ოკუპაციის შემდეგ ახალგორში შესვლა ძალიან რომ გაჭირდა, ეს უკვე ძველი ამბავია. ახალგორელებს (ძირითადად კი ქართველებს) ცხადია, ოკუპანტების თარეში არ ხიბლავდათ და მიტოვებულ კერას იშვიათად თუ მოინახულებდნენ. ახლა ესეც თითქმის შეუძლებელი გახდა, რაშიც ლომის წილი ოკუპანტებს კი არა, ახალგორელებისვე თქმით, ქართულ პოლიციას მიუძღვის.
„ყველასთვის ცნობილია, რომ ახალგორში მოხვედრა, ვინც იქ ჩაწერილი არ არის, ძალიან გართულდა, რაც ქართულ ბლოკ-საგუშაგოსთან არის დაკავშირებული: ნებისმიერ მგზავრს, ვისაც არ აქვს ჩაწერა ახალგორში, არ უშვებენ. ასეთს ახალგორის ლეგიტიმური მუნიციპალიტეტისგან საბუთი უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, ესა თუ ის პირი ახალგორში ვისთან მიდის და რატომ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც, თუ ახალგორში რამე საკუთრება გაქვს (ვთქვათ, სახლი), მაგრამ ახალგორში მცხოვრებლად დარეგისტრირებული არ ხარ, ასეთებსაც, შეიძლება ითქვას, დე-ფაქტო საზღვრის გადალახვა არ უჭირთ. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ახალგორში ნათესავის სანახავად მიდის, დაურეგისტრირებელს ქართული პოლიცია გზის გაგრძელბის საშუალებას არ მისცემს", - უთხრა "რეზონანსს" ერთ-ერთმა ახალგორელმა.
მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა ახალგორში სეპარატისტული ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს (ეს კი გასულ კვირას მოხდა), ქართულმა პოლიციამ დე ფაქტო საზღვარზე კონტროლი ერთიორად გაამკაცრა - თითოეულ მგზავრს ხელჩანთასაც კი უჩხრეკენ და რუსულწარწერიან აბსოლუტურად ყველა პროდუქტს ართმევენ:
„რუსულმა სასაზღვრო ნაწილმა ჰუმანიტარული დახმარების დარიგება დაიწყო. დაარიგეს შაქარი, დაკონსერვებული ხორცი, ე.წ. ტუშონკები და თევზის კონსერვები. დაურიგეს თითქმის ყველას, მათ შორის იყვნენ წეროვნელებიც და, რა თქმა უნდა, აქეთ, მცხეთისკენ წამოღება განიზრახეს. ქართულმა პოლიციამ კი ბლოკ-საგუშაგოზე რეიდი დაიწყო: ყველაფერი, რასაც რუსული იარლიყი ჰქონდა, მგზავრებს ჩამოართვეს. ხელჩანთებშიც კი ჩაძვრნენ. მძღოლს „ბარდაჩოკიდან", 2 ცალი „ტუშონკა" ამოუღეს. მძღოლი ბრაზობდა: აქ თუ ჩამიძვრებოდნენ, არ მეგონაო. ერთი წივილ-კივილი იყო, ხალხი „მარშრუტკიდან" სულ ცალ-ცალკე ჩამოიყვანეს. ხალხი გაგიჟებული იყო: ასე ცალობით რომ გვართმევთ, ნეტა, რად გინდათო. ამაზე კი იცინოდნენ - ყველას ცალს რომ გამოვართმევთ, თანდათან გაბევრდებაო. იქ ყველანაირი უკანონობა და უკონტროლობაა".
ოკუპირებული ხეობის მკვიდრნი ქართული ბლოკ-საგუშაგოს კიდევ ერთ უცნაურ „კანონზე" საუბრობენ, რომლის მიხედვითაც ახალგორში რამე დიდი ნივთის შეტანა, რაც ყოფითი პირობებისთვის გამოდგება, არ შეიძლება, თვითონ ახალგორიდან კი, მათივე თქმით, თუნდაც სახლი წამოგიღია - ეს ნებადართულია.
„ახლა, როცა ყურძნის დაწურვის პერიოდია, ხალხს მგზავრობა ქართულმა ბლოკ-საგუშაგომ უფრო გაურთულა. ერთ-ერთმა მგზავრმა წინასწარ ჰკითხა კიდეც ქართველ პოლიციელს: შემატანინებ ახალგორში 100 კილო ყურძენსო და უარი მიიღო. ცხადია, 100 კილო გასაყიდად არ ექნებოდა, დასაწურად უნდოდა. ამას წინათ კიდევ ერთ კაცს დიდი კასრი შეჰქონდა ახალგორში ღვინისთვის და არ გაუშვეს. ერთს კარ-ფნჯარა მიჰქონდა, იქ სახლისთვის გამოსაცვლელად, არ გაატარეს. ქართველი „გუშაგები" მიზეზს არაფერს არ ეუბნებიან - არა და მორჩა!
ერთხელ, ღვინის დაწურვაზე რომ იყო საუბარი, ქართველმა პოლიციელებმა მგზავრებს ასეთი რამე უთხრეს დაცინვით: ჰო, რუსებს დაუწურეთ ღვინოო. ქართულ პოლიციას რამე ტვირთის ან საქონლის შეტანაზე პრობლემა აქვს მხოლოდ ახალგორში შეტანაზე, გამოტანით კი თუ გინდა ყველაფერი გამოზიდე, არავინ არაფერს გეტყვის. ოღონდ ახალგორში ნურაფერს შეიტან და თუ გინდა, მთელი სახლი აიკიდე და წამოიღე. ერთ კაცს სახლში წყალი შესდიოდა და ფანჯრების გამოცვლა უნდოდა, მაგრამ უარი უთხრეს, არ გაატარეს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ქსნის ხეობის მკვიდრმა.
ქართული პოლიციის აღნიშნულ „კანონიერ" თუ „უკანონო" ქმედებებთან დაკავშირებით „რეზონანსი" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილს ესაუბრა.
„ასეთი რამე არ არსებობს. ქართული პოლიცია ყველას ატარებს შეუზღუდავად და არანაირი პროდუქტის ჩამორთმევა არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია", - უთხრა „რეზონანსს" უტიაშვილმა.