გამარჯვება, რომელიც ზოგჯერ ტრაგედიის მოახლოებასაც უწყობს ხელს

გამარჯვება, რომელიც ზოგჯერ ტრაგედიის მოახლოებასაც უწყობს ხელს

„არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე და კარგი ცუდის გარეშე“

მაგალითი პირველი:

ძნელია მოძებნო ათვლის წერტილი, თუ როდის დაიწყეს მუსულმანებმა ქართველთა მიმართ შურისძიებაზე ფიქრი.

იქნებ ბასიანის ბრძოლის დროს, როდესაც ტყვედ ჩავარდნილი ერზინკის ამირა თამარ მეფემ ცხენის ნალში გაცვალა.

ან იქნებ ჯერ კიდევ 1195 წელს, როდესაც შამქორის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე ქართველებმა გამოატარეს 12 000 ტყვე-მუსლიმი, 40 ავაზა, 20 000 ცხენი, 7 000 ჯორი, 15 000 აქლემი, ურიცხვი ლარი, ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი და მუსლიმთა საომარი დროშები. ხალიფას დროშა კი ძვირფასეულობასთან ერთად თამარ მეფემ ხახულის ტაძარს შესწირა.

ამ მხრივ, ნურც 1210 წელს დავივიწყებთ: ქართულმა ლაშქარმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით ჩრდილოეთ ირანი დალაშქრა. თამარის მხედრობამ ჯერ ქალაქი მარანდი აიღო, ხოლო შემდეგ თავრიზს მიადგა. შეშინებულმა თავრიზელებმა უბრძოლველად ჩააბარეს ქალაქი ქართველებს. მიართვეს უამრავი საჩუქარი ძღვენის სახით და ლაშქრისათვის სურსათ-სანოვაგე. ქართულ ჯარს ასევე უბრძოლველად დამორჩილდა მიანაც. ამის შემდეგ ბრძოლით იქნა აღებული ზენჯანი, ყაზვინი და ირანის შუაგული რომ-გური (ხორასანი). ასეთი ხანგძლივი და შორეული ლაშქრობა ქართველებს მანამდე არ ჩაუტარებიათ. ლაშქარს იმდენი ნადავლი დაუგროვდა, რომ წინსვლა შეუძლებელი შეიქნა. უკან მობრუნებულმა მხედრობამ სასტიკად დასაჯა მიანის გამგებელი იქ მცველად დატოვებული ქართველთა მხედრობის ამოწყვეტის გამო.

ამ ამბებიდან გადის წლები, მაგრამ დრომ ქართველთაგან დამარცხებულ მუსულმანებში შურისძიების წყურვილი მაინც ვერ გაანელა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მონღოლებისგან დევნილმა ჯალალედინმა, პირველსავე მოწოდებაზე გაერთიანებულიყვნენ მუსულმანები ერთი დროშის ქვეშ ურჯულო ქართველების წინააღმდეგ, 100 ათასზე მეტი მეომარი სალაშქროდ უმალვე შეკრიბა.

XIII ს-ის დასაწყისში ქართული მხედრობის უკანასკნელმა დიდმა ლაშქრობამ, მართალია, საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ამავე დროს 1225 წელს გარნისთან ჩვენს დამარცხებასაც შეუწყო ხელი.

მაგალითი მეორე:

1978 წლის 14 აპრილიდან 1989 წლის 9 აპრილის საბედისწერო დღემდე თითქმის 11 წელი იყო გასული, ეს ისტორიისთვის უმნიშვნელო დროა, მაგრამ ის პერიოდია, წუთიც რომ საუკუნედ გეჩვენება. ამასობაში კი საბჭოეთის ცხოვრებაში ბევრი რამ უკვე შეცვლილიყო. მაშინ ქართული ენის დასაცავად ქუჩებში გამოსული ხალხი დაუძლურებული ლეონიდ ბრეჟნევის ძირმორყეულმა რეჟიმმა დაინდო და დასახვრეტად არ გაიმეტა, მოგვიანებით ჩვენს მიერ საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენით შეფასებული ეს გამარჯვება მითად ვაქციეთ. სიფრთხილის გამოჩენის უნარის დაკარგვამ კი 1989 წლის ტრაგედიამდე მიგვიყვანა. მხედველობიდან გამოგვრჩა, რომ ცბიერ გორბაჩოვს ამოფარებული ძალები ბოროტების იმპერიის დემონტაჟის დასაჩქარებლად ზვარაკს საჭიროებდნენ. საუბედუროდ, ეს მსხვერპლი ერთ-ერთმა პირველებმა ჩვენ გავიღეთ.

გახსოვთ, ალბათ, იური მეჩითოვის ფოტო 9 აპრილის დღეებში დიდი მასშტაბით რომ დაიბეჭდა. სხვისი არ ვიცი და, როდესაც მას ვუყურებ, ყოველთვის ეჟენ დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“ მახსენდება: “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა”…

როგორც გენიალური მხატვრის ფუნჯის თითოეული მოსმა ამბოხითა და დაუმორჩილებლობითაა გაჟღენთილი, ისეა ამ ფოტოზეც ეს ყოველივე გადმოცემული. ულამაზესი ქალი დროშით ხელში, სახეზე რისხვა რომ აღბეჭდია, თავისუფლებისაკენ შეუჩერებელ ლტოლვას განასახიერებს…

ამ ფოტოს შემქმნელმა, როგორც დიდმა მხატვარმა სამშობლოს წინაშე ვალი თავისი ტალანტის წყალობით მოიხადა და თქვა: “თუ მამულისთვის არ მიბრძოლია, მისთვის მაინც ხომ ვხატავდიო”.

უყურებ ამ ფოტოს და ხვდები, რატომ და როგორ სწირავდა ხალხი თავს თავისუფლებისათვის. იმასაც გრძნობ, რატომ არის თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარი ამქვეყნად.

მაშინ, 9 აპრილს ამ გოგონას შემდგომი ცხოვრება, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალი სულ სხვანაირად წარმოგვედგინა. მაგრამ რას იზამ, როცა ოცნება ხშირ შემთხვევაში განხეთქილებაშია სინამდვილესთან. ის, დღესაც, ყველასათვის კარგად ნაცნობი უცნობია, რომელიც გვიცქერს ფოტოდან. მისი ყოფიერება კი ცოტამ თუ იცის, რომ ისეთივე მძიმეა, როგორც მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტის საკუთარი სამშობლოდან გაჭირვებას რომ გაექცა. მთელი 25 წელი მოიცვა ამ ერთმა წინადადებამ...

მაშინ, ვინ ან რა არის დამნაშავე ჩვენი ილუზიების მსხვრევაში? კითხვები, რომლებიც გვტანჯავს და მეოთხედი საუკუნის შემდეგაც კვლავაც პასუხგაუცემელი გვრჩება. ჰოდა, კიდევ გვიკვირს მოჯადოებულ წრეზე დაუსრულებლად რატომ ვტრიალებთ? იქნებ დროს ველოდებით, რომელიც ყველაფერს ჩამოწერს.