„ცისკარიშვილები და მისნაირები ქუჩაში შორიდან გვივლიდნენ“

„ცისკარიშვილები და მისნაირები ქუჩაში შორიდან გვივლიდნენ“

ზაფხულის ცხელი დღეები დაიწყო და ქალაქი თითქმის დაცარიელდა. ყველა ცდილობს სადმე წავიდეს და თავი შეაფაროს აგვისტოს მცხუნვარე მზეს. ცოტა პათეტიკური დასაწყისი კი გამოვიდა, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ როცა ქვეყანა პოლიტიკისგან ისვენებს, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ. თითქმის მთელი საათი ტელეფონთან გავატარეთ, მოზრდილ ბლოკნოტს, რომელშიც ხელისუფალთა ტელეფონის ნომრები წერია, ჩავკირკიტებდით და იმედი, რომ რომელიმეს მაინც გამოვიჭერდით დედაქალაქში, თანდათან გვეწურებოდა. ზოგი ამბობდა, ზღვაზე ვარო, ზოგი - მთაშიო, ზოგი კი - ცვრიან ბალახზე დავდივარ ფეხშიშველი, რა დროს ინტერვიუაო. ხოლო ისინი, რომელთა ტელეფონებიც გამორთული ან გასული იყო მომსახურების ზონიდან, ჩვენი ვარაუდით, ან ზედმეტად გადაიღალნენ და სპეციალურად გამორთეს, ან კიდევ, მთელი წლის `შეკოწიწებული ხელფასით საზღვარგარეთ ისვენებენ.

სიმართლე გითხრათ, არც ოპოზიციაში გველოდა კარგი დღე. მოგეხსენებათ, რა დღეებიც გამოიარეს და დასვენება მაგათ სჭირდებათ თუ სჭირდებათ, თუმცა მაინც ვცადეთ ბედი და გაგვიმართლა კიდეც. ცნობილი და სტაჟიანი ოპოზიციონერი, ბატონი გოგა ხაინდრავა აგვისტოს მცხუნვარე დღეებშიც აგრძელებს ხელისუფლების კრიტიკას.

ბატონო გოგა, რა ხდება თქვენს ფლანგზე, ეს შესვენება დროებითია, თუ რამეს გამოხატავს აქციების შეწყვეტა?

- არაფერს არ გამოხატავს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში უპრეცენდენტო საპროტესტო ტალღა გაგრძელდა 107 დღე. ეს ძალიან სერიოზული ციფრია.

გასაგებია, ამას ყველა ოპოზიციონერი ამბობს. ჩვენ შედეგს ვგულისხმობთ.

- ქართველები ცოტა სულსწრაფი ხალხი ვართ. შედეგი ასე ადვილად ვერ დადგება. ჩვენ არა მხოლოდ კრიმინალურ მონსტრს ვებრძვით, არამედ ბრძოლა გვიწევს ორი ზესახელმწიფოს ინტერესის წინააღმდეგაც.

ვერ გავიგეთ, გოგა ბატონო. ანუ ამერიკა-რუსეთის ინტერესის წინააღმდეგ?

- აბა რა! სააკაშვილის რეჟიმი არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ამერიკა და რუსეთი თანხმდება. ორივეს სჭირდება საქართველოში ეს მმართველობა.

ახლა მთლად დავიბენით. ყველა ამბობს, ერთადერთი საკითხი, რომელზეც ვერ თანხმდება რუსეთი და ამერიკა, საქართველო არისო.

- საქართველო შეიძლება არის, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმი ორივეს ჰაერივით სჭირდება.

თქვენ იყავით კონფლიქტების მოგვარების მინისტრი. გვახსოვს, ერთხელ როგორ მიატოვეთ მოლაპარაკების მაგიდა. ასე რთული თუ იყო სეპარატისტებთან ლაპარაკი, რაღას ერჩით მიშას, რომ ამბობს, ყველა დიპლომატიური სვლა ამოიწურაო.

- მე ერთხელ კი არა, ბევრჯერ დავტოვე ოთხმხრივი შეხვედრა და ეს იყო უფრო რუსების გამო.

ესე იგი რუსების ბრალი ყოფილა კონფლიქტი.

- ეგ ახალი ამბავი რომ არ არის, ყველამ ვიცით. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ცდილობს დაიპყროს ტერიტორიები. მათ უკვე სულში აქვთ ეს გამჯდარი. ამის შეცვლა არავის შეუძლია.

აბა, რა ვქნათ?

- რა უნდა ვქნათ და ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ჩვენს კომკავშირულ მთავრობას კი ჰგონია, რომ აი, სადაცაა დაიშლება რუსეთი და როსტოვამდე ჩავალთო, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდება, ისტორია ამტკიცებს. 1917 წელს შინაომებმა მიწასთან გაასწორა რუსეთი, მაგრამ 4 წელიწადში დაპყრობებზე გადავიდა. ასე რომ, მხოლოდ დიპლომატიითა და ჭკვიანური პოლიტიკით თუ გადავირჩენთ თავს მისი იმპერიული ზრახვებისაგან.

უშიშროების საბჭოს სხდომებზე დასწრება ხომ შემოგთავაზათ პრეზიდენტმა?

- ბლეფზე და პიარზე აქვს აწყობილი მთელი პოლიტიკა. ვისთან ერთად დავჯდე უშიშროების საბჭოს სხდომაზე? ტყეშელაშვილთან თუ ცისკარიშვილთან? ცისკარიშვილები და მისნაირები, ქუჩაში ჩვენ რომ ვიდექით, ნახევარი კილომეტრით შორიდან გვივლიდნენ. ახლოს მოსვლას ვერ ბედავდნენ და ახლა გამიხდნენ უმრავლესობის ლიდერები?

ცისკარიშვილზე ამბობთ მაგას, გოგა ბატონო? რატომ შეეშინდებოდა მოკრივე კაცს? არ გახსოვთ, პარლამენტში რა ბრძოლებს ატარებდა?

- ჰოდა, მთლად უარესი მისთვის. როგორ შეიძლება კაცი, რომელმაც თავის კოლეგას თვალში „კასტეტი“ ჩაარტყა, ჯერ გუბერნატორად დანიშნო, მერე მინისტრად და ახლა უმრავლესობის წევრად.

რომ ჩაარტყა, ალბათ, იმიტომაც დააწინაურეს.

- ალბათ კი არა, მართლა ასე ხდება დღეს თანამდებობების მიღება. აბა, გადახედეთ პარლამენტის წევრთა სიას. ვინ არიან, საიდან მოვიდნენ ან რას აკეთებენ. ხომ ფაქტია, რომ არაფერს აკეთებენ ფულის გარდა.

თუ არაფერს აკეთებენ, ეს აქციები რაღა საჭირო იყო?

- სხვა თუ არაფერი, სამი თვე ხომ დავურღვიეთ პარლამენტში არაფრის კეთების რეჟიმი.

ბატონო გოგა, მოდი ახლა თქვენს ძირითად პროფესიაზე ვისაუბროთ. როდის დაუბრუნდებით კინოს?

- კინოს მე უკვე დავუბრუნდი. ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას.

ანუ არ გამოვიდა ამ პოლიტიკაში არაფერი და ისევ კინო ამჯობინეთ?

- პოლიტიკა ნაციონალებისთვისაა სარჩო, იმიტომ, რომ სხვა არაფერი შეუძლიათ, თორემ მე ხელოვანი ვარ და პოლიტიკის გარდა სხვა საქმეც შემიძლია.

მაშინ როგორც პროფესიონალ რეჟისორს შეგეკითხებით, - როგორ ფიქრობთ, ვანოს ფილმებს, სუფთა რეჟისორული თვალსაზრისით, აქვს რაიმე ღირებულება?

- არანაირი ღირებულება არ გააჩნია. პრიმიტიული გადაღებაა.

ოპერატორებიც სუსტები არიან, არა?

- სუსტი კი არა, საერთოდ არ ჰყავს ოპერატორები. მონტაჟი ხომ საშინელებაა.

არც მონტაჟი უვარგათ?

- რა მონტაჟი ეგაა. კაცი ლაპარაკობს და ტუჩების მოძრაობა და ხმა ერთმანეთს არ ემთხვევა.

ესე იგი, თუ ოპერატორი არ ჰყავს, გადაღება პრიმიტიულია და მონტაჟი არ ვარგა, დაბალი ხარისხის ფილმები ყოფილა, ხალხი კი მაინც ინტერესით უყურებს.

- თავიდან კი უყურებდა ხალხი, მაგრამ ახლა ყველა მიხვდა, რომ პრიმიტიული და ცუდად დამონტაჟებული ფილმებით გვაბოლებენ. აქედან გამომდინარე, როგორც პროფესიონალი, ვაცხადებ, რომ მერაბიშვილისგან კარგი რეჟისორი ვერასოდეს დადგება.