შოუ ბიზნესი დინამიური პროცესია დროში ცვალებადი და განახლებადი ფორმებითა თუ მიდგომებით და სამწუხაროდ ითვალისწინებს მსხვერპლსაც, რაც უპირველეს ყოვლისა ადამიანურ სისუსტეებსა თუ ნაკლოვანებებს უკავშირდება. ასეა დღესდღეობით, როდესაც ნარკოტიკებს უიტნი ჰიუსტონი და ემი ვაინჰაუსი ეწირებიან და ასე იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ჰეროინის ჭარბმა დოზამ ჯენის ჯოპლინი იმსხვერპლა...
როდესაც ჯენისმა ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ერთადერთი რამ აღმოხდა - ღმერთო, ნუთუ მე უნდა ვიყო შემდეგი... თითქოს გული უგრძნობდაო, მას დიდი ხანი აღარც უცოცხლია და გიტარის მეფეს ორი კვირის შემდეგ, 1970 წლის 4 ოქტომბერს მიჰყვა...
მახსოვს, საბჭოთა ბავშვობაში ჭორიც კი იყო, რომ ისინი ქოლ-ქმარი იყვნენ. ინფორმაციის არარსებობა ხომ ხელს უწყობდა გაუგონარი ამბების გავრცელებას.
ტეხასის შტატში, პურიტანულ გარემოცვაში აღზრდილმა მომავალმა როკ ვარსკვლავმა „კლუბი 27“ ისე დაამშვენა, რომ ბედნიერების წუთები სულ თითზე ჰქონდა ჩამოსათვლელი.
სკოლაში მას დასცინოდნენ, „ღორს“ და „მახინჯს“ უწოდებდნენ, რადგან არც თავს უვლიდა, არც ინტერესების სფეროთი იზიარებდა თანატოლთა ცხოვრებისეულ მრწამსს.
პატარა ქალაქ პორტ-არტურში ყველა ერთმანეთს იცნობდა. მუშაობდნენ ერთ დიდ საწარმოში, კვირაობით ეკლესიაში იკრიბებოდნენ და არ უყვარდათ ზანგები. ჯენისი ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. თანაც იგი მოიხიბლა „ბიგ მამა“ ტორნტონის რეპერტუარით და ყოველმხრივ ბაძავდა ბლუზისა და გოსპელის შავკანიან შემსრულებელ ქალბატონებს.
გარდატეხის ასაკმაც მუწუკებითა და იარებით მძიმე დაღი დაატყო მხატვრობით გატაცებულ მოზარდს, რომელსაც გული სულ უფრო მეტად უწევდა სან-ფრანცისკოსკენ, რაც საბოლოოდ თურმე მისთვის „ბრიყვთა ველად“ უნდა ქცეულიყო...
რატომ? - იმიტომ, რომ გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე ხნით ადრე, ჯენისმა ნარკოტიკების მოშორება, დაოჯახება და მრავალშვილიანი დედობა გადაწყვიტა. სცენამ და ნარკოტიკებმა კი იგი არამარტო დედობისაგან განაშორა, არამედ სიცოცხლესაც ადრეულ ახალგაზრდობაში გამოასალმა.
1968 წელს, ალბომ Cheap Thrill-ის კოლოსალური წარმატება ჯენისმა შეიძლება მთლად სწორად ვერ აღიქვა, მას ამპარტავნებამ სძლია და უკვე ისედაც ვარსკვლავად ქვეულმა, შესანიშნავი ჯგუფი Big Brother & The Holding Company, სცენის გამორჩეული ლიდერობის სურვილის მიზეზით დატოვა.
Cheap Thrill „იაფფასიანი ეფექტები“ (თარგმ.) ნამდვილად არ ყოფილა და ჩანაწერის ნოვატორობასაც მოასწავებდა. სტუდიურ ჩანაწერზე დარბაზის ხმაურის ზედნადებები ერთის მხრივ საკონცერტო ელფერს ჰქმნიდა, ხოლო მეორეს მხრივ კი ჟღერადობა სტუდიურ ხარისხს ინარჩუნებდა.
Cheap Thrill-ის გარეკანზე თავდაპირველად დაგეგმილი იყო ჯგუფის წევრების შიშველ მდგომარეობაში გამოსახვა. ეს 1968 წლისთვის ძალიან რისკიანი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო და Columbia Records-მა საბოლოოდ განზრახვისაგან თავი შეიკავა.
ალბომმა ჯენის ჯოპლინს საყოველთაო აღიარება შესძინა. მისდამი თანაბრად პოზიტიურად იყო განწყობილი როგორც მუსიკალური კრიტიკა, ასევე როკ მუსიკის მსმენელები. სცენა მალავდა მის „სიმახინჯეს“ და ზოგჯერ პირიქით ულამაზეს, ხელოვნებით გასხივოსნებულ მანდილოსნადაც კი წარმოაჩენდა ჰეროინით გაჟღენთილ სოულ-ბლუზ-როკ მომღერალს.
მისი მძლავრი, მგრძნობიარე, საჭიროებისამებრ ჩახლეჩილი ხმა, მასობრივად პირველად 1967 წლის 17 ივნისს - მონტერეის პოპ ფესტივალზე შეიცნო როკ სამყარომ.
ფესტივალი, რომელმაც ჯიმი ჰენდრიქსი და ჯენის ჯოპლინი პირველად წარადგინა პუბლიკის წინაშე, თუნდაც აქედან გამომდინარე ედავება პირველობას ვუდსტოკის ფესტივალს.
ვუდსტოკზე ჯენისი უკვე არაქათგამოცლილია. მას ამ დროისათვის მრავალი მამაკაცი ჰყავს გამოცვლილი, მაგრამ ბედნიერება არავისთან შერჩენია. გაირკვა, რომ 1970 წლის შემოდგომაზე მომღერალს საქმროც ჰყოლია. სეტ მორგანი სწორედ ის პიროვნება გახლდათ, რომელთანაც ჯენისს დაოჯახება ნდომებია. ჯენისის ახალ ჯგუფ Kozmic Blues Band -ს გამზადებული ჰქონდა მასალა ალბომისთვისაც, მაგრამ სამწუხაროდ... ჰენდრიქსის შემდეგ, მომდევნო თურმე ჯოპლინი უნდა ყოფილიყო.
ალბომი Pearl ჯენისის გარდაცვალებიდან სამ თვეში, 1971 წლის იანვარში მოევლინა სამყაროს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მას ოთხგზის პლატინის ალბომის სტატუსი მიენიჭა. Pearl -ში შემავალი თითოეული სიმღერა განსაკუთრებული შეგრძნებით ისმინება. ჯენისი ხომ სულ ახლოსაა ჩვენთან და მისი მუსიკა არასოდეს დაძველდება როკ მუსიკის გურმანებისათვის...
ვისზე აღარ მოუხდენია გავლენა ჯენის ჯოპლინის მგრძნობიარე ხმას. ქალბატონებს რომ თავი დავანებოთ, ჯენისი რობერტ პლანტის ვოკალშიც უხვადაა გამჯდარი Led Zeppelin -ის ბლუზ Since I’ve Been Loving You-ში.
„საესტრადო“ ვოკალის საყოველთაო გაგებაში სიახლეების შეტანასთან ერთად, ჯენისმა ქალური სილამაზისა და ზოგადად ქალურობის კლასიკური აღქმა ძირფესვიანად აღმოფხვრა. მისი უშუალობა და უბრალოება ბევრისთვის მაგალითად იქცა და დროთა განმავლობაში მომღერალს არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდა როგორც ჩაცმულობის, ასევე სხვადასხვა ტიპის, ზოგჯერ ექსტრავაგანტული ვარცხნილობის გამო. უშუალობიდან გამომდინარე კი ხუმრობით თუ მოფერებით, „27-ელთა კლუბის“ წარმომადგენელ პირველ ქალბატონს ხომ დღემდე ჩვენში დეიდა ჯენისს უწოდებენ...
მისი სიმღერები თანაბრად მისაღებია როკმენებისა და ჯაზმენებისთვის. რეპერტუარი ფართო იმპროვიზაციას ექვემდებარება და ამიტომაც სასცენოდაა მიჩნეული. არსებობს სხვადასხვა სტილის მრავალი მუსიკოსის მიერ შესრულებული ჯენისის სიმღერები, რომელთაგან გამორჩეულად ჟღერს ქეთი მელუას ნამღერი Kozmic Blues.
ქართველი მომღერალი ისე შეიგრძნობს ამ სიმღერის მუხტს, აქამდე მისმა ვერცერთმა დასავლელმა კოლეგამ რომ ვერ მოახერხა. ჯენისი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ალბათ სწორედ ამ ვერსიას გამოარჩევდა, რადგან უპირველეს ყოვლისა, მას ხომ გემოვნება ჰქონდა გამორჩეულად ნატიფი და დახვეწილი...