ნუგზარ საჯაიას ტრაგედია - თვითმკვლელობა თუ მაფიის განაჩენი?!

ნუგზარ საჯაიას ტრაგედია - თვითმკვლელობა თუ მაფიის განაჩენი?!

2002 წელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების კრიზისის თვალსაჩინო გამოხატულებაა. ეს არის წელი, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მნიშვნელოვანმა ფიგურამ, უშიშროების საბჭოს მდივანმა- ნუგზარ საჯაიამ თავი მოიკლა.

მართალია, გენერალურმა პროკურატურამ „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ფაქტია, ამ თვითმკვლელობის მოტივს ნათელი არასოდეს მოეფინება. თუმცა საზოგადოებაში აზრი დღემდე ორად არის გაყოფილი: მოკლეს თუ თავი მოიკლა?

ის ვერსია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს თუნდაც კაკუბავას და კიტოვანის განცხადებების გამო მოეკლა თავი, თავიდანვე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მით უფრო, რომ იმ პერიოდში გავრცელებული ერთ-ერთი კულუარული ინფორმაციით, საჯაიას კაბინეტში თვითმკვლელობამდე ტელეფონზე, ე.წ. „ვერტუშკაზე" დაურეკეს. საუბრის შემდეგ საჯაია მოსასვენებელ ოთახში გავიდა და თავი მოიკლა. თუ ეს კულუარული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აშკარაა, რომ იგი დიდ პოლიტიკურ თამაშს გადაჰყვა და საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად თავი გაწირა.

ლაპარაკია იმაზეც, რომ პრეზიდენტსა და მას შორის ბოლო ხანს კანცელარიის ინტრიგებისა და ენატანიობის გამო ურთიერთობა გაცივებული იყო. ცხადია, ამის მიზეზი ისევ და ისევ ზოგიერთი პიროვნების მიერ პრეზიდენტის „ნდობის მანდატის" მოპოვების სურვილში უნდა ვეძიოთ. მეორე მხრივ, ითქვა ისიც, რომ საჯაიას ჩამოცილებით შევარდნაძის შესასუსტებლად ისევ და ისევ პრორუსული ძალა იყო დაინტერესებული.