საარტილერიო სწავლება ვაზიანში (ვიდეო)

საარტილერიო სწავლება ვაზიანში (ვიდეო)

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა. საველე სროლებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

დასკვნით საველე სწავლებაში მეორე ქვეითი ბრიგადის 122 მმ-იანი Д-30 ტიპის ქვემეხების ბატალიონი, ასევე, პირველი და მეორე ქვეითი ბრიგადების ბატალიონის დონის საცეცხლე მხარდაჭერის ორი ჯგუფი მონაწილეობდა. სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა თავდაცვაში მყოფი ქვეითი ბატალიონების საარტილერიო მხარდაჭერა განახორციელეს. საველე სწავლების დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებში არსებული საარტილერიო სისტემების მართვა NATO-ს სტანდარტების ცეცხლის მართვის მეთოდების შესაბამისად განხორციელდა. საველე სროლების დროს მომზადებული შემფასებელ-მაკონტროლებელი ჯგუფები საარტილერიო ბატალიონისა და ქვეითი საცეცხლე მხარდაჭერის  ჯგუფების მოქმედებებს აფასებდნენ.

„ეს არის მორიგი გეგმიური სწავლება, სადაც საარტილერიო ბატალიონის საცეცხლე დაზიანების საშუალებების გამოყენება ხორციელდება. ამჯერად, აქ არის შერწყმული ქვეითი სამანევრო დანაყოფების მხარდაჭერა საარტილერიო ცეცხლთან. შესაბამისად, ქვეითებს მოეთხოვებათ ზუსტად აღმოაჩინონ მიზანი და ზუსტი კოორდინატები გადასცენ, ხოლო არტილერისტებმა ეს მიზანი უნდა დააზიანონ. სწავლებები  მუდმივად მიმდინარეობს. ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ მომზადების დონე და გამოცდილება შევძინოთ ჩვენს არტილერისტებს.“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შემფასებელ-მაკონტროლებელთა მომზადების კურსი 31 მარტს დაიწყო. წვრთნებში დასავლეთ და აღმოსაველთ ოპერატიული დაჯგუფებების ქვედანაყოფებიდან 20 ოფიცერი მონაწილეობდა.  სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა. თეორიული მომზადება 7 აპრილამდე გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ პრაქტიკული სწავლებები განხორციელდა. საარტილერიო კურსის საბოლოო შეჯამება 11 აპრილსაა დაგეგმილი.