გია თორთლაძეს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ

გია თორთლაძეს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ

1 ივნისს პარლამენტის წინ ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტების სამიზნე გია თორთლაძეც აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა მასზეც მიიტანეს იერიში. "სარკე" პარლამენტის წევრ გია თორთლაძეს ამ ინციდენტის შემდეგ ესაუბრა.

გია თორთლაძე:

- იყო ტურების მცდელობა, შევეშინებინე და გავქცეულიყავი. ცხოვრებაში არავისგან გავქცეულვარ და ტურებისგან ნამდვილად არ გავიქცეოდი. მინდა, მივმართო მათ ჩეკისტ ხელმძღვანელებს, თუ ახალგაზრდებს სადმე უშვებენ, თავიანთი შვილები გაუშვან და სხვის შვილებს გაანებონ თავი! თავიანთი შვილები საზღვარგარეთ ჰყავთ სასწავლებლად გაშვებული და სხვის შვილებს ტყუილუბრალოდ ხვევენ შარში.

ვის გულისხმობთ?

- თქვენც კარგდ იცით, ვისი შვილები სწავლობენ უცხოეთში ძვირადღირებულ სასწავლებლებში. იქ რომ ვინმეს ხელში ჯოხი ან დანა დამენახა, ცუდად დამთავრდებოდა მათი საქმე. მათ ლიდერებს ვეუბნები: თვითონ მოვიდნენ, შევხვდები, როცა უნდათ და სადაც უნდათ და დავილაპარაკოთ, რა უნდათ, თუ რამის მთქმელები არიან. განსაკუთრებით გაგიჟდნენ ლუსტრაციის კანონზე. მაგის შემდეგ დაკარგეს გონება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს კანონი გავიდეს და ერთხელ და სამუდამოდ ყველას თავისი სახელი დაერქვას!

რატომ არ ესიამოვნათ ლუსტრაციის კანონი?

- ბევრ მათგანს ეხება და იმიტომ. რაც შეეხება 30–იანი წლების ტერორისტულ–კომკავშირულ ორგანიზაციას, სამარცხვინოა. მე საქართველოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვარ. ჯერ ახალგაზრდული ორგანიზაცია არ შემიქმნია. თუ შევქმნი, ასეთი არ იქნება. ამ ბავშვების მშობლებს მივმართავ, მიხედონ შვილებს, იმიტომ რომ ეს ბავშვები ცუდ გზაზე დგანან და ცუდად დაამთავრებენ.

მუდმივად ამბობენ, რომ შიშველი ხელებით იბრძვიან და ამ შიშველ ხელებს მოყვება ჯოხები, ქვები, სროლა, გინება. ეს უკვე შიშველი ხელები არაა. შიშველი ხელების ნაცვლად ბოლოს შიშველი დანები შერჩებათ.

რა ბრალდებებს გიყენებდნენ?

- რა ვიცი. შეურაცხმყოფელ რაღაცეებს იძახდნენ, ოღონდ შორიდან. ახლოს ვინც იყვნენ, ისინი ამდენს ვერ ბედავდნენ. მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას, თუმცა ბოლომდე ვერ შევძელი.

ახალგაზრდების გამოყენება რევოლუციების დროს ცნობილი მეთოდია. სააკაშვილსაც ჰყავდა მსგავსი - „კმარა".

- ვარდების რევოლუციის დროს - არ ვიცი, მაგრამ სხვის შვილებს ასეთ საქმეზე არ უნდა უშვებდნენ.

დილით აბსოლუტური სიმშვიდე იყო, არავის შეუშლია ხელი დეპუტატებისთვის პარლამენტში შესვლაზე. შემდეგ რა მოხდა?

- სპეციალურად წავედი ფეხით პარლამენტში და უკანაც წამოვედი ფეხით. ჩემს ქალაქში დამალვას არ ვაპირებ არც დღეს და არც ხვალ. ვაფრთხილებ მაგ ჩეკისტ, „ცერეუშნიკ" ლიდერებს და ამ ბავშვების მშობლებსაც, მიხედონ ამ ბავშვებს. თუ ჩემთვის რამის თქმა უნდათ, ის ლიდერები თვითონ მოვიდნენ და როგორ პასუხსაც გავცემ, ნახავენ!

დილით ისეთი სიმშვიდე იყო, ვიფიქრე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გარიგება ხომ არ მოხდა–მეთქი.

- ვერ გეტყვით. მათთან არანაირი შეხება არ მაქვს. ვინ რა ჭკუაზეა და თორმეტი პარტიიდან ვინ რას გაააკეთებს, ვერ გეტყვით.

ბაღათურიამ, ცაგარეიშვილმა, კოპალიანმა თქვეს, რომ არ იცოდნენ, თუ სხდომა იყო დანიშნული.

- ცაგარეიშვილმა, სანამ სხდომა დაიწყებოდა, მანამდე გააკეთა ეგ განცხადება, მანამდე იდგა რუსთაველზე. როცა გაიგო, შემოსულიყო, თუ უნდოდა. მისი განცხადებებით დაინტერესებული არ ვარ, თვალყურს არ ვადევნებ.

რატომ არ მოელოდით მსგავს ინციდენტს, ოპოზიცია ხომ მუდმივად აცხადებდა, პარლამენტს შეკრების საშუალებას არ მივცემთო?

- კი, იმუქრებოდა, მაგრამ მანქანებს რომ ქვებს დაუშენდნენ და დაცვას ჩხუბს დაუწყებდნენ... მათგან ყველაფერს მოველოდი, რადგან ყველგან კრიზისს ქმნიან.

აქამდე პარლამენტი არ იკრიბებოდა ექსცესების თავიდან ასაცილებლად. ახლა რატომ გადაწყვიტეთ შეკრება?

- ბევრი საკითხი დაგროვდა. ფინანსთა სამინისტროს სჭირდება ახალი ბიუჯეტი, რომ თანხები გადაირიცხოს, პატიმრებთან დაკავშირებით კანონი. არაერთი კანონი იყო იმ დღეს მისაღები. როდემდე ვიყოთ ასე?!

რა ითქვა, ამის შემდეგ გაგრძელდება სხდომები?

- აუცილებლად. მე მომხრე ვარ, გაგრძელდეს. ვირთხების და ტურების ნამდვილად არ მეშინია.