რუსულ-ქართული ურთიერთობების რაობასა და პერსპექტივებზე ჩვენი რუბრიკის სტუმარი რუსი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გენერალ ლებედის სფიჩრაითერი ლეონიდ რაზდიხოვსკი გვესაუბრება.
ლეონიდ, თქვენ როგორ აფასებთ რუსულ-ქართულ ურთიერთობას და როგორ პერსპერტივას ხედავთ სამომავლოდ?
- ასეთი ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ, რადგან მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს ამ ვითარების შესაცვლელად. მით უმეტეს, აღმოჩნდა, რომ საქართველოს, თურმე, შეუძლია, შეეგუოს რუსულ ბოიკოტს.
სიტუაციის შესაცვლელად მიზეზებს რატომ ვერ ხედავთ?
- თუკი ომამდე ეს იყო მხოლოდ განწყობები, დღეს ისინი გარდაიქმნა ძალიან კონკრეტულ მოვლენებად - აფხაზეთად და „იუჟნაია ოსეტიად“ და მე ვერ ვიხსენებ ისტორიაში შემთხვევას, რომ მსგავსი დავები გადაჭრილიყოს. ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლებელია ორი ვარიანტი: რუსეთი უარს ამბობს აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებაზე ან საქართველო ამბობს უარს ამ ტერიტორიებზე. თავის აღიარებაზე უარის თქმა რუსეთს არ შეუძლია არათუ მხოლოდ პუტინისა და მედვედევის მმართველობის პერიოდში, არამედ ეს გამორიცხულია მათი წასვლის შემდეგაც. ამის მარტივი დადასტურებაა კურილიის კუნძულები: ისინი დაიპყრეს 50 წელზე მეტი ხნის წინათ, მას შემდეგ უამრავი ხელისუფლება შეიცვალა, ითქვა უამრავი რამ, მაგრამ კურილიის კუნძულების სტატუსის გადახედვა არ მომხდარა, რადგან ამას არავის აპატიებს რუსეთის საზოგადოებრივი აზრი. შესაბამისად, რუსეთის არც ერთ ხელისუფლებას არ შეეძლება პუტინისა და მედვედევის გადაწყვეტილების უარყოფა, რადგან ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. საქართველოში არსებული სიტუაცია კი თქვენ ჩემზე უკეთ იცით. ჩემი აზრით, ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დაბრუნებას აზრი არ აქვს, მოდი, დავივიწყოთ ეს ტერიტორიებიო. ანუ, არც ერთი მხარე უკან არ დაიხევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ვერ შეიცვლება.
რუსეთისთვის საკმარისია ეს ორი ტერიტორია თუ ეს მხოლოდ „ცვეტოჩკებია“ და „იაგოდკებს“ უნდა ველოდოთ?
- რუსეთს მუქთადაც არ სჭირდება ეს ორი ტერიტორია.
არც აფხაზეთი?!
- აფხაზეთი რუსეთს არაფერში სჭირდება, რუსეთი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ამ ორი რესპუბლიკის შენახვაზე, უამრავ ქვეყანასთან გაიფუჭა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ურთიერთობა, ამის გამო დაკარგა ფული. ასე რომ, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთს არ სჭირდება ეს ტერიტორიები. რაც შეეხება აფხაზეთს: რაში სჭირდება რუსეთს აფხაზეთი?! თუ საქმე ეხება კურორტებს, რუსებს შეუძლიათ, დაისვენონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
მე კურორტები არ მიგულისხმია, შავი ზღვა ვიგულისხმე.
- რუსეთს აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე კრასნოდარის მხარიდან. ამას გარდა, რას წარმოადგენს ასეთ განსაკუთრებულს ეს შავი ზღვა?! დღეს აღარ არის მეთვრამეტე საუკუნე, რომ ვინმე არხებისთვის იბრძოდეს. შავ ზღვაზე არის რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც, გაუგებარია, რაში სჭირდება რუსეთს. ამიტომ რუსეთს აფხაზეთში არანაირი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ინტერესი არ აქვს. თუ ლაპარაკია გენერლების აგარაკებზე, ესეც სისულელეა. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეუძლია, შეიძინოს აგარაკი და იმ აგარაკების დასაცავად არ არის აუცილებელი, იქ მაინცდამაინც ტანკებით შეხვიდე.
მაგრამ რაღაც ინტერესი ხომ აქვს რუსეთს?!
- აქვს და ძალიან დიდი. ეს არის იდეოლოგიური, პროპაგანდული, გნებავთ - პიარ-ინტერესი; დღეს რუსულ სახელმწიფოში მთავარია პიარი და პროპაგანდა და ეს ინტერესი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესი.
იმის თქმა გინდათ, რომ რუსეთმა იომა პიარის გამო? ადამიანები დაღუპა მხოლოდ პიარის გამო?
- პიარი, თავისთავად, ასახავს რაღაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. ოცდამეერთე საუკუნეში პიარი და ვირტუალური სამყარო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. დღეს ქვეყნის სამართავი მთავარი საშუალება არის არა „ეფესბე“ ან სხვა რომელიმე ორგანო, არამედ ტელევიზია, რადგან, მთავარია ადამიანების განწყობა. რუსეთში, ისევე, როგორც საქართველოში, ცნობილია ადამიანების განწყობა: ეს არის ურა-პატრიოტიზმი, რაც ეძებს რაღაც გამოსავალს. ამას გარდა, რუსული პატრიოტიზმი გამეცადინებულია ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამერიკოფობია არის ფსიქიკური დაავადება, რომლითაც დიდი ხანია, ავადაა რუსეთი, მაგრამ რეალურად როგორ დაუპირისპირდები ამერიკას? მიწასთან გაასწორებ ამერიკის საელჩოს რუსეთში?!
არა, მიწასთან გაასწორებთ საქართველოს!
- რა თქმა უნდა. რაკი იდეაფიქსი ასეთია, რომ საქართველო არის ამერიკის 51-ე შტატი, ოღონდ ამ შტატის გამო ამერიკა არავის დაუწყებს ომს, ვფიქრობ, პიარის მექანიზმი მარტივია: საქართველოს მოვკლავთ და ამით ამერიკას სეირს ვუჩვენებთ. ამას გარდა, რა თქმა უნდა, რუსეთში ანტიქართული განწყობებიც გაღვივდა, მაგრამ, საქართველო თუ ესტონეთი არ არიან წონიანი მოწინააღმდეგები, მთავარი ისაა, რომ მათ უკან დგას ამერიკა და საქართველოზე თავდასხმით ჩვენ დემონსტრირება გავუკეთეთ ნებისყოფის ტრიუმფს. თქვენ გვითხარით, არ დაესხათ თავს საქართველოსო, მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთეთ ეს. ერთი სიტყვით, „ლეოპოლდ, პოდლი ტრუს, ვიხოდი“!
და, რამდენად შორს შეიძლება, ეს სიტუაცია წავიდეს? კიდევ მოუნდებათ ამერიკისთვის სეირის ჩვენება?
– არა, ყველაფერს აქვს თავისი გონივრული საზღვრები. ცივი შხაპი, თუ მთლიანად რუსეთის მოსახლეობას არა, რომლებიც რუსეთის პირველსა და მეორე არხებს უყურებენ, რუსეთის ხელისუფლებას ნამდვილად გადაესხა. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ეს რესპუბლიკები, ის ფაქტი, რომ არავინ მოუსმინა რუსეთის არგუმენტებს და არ თქვა, თქვენ თქვენებურად მართლები იყავითო, ის ფაქტი, რომ საქართველომ მიიღო ფრთხილი, მაგრამ საყოველთაო მხარდაჭერა როგორც მსოფლიოში, ისე დსთ-ში, რაც რუსეთისთვის ყველაზე მთავარია.
თქვენ როგორ ხსნით დსთ-ის ასეთ პოზიციას?
- ძალიან მარტივად: არავის უნდა, იყოს შემდეგი. აგრესიული რუსეთი ყველას აშინებს, უპირველესად კი - მეზობლებს.
იმას ამბობთ, რომ ამ საქმეში გადამწყვეტია არა დასავლეთის პოზიცია, არამედ ის, რომ რუსეთია სახიფათო?
- რა თქმა უნდა. იმავე ბელორუსიას მშვენივრად ესმის: ხვალ თვითონ შეიძლება, გახდეს მეორე საქართველო. ტყუილად კი არ თქვა ლუკაშენკომ: თქვენ მიიღებთ ისეთ პარტიზანულ ომს, რომელთან შედარებითაც ჩეჩნეთი ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათო და ეს მან რამდენჯერმე გაიმეორა. ძალიან უცნაური განცხადებაა, არა, ძმური სახელმწიფოსგან, რომელიც რუსეთის მოკავშირეა?! იმიტომაც ამბობს ამას ლუკაშენკო, რომ მის რუსეთთან კავშირს ჰქონდეს საზღვრები და არ გახდეს უსაზღვრო. არავის უნდა უკან, საბჭოთა კავშირში, ყველას ეშინია ამის, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს შიშები გადაჭარბებულია.
გადაჭარბებულია, მიუხედავად აგვისტოსი?
- რა თქმა უნდა. რუსეთს არ აქვს არც მორალური, არც ფიზიკური და არც ეკონომიკური საშუალებები, რომ აწარმოოს ომი დსთ-ის ნებისმიერ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, რუსთაველის პროსპექტზე ტანკების შეყვანა პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა მეორე დღეს იწყება: რა უნდა უქნა საქართველოს?! საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, გაეროს წევრი და ასეთი „შტუკები“ არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ერაყზე თავდასხმის ანალოგია არ გამოდგება, რადგან, როგორიც უნდა ყოფილიყო ერაყის ხელისუფლება, ჯერ ერთი, ოპერაცია ჩაატარა კოალიციამ, მეორე, ამ ოპერაციას ჰქონდა ზურგი გაეროს დასკვნების სახით. მართალია, გაერომ მწვანე შუქი არ აუნთო ერაყში შეჭრას, მაგრამ სანქციები დაუწესა და, მესამე, ამერიკელებს ერაყის მიერთება არც უფიქრიათ და მათ ერაყში არ დაუმყარებიათ მარიონეტული რეჟიმი. ერაყის ახალი ხელისუფლება ძალიან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს ამერიკის მიმართ. ერაყის ნავთობი დღემდე ერაყის სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის და არა კერძო ამერიკულ კომპანიას. ჩემი აზრით, ერაყის ხელისუფლება საქართველოზე უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. რაც ყველაზე მთავარია: რასაც აპატიებენ ამერიკას, არ აპატიებენ რუსეთს. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოს ოკუპაცია ან შემოერთება, ან იქ გიორგაძის ან ებრალიძის მარიონეტული რეჟიმის დამყარება, იქნებოდა პოლიტიკური კატასტროფა არა საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვის. ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ რუსეთთან გაწყვეტდა ურთიერთობას დანარჩენი მსოფლიო და რას მიიღებდა ამის სანაცვლოდ რუსეთი? საქართველოს?! მაგრამ ღირს დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირის გაწყვეტა იმის გამო, რომ საქართველო მიიერთო?!
მე მომისმენია ასეთი აზრი რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგებისგან, რომ კავკასია განუყოფელია და რუსეთი ვერ დაუშვებს ნატოს შესვლას საქართველოში. ეს არგუმენტია?
- ეს იმას ნიშნავს, რომ ამის მთქმელმა ბრომი უნდა დალიოს და იმკურნალოს, ანუ სასმელს „ზაკუსკაც“ უნდა მიაყოლონ. ვის არ შეუძლია ამის დაშვება?! ფელდმარშალ მარკოვს?!
მარკოვსაც, დუგინსაც, ტრეტიაკოვსაც, ლეონტიევსაც…
- მაშინ მათ შექმნან ველური დივიზია და გაუსხნან ცეცხლი კავკასიას. მათ შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი აზრი, მაგრამ მათზე არ არის დამოკიდებული, რას გააკეთებს რუსეთი. წარმოიდგინეთ, საქართველომ რომ განაცხადოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რუსეთმა აწარმოოს ქინძისთავებიო?!
საქართველოს ეს არ შეუძლია, რუსეთს კი ბევრი რამ შეუძლია. ჩვენ ვერ დავბომბავთ მოსკოვს, რუსეთმა კი დაბომბა თბილისი.
- ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ ბოლო ერთი წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ ხმები საქართველოს სისუსტესა და უსუსურობაზე გადამეტებულია. ის არც ისე სუსტია და არც ისეთ უიმედო მდგომარეობაშია, როგორც წარმოგვედგინა. მე არ ვარ საქართველოს შიდა სიტუაციის სპეციალისტი, ამიტომ ჩემს მოსაზრებას გეტყვით, რომელიც საღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება: არავის აქვს უფლება, თქვას, რომ რაღაცას არ დაუშვებს რომელიმე სახელმწიფოში. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოში სეპარატისტების მხარდაჭერა და საქართველოს დაშლის გამოწვევა, არც ეს მგონია რეალური. რა თქმა უნდა, რუსეთს შეუძლია დიდი ფულის დახარჯვა, მაგრამ ამას, ყველაზე დიდი, რაც შეიძლება, მოჰყვეს, არის სამოქალაქო ომი საქართველოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცეცხლი წაუკიდო მთელ კავკასიას, მით უმეტეს, რომ რუსული კავკასია ისედაც ცეცხლშია. არის ასეთი გამონათქვამი: ვინც შუშის სახლში ზის, მან ქვები არ უნდა ისროლოს და რუსეთის ხელისუფლებას ეს ესმის. ამბობენ, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს პირადი პრობლემები აქვთ, მაგრამ, თუ არსებობს პირადი პრობლემები, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, ის ერთი ადამიანი მოაშორო და არ ეომო მთელ ქვეყანას.
თუ სააკაშვილის მოშორება უნდა, რატომ მოუწოდებს ამისკენ რუსეთის ხელისუფლება ჩვენს მოსახლეობას, ამით ხომ უფრო უბიძგებს სააკაშვილის მხარდაჭერისკენ?
- უბრალოდ, ასე გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას. გარწმუნებთ, ეს არ კეთდება წინასწარი განზრახვით, მეტიც, ბოლო დროს რუსეთში ანტისააკაშვილისეული პროპაგანდა შემცირდა. იყო იმედი, რომ ის წავიდოდა ოპოზიციის გამოსვლებით, მაგრამ, რაკი თქვენმა ოპოზციამ აჩვენა, რაც შეუძლია... ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილმა, კარგია ის თუ ცუდი, აჩვენა, რომ ოპოზიციას მისთვის არაფრის დაშავება არ შეუძლია და, როგორც ჩანს, ის 2013 წლამდე იქნება პრეზიდენტი. თუმცა ამას რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ვინც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, თუ ეს არ იქნება უშუალოდ რუსეთის მიერ ტანკზე დასმული ადამიანი, ის ისევ იტყვის, ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობასო. მას ექნება კურსი ნატოზე, ასე რომ, რუსეთისთვის საქართველოს პრეზიდენტის შეცვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! თუ დღეს ცუდი პირადი ურთიერთობა აქვთ სააკაშვილთან, ასეთივე ცუდი ურთიერთობები ექნებათ სხვასთანაც.
თუ სწორად გავიგე, ესე იგი, რუსული ტანკები დადგნენ, სადაც დგანან და წინ წამოწევას არ აპირებენ?
- დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ აღარ განმეორდება, იმიტომ რომ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება რუსეთს.
და რას ნიშნავს ეს? რუსეთი აძლევს ამერიკას გავლენის სფეროდ დარჩენილ საქართველოს?
- მე არ მესმის ეს. რა ინტერესი აქვს რუსეთს საქართველოში?!
უკვე გითხარით - ნატოს არშემოშვება.
- რუსეთს არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოში, გარდა იმისა, რომ იქ არ გავიდეს ცნობილი ნაბუკოს პროექტი. მაგრამ ესეც დიდწილად დემაგოგიაა. ესე იგი, რუსეთს საქართველოში ეკონომიკური ინტერესები არ აქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ინტერესს: უკვე ვთქვი, „ნადო ზაკუსივაც“! პირადად მე ვერც ნატოსთან საქართველოს ურთიერთობაში ვხედავ პრობლემას, მით უმეტეს, რომ რუსეთი ძალიან ლოიალურად თანამშრომლობს ნატოსთან, იქ არის რუსეთის წარმომადგენელი. ნატოს გენერლები სიამოვნებით ჩამოდიან რუსეთში, მსჯელობენ სამხედრო-ტექნიკურ საკითხებზე, რუსეთის სამხედრო დოქტრინა ნატოს რუსეთის მტრად არ აღიარებს, არც ნატოს სამხედრო დოქტრინა განიხილავს რუსეთს მტრად. უბრალოდ, ხდება რუსი საზოგადოების, ისევე, როგორც ქართველი საზოგადოების, გარე მტრის წინააღმდეგ გაერთიანება, იმიტომ რომ მათი სხვა რამის გარშემო გაერთიანება ვერ ხერხდება.
თეორიულად ვიმსჯელოთ: უცბად საქართველოს ხელისუფლებამ რომ თქვას, ჩვენ დავკარგეთ ეს ტერიტორიები და ვეღარ დავიბრუნებთ, ამიტომ უარს ვამბობთ და ვაშენებთ გაბრწყინებულ საქართველოს დარჩენილ ტერიტორიაზეო, - ეს როგორ შეცვლის სიტუაციას მოთამაშეებისთვის?
- რუსეთს ეს რაღაცას მართლაც მისცემს: ლეგიტიმაციას გაუკეთებს მის აღიარებას და საფუძველს მისცემს, მეტი დამაჯერებლობით ილაპარაკოს ამ აღიარებაზე, თუმცა, რეალურად, რუსეთისთვის მაინც ცოტა რამ შეიცვლება. დსთ-ის ქვეყნები არ აღიარებენ ამ ტერიტორიებს არა საქართველოსადმი სიყვარულის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ და, თუ საქართველო აღიარებს ამ ტერიტორიებს, დსთ-ის ქვეყნების შიში არ შემცირდება. ამიტომ ამით ისინი არ აღფრთოვანდებიან. რაც შეეხება დასავლეთს: ასეთი განცხადების შემდეგ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი გაუარესდება, ის აღარ დაიცავს საქართველოს, თუმცა იმ ტერიტორიებს მაინც არ აღიარებს. ამის შემდეგ საქართველოს რჩება ერთი შანსი: გადავიდეს რუსეთის მხარეს და გახდეს დიდი „იუჟნაია ოსეტია“.
მაგრამ რუსეთს არ უნდა საქართველოს გამო ფულის გაღება?
- რუსეთს ეს „ნე პო კორმანუ“. ამას გარდა, ისეთი ვასალის მიღება, როგორიც საქართველოა, რუსეთისთვის არ არის დიდი სიამოვნება, რადგან ეს ისევ ნიშნავს იმას, რომ გაიფუჭოს ურთიერთობა მთელ მსოფლიოსთან და რის სანაცვლოდ? დახარჯო მილიარდები საქართველოს შესანახად?! ამიტომ, ვფიქრობ, რომ არსებული სიტუაცია რუსეთისთვის ოპტიმალურია, მით უმეტეს, რომ ეს ამერიკისთვისაც უსიამოვნო იქნება და საქართველო ამიტომაც ვერ გააკეთებს ამას. ამას გარდა, ამერიკა ცდილობს, გრძელ „პოვოდოკზე“ ჰყავდეს საქართველო, რუსეთი საქართველოს თავის ნაწილად განიხილავს და ამიტომ მოკლე „პოვოდოკი“ ურჩევნია. ასეთ სიტუაციაში საქართველოსთვის ამერიკის რუსეთზე გაცვლა უაზრობა იქნებოდა. მეორეც, ამერიკა უარს ვერ იტყვის საქართველოზე, იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს პრესტიჟის საქმეა. თუმცა ჩემთვის ისიც აშკარაა, რომ საქართველო ვერ შევა ნატოში სწორედ ამ ტერიტორიული პრობლემების გამო.
თეორიულად ვმსჯელობთ და ბარემ ამასაც ვიტყვი: თუ საქართველო უარს იტყვის ამ ტერიტორიებზე, აღარ იარსებებს ტერიტორიული დავა და ნატოში შესვლის დაბრკოლება. ამაზე რას იტყვით?
- გეთანხმებით, ასეთი „ჩეინჯი“ შესაძლებელია და ამ შემთხვევაში რუსეთი არაფერს მიიღებდა აქედან. თუკი საქართველო გამოვიდოდა ასეთი განცხადებით, რუსეთი იქნებოდა უკიდურესად უკმაყოფილო, მაგრამ არგუმენტს ვერ დაასახელებდა. ამის შემდეგ როგორღა იტყვის, ნატოში ნუ შეხვალთო?!
ჩვენ ვიცით, რომ რუსებიც, აფხაზებიც და ოსებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან ქართველი დევნილების დაბრუნების. საქართველომ რომ წამოაყენოს პირობა: დააბრუნეთ დევნილები და გაღიარებთო?
- ესეც ვარიანტია. ასეთი „ჩეინჯიც“ შესაძლებელია, თუ საქართველოს მოსახლეობა მომწიფებულია იმისთვის, გაიგოს, რომ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ სამუდამოდაა დაკარგული, ასეთი განცხადება რუსეთისთვის მაქსიმალურად არახელსაყრელი იქნებოდა. გამოვიდოდა, რომ რუსეთმა მიაღწია მისთვის სრულიად არასაჭირო „იუჟნაია ოსეტიასა“ და აფხაზეთის გათავისუფლებას. რუსეთისთვის ეს მართლაც „საჩუქარი“ გამოვიდოდა, ამაზე ამერიკელები შეიძლება, წავიდნენ კიდეც.