თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე პარლამენტარ გურამ შარაძეს მერიის შენობიდან დროშის ჩამოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით „პოლიტიკურ მანიპულირებაში" ადანაშაულებს.
თბილისის მერიის შენობიდან დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით შარაძის მიერ ხუთშაბათს დაწყებული შიმშილობის აქცია კაციტაძემ „არასწორად“ შეაფასა.
„დროშის იდეით მანიპულირებით შარაძე პოლიტიკურ მდინარეებში ტივტივს ცდილობს, რაც „ახალი მემარჯვნეებისთვის“ მიუღებელია", - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია საქართველოს საპატრიარქომ უკვე დააფიქსირა და სხვა განმარტება საჭირო აღარ არის.
„მერიის თავზე „ნაციონალების“ მიერ აღმართული დროშა ისტორიულია, მას ჩვენი წინაპრები ატარებდნენ და ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ გამოიყენა“, - აღნიშნა კაციტაძემ.
თუმცა ისტორიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ხუთჯვრიანი დროშა სულაც არ არის ჩვენი წინაპრების დროშა. იგი საუკუნეების წინ საქართველოს რუკაზე ერთ-ერთმა მისიონერმა დაახატა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ მაშინ ეს დროშა საქართველოს სიმბოლიკა იყო.
თბილისის მერიის შენობის თავზე ხუთჯვრიანი დროშა საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით 19 ნოემბერს აღმართა.