„ძრწოდე, რუსეთო, ბაჩო ახალაია მოდის!“

„ძრწოდე, რუსეთო, ბაჩო ახალაია მოდის!“

ზაფხულის მიწურული ნავსიანი არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების აწ უკვე ძველი, თავდაცვის, ასევე, აწ უკვე ყოფილი მინისტრისთვისაც აღმოჩნდა (ოღონდ ბ-ნ ჟვანიაზე ნაკლებად, რადგან „ჩამოლაბო-რანტებულ“ ბ-ნ სიხარულიძეს პრეზიდენტის მრჩევლობა მაინც უწყალობეს).

თავდაცვის მინისტრის ცვლილების შესახებ უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე გვამცნეს, სადაც პრეზიდენტი გამოგვიტყდა, რომ არ აკმაყოფილებს შეიარაღებული ძალების ის ფორმა, რომელშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან (ვერც დააკმაყოფილებს, რადგან ჩვენს არმიას უკუქცეული 58-ისთვის, წესით, მოსკოვამდე უნდა ედევნა!).

ჰოდა, არმიის ფორმაში მოსაყვანად ქართველ სამხედროებს უეპოლეტებო სარდლად ქართული ძირების მქონე ქურდების რისხვა - სულ რაღაც 28 წლის ბ-ნი ბაჩო ახალაია დაინიშნა (რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა უკვე მოხსნა საქართველოს მთავრობაში არსებული ყველა რეკორდი, ბუნებრივია, მხოლოდ ასაკობრივი თვალსაზრისით).

ახალი მინისტრის დანიშვნის მოტივი მთავარსარდალმა ასე ახსნა: ბაჩო ახალაიას ეშხით საქართველოს ტერიტორიაზე ქურდს ვეღარ გაუჭაჭანებიაო, რაც, სავარაუდოდ, აფიქრებინებს, რომ მალე მისი შიშით ცხინვალსა და სოხუმში ჩვენებური სეპარატისტები, მოსკოვში კი - ოკუპანტები ვერ გაფაჩუნდებიან!

თავის მხრივ, ახალგაზრდა (და, თუ ჩვენს ელმედიას ვერწმუნებით, უნივერსალური კადრი, რომლის ბიოგრაფიასაც, თურმე, ხინჯს წამლადაც ვერ უპოვი) მინისტრი დაგვპირდა, რომ მისი ამოცანაა: მშვიდობა, მოდერნიზაცია და ნატო (დაახლოებით ასე: მიწა - გლეხებს, ფაბრიკა-ქარხნები - მუშებს)!

ამის მიუხედავადაც: პრეზიდენტმა აღარ დაგვიმალა, რომ თბილისის გარშემო თავდაცვის ზღუდეების გამაგრების ოპერაციაც დასრულებულა. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი არსებობის მთავარი ამოცანა მთავრობის არჩამოშლაა, წესით, სავსებით საკმარისი იქნებოდა თავდაცვის ზღუდეების პრეზიდენტის მილიარდიანი რეზიდენციისთვის შემოვლება (იმიტომ, რომ „ორთავ თვალის სინათლეა“)!

ერთი სიტყვით, „ძრწოდე, რუსეთო, ახალაია მოდის!“