ირაკლი წერეთელი სოჭის დაბრუნებას აპირებს

ირაკლი წერეთელი სოჭის დაბრუნებას აპირებს

მიტინგებს თბილისში ახლა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი,ირაკლი წერეთელი იწყებს, ოღონდ არა - პრეზიდენტის გადადგომის, არამედ დეოკუპაციის მოთხოვნით, საქართველოს და ამერიკის უფრო დაახლოების და ნატო–ში შესვლის სურვილის დაფიქსირებით.

ირაკლი წერეთელი:

- საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი ყოვლად უსინდისოდაა ოკუპირებული რუსეთის მიერ და დეოკუპაცია ნომერი პირველი ქართული პრობლემაა, როგორც სახლმწიფოებრივი, ისე ეროვნული. როგორც ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი უცვლელი ლიდერი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის და დეოკუპაციის კომიტეტის ერთ–ერთი დამფუძნებელი, თავს ვალდებულად ვთვლი, მაქსიმალურად გავააქტიურო ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციის მიმართულებით, რადგან საქართველოს დეოკუპაციის გარეშე სრულფასოვანი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა არ უწერია. ახალს არაფერს ვიწყებთ, უბრალოდ ახალ ეტაპზე აგვყავს ის ბრძოლა, რომელიც 1989 წლიდან დავიწყეთ. აგვისტოს აგრესიის შემდეგ გვინდა, ეს მასშტაბები გავზარდოთ. მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკოსს, არც სახელისუფლებოს და არც არასახელისუფლებოს, ისე ღრმად არ აქვს შესწავლილი ეს საკითხი, როგორც მე და ჩემს პოლიტიკურ ძალას. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ გააძლიერებს ამ საქმეს. ეს იქნება პერმანენტული მიტინგები შესაძლებლობების მიხედვით, რადგან დღეს აქციების ჩატარება მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული. 35 კაციანი აქციის ჩატარება, თავისი პროკლამაციების დაბეჭვდით, გავრცელებით, თარგმანით 150 ლარი დამიჯდა.

ასეთი დიდი საქმისთვის 150 ლარი რა არის?

- ის არის, რომ ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარია. გვინდა, დეოკუპაციასთან ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი ქართველი გავაწევრიანოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ყველა ქართველმა დეოკუპაციისთვის თვეში 1 დოლარი რომ გაიღოს, საკმაოდ დიდი თანხა იქნება და აქციებიც მძლავრი გახდება.

პარლამენტის წინ ადგილი დაკავებულია. სად აპირებთ მიტინგების მოწყობას?

- ნებისმიერ ადგილზე, სადაც საჭიროდ ჩავთვლით. არავის შევეკითხებით, ისე მივალთ პარლამენტის შენობის წინ. ეგღა მაკლია, დეოკუპაციის მოთხოვნით ჩავატარო აქცია და ვინმემ წინააღმდეგობის გაწევა გამიბედოს!

იქ აქციებზე აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებია.

- ჩვენ იმ მოთხოვნებს არ ვეწინააღმდეგებით, ოპოზიციასთან არ შევდივართ არანაირ კონფლიქტში და ამის გამო ოპოზიციის თემაზე ინტერვიუებს 9 აგვისტომდე შეგნებულად დავადე ვეტო, მაგრამ ნებისმიერ ადგილზე ჩავატარებ აქციას და არავის არაფერს ვკითხავ. ეს არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და არა - ხელისუფლების. ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს მაშინ დავიწყებ, როცა გავძლიერდები და დავინახავ, რომ სახელისუფლებო რესურსი ყველა მიმართულებით ამოიწურა.

9 აგვისტო რატომ აირჩიეთ ბოლო ვადად?

- არ მინდა, ოპოზიციას ხელი შევუშალო, მაგრამ ხომ არ შეიძლება, სულ არ ვილაპარაკო ამ თემაზე?! 9 აგვისტოსთვის 4 თვე იქნება გასული და ყველაფერს შევაჯამებთ.

პარლამენტის წინ მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. წინააღმდეგობაში ხომ არ მოხვალთ?

- ეგ ჩემი ერთ–ერთი მოთხოვნაა, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ხელისუფლება პროამერიკული, პროქართული, ანტირუსული და ანტისაოკუპაციო პოზიციებიდან უნდა შეიცვალოს.

მაშინ რატომ არ შეუერთდით იმ აქციებს?

- როგორ შემიძლია შევუერთდე იმ აქციებს, როცა ის მოთხოვნა მე უფრო ადრე მქონდა დაწყებული?! ამ საკითხზე ბევრი ინტერვიუ გამოვაქვეყნე, ბევრი დამახინჯდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მე ხელისუფლების მომხრე ვიყო ოპოზიციის წინააღმდეგ. ღმერთმა დამიფაროს! მე მაქვს მკვეთრი დამოკიდებულება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ და ამ ყველაფერზე 9 აგვისტოს ვილაპარაკებ. მანამდე ყველას წარმატებას ვუსურვებ. თუ რაღაც საგანგებო სიტუაცია არ შეიქმნება, აღარ მინდა, ქართველებს დავუპირისპირდე. მინდა, მხოლოდ რუს ოკუპანტებს დავუპირისპირდე და ყველა ქართველთან ვიმეგობრო, იმის მიუხედავად, ვინ ვისთან მეგობრობს და ვინ ვის ჭამს. იმ ქართველებთან კი, ვისაც არ უნდა რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ამერიკის და საქართველოს სტრატეგიული მეკავშირეობა, ნატო–ში გაწევრიანება, მკვეთრი დაპირისპირება მექნება.

ხელისუფლება და იმ პარტიის ლიდერები, რომლებიც პროსახელისუფლებო ოპოზიციად მიიჩნევიან, სწორედ ასეთ განცხადებებს აკეთებენ, რატომ არ მოითხოვთ მიტინგებზე, რომ რუსები წავიდნენ, რომ აგვისტოში რუსეთი იყო აგრესორი და ა.შ. არ გეშინიათ, სახელისუფლებო მოთამაშედ ჩაგთვალონ?

- არაფრის მეშინია, რადგან ყველა ქართველმა, ვინც იდიოტი არ არის, კარგად იცის, ვინაა ირაკლი წერეთელი და ჩემთან თამაში არ არსებობს. რუსეთის იმპერიის და დღევანდელი ხელისუფლების არ მეშინია. რისი უნდა მეშინოდეს?!

შეიძლება გაგახსენონ, თავის დროზე სააკაშვილს უჭერდა მხარსო.

- მე კი არ ვუჭერდი სააკაშვილს მხარს, სააკაშვილმა თავისი ვარდების რევოლუციით მხარი დაუჭირა იმ მოთხოვნას, რომელიც მე სააკაშვილზე ადრე მქონდა. შევარდნაძის გადაყენებას 1994 წლიდან ვითხოვდი. დაგავიწყდა, შენს ჟურნალში რომ ეწერა, 30 დღე რომ ვიშიმშილე სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და არავინ გამომიცხადა სოლიდარობა, რამდენიმე ადამიანის გარდა?!

სააკაშვილი ხომ არის პროამერიკული ძალა, ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობა, ნატო–ში შესვლა უნდა. რა ერჩით?

- ამ ეტაპზე მე ვიბრძვი რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლებაზე. სამწუხაროდ, სააკაშვილს აქვს მიუტევებელი, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი შეცდომები დემოკრატიის საკითხებში და ნატო და ამერიკასთან ურთიერთობა დემოკრატიის გარეშე არ არსებობს. სანამ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ გამოხდომებს არ მოიშლიან, ჩემი მისადმი დამოკიდებულება ყოველთვის უარყოფითი იქნება. თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ესა თუ ის აქცია ანტიკონსტიტუციურ ხასიათს ატარებს, ის კანონის საფუძველზე ოფიციალურად უნდა აღკვეთოს, მაგრამ ეს აქციები ბოლომდე მშვიდობიანი და ლეგიტიმურია.

დეოკუპაციაში რას გულისხმობთ?

- რუსები უნდა გავიდნენ საქართველოს მთელი ტერიტორიიდან. პერსპექტივაში ვგულისხმობ სოჭს, ადლერს და იმ ტერიტორიებს, რომელიც რუსეთმა 1921 წელს წაგვართვა. ისინი უნდა დავიბრუნოთ.

რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ ტერიტორიებიდან უკვე გავიდა ეუთო და გაერო. რამდენად რეალურია თქვენი მოთხოვნა?

- ძალიან რეალურია. ცოტა ხანში დავიწყებთ მუშაობას, რომ გაერო რეალურ ქმედით ორგანოდ გარდაიქმნას ან საერთოდ დაიშალოს. როცა დაიდება ჩარჩო სამოკავშირეო ხელშეკრულება ამერიკასთან, ამერიკელები და ქართველები ერთად მივხედავთ რუსეთს. ოღნოდ ამას გარკვეული დრო, მოთმინება, სიმტკიცე და შემართება დასჭირდება.

მგონი, რუსები უკვე რაჭაში შემოდიან, თქვენ კი სოჭის დაბრუნებაზე ლაპარაკობთ.

- მოვა დრო, როცა ჩვენ და ამერიკელები ჩრდილოეთ კავკასიაშიც შევალთ და რუსეთს იქიდან საერთოდ ამოვუკვეთავთ ფეხს.

ხალხი იმ დიდ აქციებზე აღარ მიდის და იმედი გაქვთ, რომ თქვენთან მოვა?

- ქართველი ხალხის წინაშე ამაზე დიდი ამოცანა და მიზანი არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ დეოკუპაციის მოძრაობა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში გაშლის ფრთებს, რადგან საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ შევუტევთ და მოვიგებთ!

მარტო აპირებთ ამ ბრძოლას?

- ნებისმიერს შეუძლია, შემოგვიერთდეს, ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება თუ ხელისუფლების. გვაქვს კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან და მადლობის წერილი მივიღეთ მათთან თანმშრომლობის გამო. ამ კონტაქტების გაძლიერებას ვაპირებთ.

რუსეთს თქვენი მიტინგების შეეშინდება და წავა?

- ეს მიტინგები არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ჩატარდება. ამერიკის ჯარები უნდა შემოვიდნენ საქართველოში. საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი ჩარჩო–ხელშეკრულება უნდა დაიდოს, უნდა გაიხსნას ამერიკის ბაზები, დაიდგას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, საქართველოს საზღვაო და საჰაერო სივრცეში უნდა შემოვიყვანოთ ამერიკის სამხედრო ძალები. პარალელურად უნდა გაძლიერდეს საქართველოს მილიტარიზაცია, თავდაცვისუნარიანობა. ეს მთელი პროცესია.

ამ ყველაფერს ხელისუფლების გარეშე მოახერხებთ?

- ხელისუფლების გარეშე როგორ მოვახერხებ?! ჩვენ უნიკალურ რჩევებს ვაძლევთ, რადგან ეს საკითხი ჩვენს ხელისუფლებასა და ამერიკაზე კარგად მე ვიცი. იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგარი ვარ, იმიტომ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი საკითხს, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია. ჩემ გარდა ამაზე არავის აქვს სრულყოფილი ხედვა. სხვათა შორის, კაცური კაცის, ფილიპ გორდონის ჩამოსვლას წინ ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილი უძღოდა და იქიდან მადლობა მივიღეთ. ამერიკის პრეზიდენტი ჩემთან პირდაპირ კონტაქტში ვერ შემოვა, რადგან არ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ წლების მანძილზე ამაზე ამერიკის საელჩოში დოკუმენტებს ვაგზავნით.

გაგახსენებთ, რომ ცხინვალის ომის დროს ამერიკამ განცხადებების გაკეთებაც კი დააგვიანა, არათუ რაიმე ქმედითი ღონისძიება.

- ქმედითი ღონისძიება იყო ის, როცა გემები გამოუშვა საქართველოში და სამი ისეთი გემი შემოვიდა, რომ რუსეთმა ოკუპაციის მადა დაკარგა. კონდოლიზა რაისი რომ ჩამოვიდა, არაფერს ნიშნავს?!

მაინც დავკარგეთ ახალგორი და კოდორი.

- დავიბრუნებთ. რომ დავკარგეთ, ეს ჩვენი ხელისუფლების უტვინობის ბრალია, ამერიკამ რა ქნას?!