შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილეები და თელავის რაიონული სამმართველოს უფროსი, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თელავის მე-7 საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ საფრთხეებზე, რასაც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შსს-ს წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ მოზარდების აზრი მოისმინეს. მათ მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო საგანმანათლებლო ვიდეორგოლები აჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან, თუ რა მძიმე შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის მეშვეობით მოზარდებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს, ხოლო აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე მიიღეს ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია, რომლის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, 24 მარტს დაიწყო. კამპანია ე.წ. ბიონარკოტიკების გამოყენების პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.