მოხდა კი ის, რომ ერთ-ერთმა ინგლისურმა სადაზღვევო კომპანიამ ემისრები გამოგზავნა რუსთავში იქ მცხოვრები უკრაინის მოქალაქის, ანჟელიკა ბირიუკოვას გარდაცვალების ფაქტის დასადასტურებლად.
საქმე ის არის, რომ ბირიუკოვამ დუბაიში არსებულ ამ სადაზღვევო კომპანიის ფილიალში საკუთარი სიცოცხლე დააზღვია... 350 ათას დოლარად, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ვერსიით, ბირიუკოვამ თავისი გარდაცვალების იმიტაცია გაითამაშა.
დუბაიში ჩაბრძანდა ანჟელიკას მეუღლე ვლადიმირ ვორონკოვი და სადაზღვევო კომპანიას ბირიუკოვას გარდაცვალების ცნობა წარუდგინა, მაგრამ კომპანია არცთუ ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა.
დუბაიდან რუსთავში სასწრაფოდ ჩავიდა კომპანიის მენეჯერი და შეუდგა ბირიუკოვას სიკვდილის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებას.
გაირკვა, რომ ბირიუკოვას სიკვდილის ცნობა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გასცა რუსთავის მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სამსახურმა, თუმცა პროკურატურა ჯერჯერობით ვერ ადგენს, იყო თუ არა რუსთავის მორგში ნამდვილი ბირიუკოვას გვამი. საქმე ის არის, რომ გასული წლის მარტში ამ მორგში მართლაც მიიტანეს უცნობი ქალის გვამი, რომლის „ჭირისუფალმა“, ვიღაც აზერბაიჯანელმა მამაკაცმა განუცხადა ექიმებს, რომ ეს ქალი უკრაინიდან ჩამოსული სტუმარია და წინა საღამოს მის სახლში გამართული ქეიფისას ასფიქსიით გარდაიცვალა. საგულისხმოა, რომ ამ ფაქტზე არ აღძრულა არანაირი სისხლის სამართლის საქმე.
გვამს ექსპერტიზა ყოველგვარი იურიდიული სანქციის გარეშე ჩაუტარეს, მეორე დღეს კი გვამის წასაღებად მისულმა იმავე აზერბაიჯანელმა პასპორტიც მიიტანა, რომელიც ანჟელიკა ბირიუკოვას ეკუთვნოდა. შესაბამისად, მიცვალებული სარეგისტრაციო წიგნში ამ გვარით გაატარეს. გვამი კი ღამით წაიღეს, როცა მორგში არავინ იყო (!). მოკლედ, ჯერჯერობით, გაურკვეველია მკვდარი ქალი ბირიუკოვაა თუ ვინმე უპატრონო მიცვალებული.