დღეს 2 საათზე ვარდების მოედანზე სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია განახლდება. როგორც “მთელ კვირას” შპს “ტექნოეფექტის N34-44”-ის დამფუძნებელმა ვასილ თეთრაძემ განუცხადა, აქცია აუცილებლად გაგრძელდება და 8 მძღოლის დაკავების ფაქტით ხელისუფლება ყველა მძღოლს ვერ შეაშინერბს. მისივე თქმით, დღევანდელ აქციას კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატება, კერძოდ - უკანონოდ დაკავებული მძღოლების გათავისუფლება. მარშრუტის მძღოლების აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიებიც, როგორც ”მთელ კვირას” თინა ხიდაშელმა, ზურაბ აბაშიძემ, ჯაბა სამუშიამ და ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადეს, ეს იყო პოლიტიკური დაკავება, რასაც ხალხი არ უნდა შეეგუოს და ბოლომდე დაიცვას თავისი უფლებები.
შეგახსენებთ, რომ 25 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მძღოლებმა აქცია გამართეს და გაიფიცნენ, რის ნიადაგზეც ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდა, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 მძღოლი დააკავეს. მოგვიანებით ისინი პოლიციის განყოფილებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს და7 მათგანს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა.
“კონსერვატორ” ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, მძღოლების სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ღამის 01:00 საათზე დაიწყო და 03:00 საათზე დასრულდა.
მძღოლების დაკავებისა და გასამართლების ფაქტს ადასტურებენ საქალაქო სასამართლოშიც. როგორც “მთელ კვირას” სასამართლოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, მართლაც გაასამართლეს 8 მძღოლი.
“8 პირზე იყო სასამართლოში საქმე შემოსული. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალ დარვევას, 166-ე მუხლს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. ამ 8 დაკავებული მძღოლიდან 7-ს 30 დღიანი პატიმრობა შუფარდეს და ერთს - ადმინსიტრაციული ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. დამატებით კომენტარს დღეს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ, რადგან კვირაა”, - განუცხადა საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა “მთელ კვირას”.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრადიციულად სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, რომ გაგვეგო, თუ რის ნიადაგზე და რა ვითარებაში მოხდა მძღოლების დაკავება.
“მათ ბრალად სდებენ, რომ თითქოს ქუჩაში უმიზეზოდ გინება დაიწყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო მძღოლს, რომელიც მათი სამარშრუტო ტაქსის ტრაფარეტით მოძრაობდა. რეალურად, მათ ამ უცხო მძღოლს მხოლოდ ჰკითხეს, თუ ვინ იყო იგი, რადგან მანამდე N10-მარშუტზე არასოდეს უნახავთ. მძღოლებს, როგორც ჩანს,ზეწოლით დააწერინეს ხელწერილი, რომ პატრულის მიერ შედგენილ ოქმებს ეთანხმებოდნენ და 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს”, - განუცხადა “მთელ კვირას” ლაშა ჩხარტიშვილმა.
დაკავებული 8 ადამიანიდან, ჩხარტიშვილის ცნობით, რამდენიმე N10-ი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, ნაწილი - N11-ის და N128-ის.
შეგახსენებთ, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაფიცვა 25თებერვალს დაიწყო. ამავე დღეს მძღოლების საპროტესტო აქცია გაიმართა. მძღოლები მერიის მიერ გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.
დედაქალაქის მერიამ თბილისში სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი დეკემბერში გამოაცხადა. გამარჯვებული ოთხი კომპანია გამოვლინდა: “თბილქარი” ”თბილლაინი”, “ფაბლიქქარი” და “კაპიტალ გრუფი”. გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანიები მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს გაუზრდიან და იგი მარტის თვიდან დღეში 20-დან 40ლარამდე იქნება.
ამას კატეგორიულად უარყოფს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, როგორ მოხდება მერიის მხრიდან მგზავრობის ფასის დარეგულირება, რადგან კანონით მერიას ამის დასარეგულირებელი ბერკეტები არ გააჩნია და არც სატენდერო პირობებში ეწერა რამე ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, თავდაპირველად მერია ყვითელ ავტობუსებზეც უარყოფდა მგზავრობის საფასურის გაზრდას, თუმცა, მერე მაინც გააძვირეს.
შპს “ტექნო ეფექტის” დამფუძნებელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვასილ თეთრაძე აცხადებს, რომ აქცია უაცილებლად გაგრძელდება და მოთხოანა ძალაში რჩება.
“დღეს ვინც გამოვიდა და იმუშავა, ნაწილი შეშინებულია და ნაწილი იმიტომ გამოვიდა, რომ ხალხი ამ თოვლში ფეხით სიარულისთვის შეეცოდათ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქცია არ გაგრძელდება და ეს მძღოლები აქციაზე არ მოვლენ ხვალ.
რაც შეეხება მძღოლების დაკავებას, ვიღაცეებს შეეშინდათ ამის, მაგრამ ძირითადი ბირთვი შემართებით არის და არ ეშინიათ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ? თან ამ მძღოლებმა გადასარევად იციან, რომ ოქტომბრიდან უმუშევრები დარჩებიან, თუ ახლა შეშინდნენ. ამიტომ ახლა მძღოლებს შიშის დრო და უფლება არგვაქვს”, - აცხადებს ვასილ თეთრაძე.
მისივე თქმით, ასეთი “უაზრო და სულელური” გადაწყვეტილებებით და ტენდერებით ისევ ქვეყანა დაზარალდება და არა მხოლოდ მძღოლები.
გუშინ თბილისში სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდნენ. მართალია, არა იმ რაოდენობით, როგორც აქამდე, თუმცა, გადაადგილება ქალაქში ბევრად ადვილი იყო, ვიდრე 25 ან 26 თებერვალს. როგორცპოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და თავად მძღოლები აცხადებენ, იმ მარშრუტებს, რომლებიც გუშინ თბილისში მოძრაობდნენ, ხელისუფლების მიერ დაქირავებული მძღოლები მართავდნენ. ნაწილი კი ამ მძღოლებისა შეშინდნენ და ამიტომ გავიდნენ სამუშაოდ, თუმცა, მძღოლების 90% ისევ გაფიცულია.
“რამოდენიმე მარშუტკა მოძრაობას ყველა ხაზზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ხელისუფლება ცდილობს იმიტაციის შექმნას,რომ გაფიცვა არ გრძელდება და დაიქირავეს მძღოლები, რომლებიც დადიან. თუმცა, გაფიცვა გრძელდება. იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ აქციას ის შეშინებული 5% შემოუერთდება და დაძლევენ შიშს. ჩვენი მოთხოვნა რჩება ისევ ძალაში და ამ მოთხოვნას დაემატება დაკავებული მძღოლების გათავისუფლების მოთხოვნა. ეს იყო პოლიტიკური დაკავება და იმის მცდელობა, რომ მძღოლები შეეშინებინათ, ძალიან ცოტა ნაწილზე ამან მართლაც იმოქმედა და ისინი დღეს გამოვიდენ და მუშაობენ, მაგრამ 95% მძღოლებისა ისევ გაფიცულია და ხვალ ამაში თავად დარწმუნდება ეს პოლიციური ხელისუფლება”, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა მარშრუტების ბოლო გაჩერებებზე დადიან და ადგილზე ეხმარებიან იმ მძღოლებს, რომლებზეც ხდება ზეწოლა, ხან მერიის თანამშრომლების მხრიდან და ხან ვიღაც მიგზავნილი პირებისგან.
“გვინდა, გავაფრთხილოთ მძღოლები, რომ თუკი რაიმე ზეწოლას ექნება კიდევ ადგილი, დაუყონებლივ დაგვირეკონ, რომ ჩვენ ადგილზე მივიდეთ და ისე დავეხმაროთ მათ. ასევე უნდა გითხრათ, რომ აქციას შემოურთდებიან დევნილები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი ადამიანები. ასევე მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, მოვიდნენ აქციაზე, რადგან ამ აქციაზე ყველა ადამიანის ინტერესებს ვიცავთ და ვებრძვით იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ გაიზარდოს ტრანსპორტით მგზავრობის საფასური”, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
“რესპუბლიკელების” წამომადგენელი თბილისის საკრებულოში თინა ხიდაშიელი, აცხადებს, რომ ის დღეს დაგეგმილ აქციას აუცილებლად შუერთდება. მისი თქმით, ამ დაკავებით ხელისუფლებამ სამაგალითო დასჯა მოახდინა და მძღოლები გააფრთხილა, რომ არ დაინდობენ მათ.
“ეს დაკავება ერთის მხრივ იმ ადამიანების დასჯაა, რომლებმაც გაბედეს და ერთიან და დიად კურსს დაუპირისპირდნენ დამეორეს მხრივ ეს არის გაფრთხილებაც ყველა იმ აქციის გამო, რომელსაც მძღოლები მომავალში გეგმავენ. ამით ხელისუფლებამ დაანახა მძღოლებს, რომ არ იქნება შეღავათიანი მიდგომა მათ მიმართ, ვინაიდან ამ ხალხმა დიად კურსს გადაუხვია და ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი გაბედა. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამის გატარება არ შეიძლება. იმედია, მათი დაკავების მიმართ არ იქნება მიდგომა, რა მოხდა, თუ კიდევ 8 კაცი დააკავეს, აქამდეც ბევრი დაუკავებიათო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ დაკავებულმა ადამაინებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ.
ასევე რაც შეეხება შიშს, არსებობს ორმაგი ეფექტი, ერთი შეშინების, მეორე გაბრაზების, ასე რომ, რომელ ეფექტს გამოიწვევს ამ 8 ადამიანის დაკავება, ამას ჩვენ ყველანი აქციაზე ვნახავთ ორშაბათს”, - განუცხადა “მთელ კვირას” თინა ხიდაშელმა.
“ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი საკრებულოში ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ მძღოლების პროტესტი მაინც გაგრძელდება და ვერანაირი დაკავებით ამ ადამაინებს ხელისუფლება ვერ შეაშინებს.
“ეს დაკავება მოხდა ხელოვნურად და პროვოკაციულად. პოლიციამ რეალურად ეს დაკავებული 8 ადამიანი ტყუილად წაიყვანა განყოფილებაში. ამ ტენდერის ჩატარებით რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული, ამაზე ეს დაკავებებიც მეტყველებს, რადგან მათ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება უნდათ. როცა ადამიანებს შემოსავლის ერთადერთ წყაროს ართმევ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ისინი ქუჩაში გამოვლენ და ამას გააპროტესტებენ და არ შეეგუებიან”, -აცხადებს ჯაბა სამუშია.
“თავისუფალი დემოკრატების” საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მისი პარტიაც უერთდება აქციას, რაც შეეხება მძღოლების დაკავებას, აბაშიძე აცხადებს, რომ ამ დაკავებით ხელისუფლებამ თავისი მოძალადე სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა.
“ძალადობა და მძღოლების დაჭერა ამ ხელისუფლების მიდგომების გამოვლინებაა, რაც ყოვლად მიუღებელია. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ეს ხელისუფლებაა სათავეში. მძღოლებმა გამოხატეს პროტესტი და მაშინვე მოხდა მათი დაშინების მცდელობა, რაც დაუშვებელია. ხელისუფლებამ, იმის ნაცვლად, რომ მათ სოციალურ მდგომარეობაზე იზრუნოს, შემოსავლის წყაროს ართმევს და იჭერს. დარწმუნებული ვარ, შეშინების ნაცვლად ეს დაკავება უკუეფექტს გამოიღებს და უფრო მეტი ხალხი გამოახატავს პროტესტს, რაც ამ ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება”, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება და ხალხი არ დაიჯერებს, იმას, რომ მაინცდამაინც იმ დღეს ჩაიდინეს რაღაც დანაშაული ამ მძღოლებმა, როცა გაფიცვა მოაწყვეს.
“ძნელია ამის პროგნოზირება, რას გამოიწვევს მძღოლების დაკავების ფაქტი. შეიძლება შიშიც დათესოს ამან, ან შეიძლება პირიქით უკუეფექტი მიიღოს ხელისუფლებამ და უფრო მეტი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. ორივე ვარიანტის განხილვა შეიძლება, გააჩნია, რამდენად არის მომწიფებული ეს პროტესტი და რა ხდება ამ მძღოლების სულში. რამდენად არიან გაფიცულები მზად იმისთვის, რომ თავისი გაიტანონ. ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. რაც შეეხება დაკავებას, არავინ არ დაიჯერებს, რომ დაკავება რეალური დანაშაულის გამო მოხდა, ეს იყო პოლიტიკური დაკავება. ასეთი დაკავებების მიმართ საზოგადოებაში გარკვეული აზრი უკვე არსებობს. არა მგონია, დამაჯერებელი იყოს დაკავების მიზეზად ხმამაღლა გინების ფაქტის მოყვანა”, - აცხადებს “მთელ კვირასთან” საუბრისას რამაზ საყვარელიძე.