შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე და სამინისტროს სხვა თანამშრომლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა უფროსი კლასის მოსწავლეებს ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე აწვდიან ინფორმაციას. შეხვერდაზე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის ჩვენებაც მოეწყო. ვიდეორგოლის მეშვეობით სკოლის მოსწავლეებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება.