ის, რომ უკრაინაში რუსეთმა გაიმარჯვა, ძალიან ცუდია როგორც საქართველოსთვის, ისე ბალტიისპირეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი ბოლომდე მაინც ვერ იქცევა რუსეთის სატელიტად. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რუსეთი ბინძურ თამაშს იწყებს სომხეთისა და თურქეთის შერიგებით, ეს ხომ ჩვენკენ მომართული დარტყმაა?!
რა თქმა უნდა, სომხეთი ამოგვაგდებს ყველანაირი პროექტიდან.
- თუ ყარსის რკინიგზა გაიხსნა, მთელი ტვირთები იქით წავა. თურქეთმა შესაძლოა, მუსლიმანური სახელმწიფო - აზერბაიჯანი გაწიროს და ამას შეიძლება, მოჰყვეს კონფლიქტი. მეორე მხრივ, რომ არც გაწიროს თურქეთმა აზერბაიჯანი და არ დაუმეგობრდეს სომხეთს, მაშინ ყარაბაღში ომი დაიწყება და ამას რა მოჰყვება? რუსეთი შემოვა მშვიდობისმყოფელად და დამთავრდება ყველაფერი: ის ყველაზე ახლოსაა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და რუსეთი გაეროს ჯარს სამხრეთ კავკასიაში არ გააჭაჭანებს. მით უმეტეს, რომ ამერიკას ძალიან სჭირდება რუსეთის დახმარება ერაყშიც, ავღანეთშიც და ირანთან ურთიერთობაშიც. ასე რომ, სავსებით რეალურია, რომ რუსეთის ჯარი მშვიდობისმყოფელად შემოვიდეს სამხრეთ კავკასიაში. გაგახსენებთ 1998 წელს რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ ხელმოუწერელ წერილს, რომლის ავტორებადაც ასახელებენ მიგრანიანსა და ზატულინს. წერილში ახსნილია, თუ როგორ უნდა აკონტროლოს რუსეთმა საქართველოში სიტუაცია. კერძოდ, არ უნდა მისცეს კონფლიქტების მოგვარების საშუალება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ხოლო ერევანი უნდა წააქეზოს ჯავახეთის მიტაცებისკენ.
ფინეთმა დაკარგა ტერიტორია და სანაცვლოდ მიიღო დანარჩენი ფინეთის დამოუკიდებლობა, ჩვენ ესეც ვერ მოვახერხეთ?
- ჩვენ „მისტრალზე“ ვდარდობთ, მაგრამ რად უნდა რუსეთს „მისტრალი“? მით უმეტეს, თქვა, რომ კურილიის კუნძულებისკენ წაიყვანს, მთავარი აქ სხვა საკითხია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენთან ტურიზმი უნდა იქცეს მილიარდების შემომტან საშუალებად, მაგრამ, თუ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა იქნა, ვინ ჩამოვა ჩვენს კურორტებზე?! მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული რუსეთმა აითვისა ევროპული დიპლომატიის სისუსტეები და ყველა ხერხი, რომელიც გამოდგება მცირე ზომის ქვეყნის მოსახრჩობად. ამიტომაც დღეს შოკურ მდგომარეობაში ვყავართ - თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას. მოვიყვან ისტორიულ პარალელს: რუსეთის იმპერატორმა 1801 წელს მოაწერა ხელი მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. 1802 წელს შემოიყვანეს ჯარი და დაიკავეს ყველა სტრატეგიული ადგილი. ამ დროს კი იმერეთში სოლომონ მეორეა, წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა: რუსეთმა დაამარცხა თურქეთი, სოლომონს არ აქვს არც ირანის დახმარების იმედი, ევროპა დუმს, სოლომონს კი შეუძლია, შეკრიბოს მხოლოდ 2 000-3 000 კაცი, მაგრამ რუსეთი არ გადადის იმერეთის სამეფოში. თუმცა ყველანაირად უწყობს ხელს კვდომის პროცესს: დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ქვეშევრდომობაში მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმერეთის მეფე ვერსად შეიყვანდა თავის ჯარს. ამის პარალელურად, რუსეთმა ბოლომდე გადაიბირა სოლომონის გარემოცვა: ზოგი დააშინა, ზოგი მოისყიდა და მხოლოდ 1809 წელს გააუქმა მეფობა იმერეთში. დღესაც იმავეს აკეთებს რუსეთი. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, მაგრამ მაქვს ჩემი აზრი და, ჩემი აზრით, რუსეთი ახლა ომს არ დაიწყებს. მან უკვე გადასანსლა დიდი და მსუქანი ნაჭერი და ევროპამ ამაზე თვალი დახუჭა. ჩვენ გართულებას ცხინვალიდან და აფხაზეთიდან ველით, მაგრამ, რეალურად, ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ არის ორი-სამი რეგიონი, სადაც რუსეთი ძალიან ცუდ რამეებს გვიმზადებს?! ასე რომ, რუსული იმპერიის აღდგენის პროცესი არა მხოლოდ ჩვენთვის, ევროპისთვისაც დამღუპველია. ჩვენ ამ პროცესს ვერ გავაჩერებთ, აქ ევროპამ უნდა თქვას თავისი გადამწყვეტი სიტყვა. რუსეთის სივრცეში ჩვენი დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, როგორც ერი და სახელმწიფო სამუდამოდ დავასრულებთ არსებობას. თუ რუსეთის გავლენის სფეროში დავბრუნდებით, მოსკოვში ჩასულ ქართველებს მეტროშიც კი არ შეუშვებენ, რადგან დაიწყება ჩვენზე შურისძიება, ამიტომ პოლიტიკური ვექტორის ცვლილება არ შეიძლება. პროცესი შესაძლოა, ისე სისხლიანი არ იყოს, როგორც გასული საუკუნის 20-იან წლებში, მაგრამ შედეგით უარესი იქნება, რადგან საქართველომ ბევრი გეგმა ჩაუშალა რუსეთს და ყველაფერს გვაზღვევინებენ.
რუსულ ინტელიგენციაში დადის ხმა, რომ საქართველო მუხლებზე დაჩოქილი უნდა მოვიდეს, რომ შემდეგ კიდევ ერთხელ არ თქვან, დაგვიპყარითო! ერთი სიტყვით, ჩვენ ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ, ეს არის დასავლური სამყაროსა და რუსეთის დაპირისპირება. არ მგონია, დასავლეთმა ისე დაკარგოს რეალისტური აზროვნების უნარი, რომ დაუთმოს რუსეთს, თუმცა ჩვენზე მხოლოდ ერთი რამაა დამოკიდებული: ჩვენ შეგვიძლია ერთი აზრი გვქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე პროცესებს უნდა დავუპირისპიროთ შინაგანი ერთობა. შინააშლილობა და მუდმივად სამოქალაქო ომის ზღვარზე დგომა დასავლეთსაც დაუკარგავს ჩვენი დახმარების ხალისს. რუსეთიც ამ დღეს ელოდება.