მანფრედ მენი - სინთეზატორების დიდოსტატი გამორჩეული სამოციანელი და არამარტო... (ნაწილი მეორე)

მანფრედ მენი - სინთეზატორების დიდოსტატი გამორჩეული სამოციანელი და არამარტო... (ნაწილი მეორე)

მცირეოდენი შემოქმედებითი პაუზა, რაც 1969 წელს მანფრედ მენის პირველი ჯგუფის დაშლას მოჰყვა, მუსიკალურ სცენაზე შექმნილი საოცარი ცვლილებებით იყო გამოწვეული. საჭირო იყო ადაპტაცია სამოცდაათიან წლებთან, როდესაც ახალ იდეებზე დაფუძნებულმა ექსპერიმენტულმა მუსიკამ, დაჩრდილა თვით როკ’ნ’როლიც კი და პროგრესივ როკის ბუმმა ინტელექტუალური მსმენელი მოამრავლა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

ამის შედეგია Jethro Tull-ის Thick As A Brick-ის ჩარტებში გამარჯვება და არაერთი პროგრესივ როკ ჯგუფის აღზევება, რომლებიც მართალია ტოპ 100-ეულში შეიძლებოდა ვერც მოხვედრილიყვნენ, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებოდა ჯონ პილის მსგავსი მუსიკალური გურმანი, რომელიც მათ მიმართ კეთილ სიტყვებს არ დაიშურებდა.

ასე, მეტ ნაკლები კომერციული წარმატებით მოევლინენ ბრიტანულ სცენას Emerson Lake & Palmer, Van Der Graaf Generator, Yes, Genesis, King Crimson, Gentle Giant. პარალელურად განვითარების პიკს მიაღწიეს Deep Purple, Led Zeppelin, Black Sabbath-მა.

ასეთი მონსტრების ხელში სამხრეთ აფრიკელი მანფრედ მენი სავსებით შესაძლებელი იყო, რომ დაკარგულიყო. თუკი ამერიკაში ჯონ ფოგერტიმ დაძლია The Beatles-ის ხელშეუხებლობა და The Rolling Stones-ის „სამი აკორდი პლუს ცოტაოდენი“ ენერგია მათივე იარაღით - ანუ მელოდიურობითა და გამორჩეული ვოკალით, მანფრედ მენის მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, რადგან მას ჯერ კიდევ 60-ების დასაწყისიდან იცნობდნენ როგორც ექსპერიმენტატორს, ხოლო ასეთი მუსიკოსი თუკი არ ვითარდება, ან სიდ ბარეტისა და ბრაიან ჯონსის მსგავსად, მსმენელის თვალში საკუთარი თავის ირგვლივ იდუმალებით უნდა შეიმოსოს, ან კიდევ უნდა გადაეშვას პაექრობაში ზემოთჩამოთვლილ გრანდებთან...

ათწლეულების განმავლობაში არაერთი საინტერესო სიმღერისა, თუ ზოგადად ალბომის ჩაწერის მიუხედავად, სამწუხაროდ, მანფრედ მენმა ასეთ პაექრობას ვერ გაუძლო და 60-იანებისგან განსხვავებით, როდესაც მისი ვარსკვლავი ბრწყინავდა, 70-იანებში იგი ალბათ მაინც მეორეხარისხოვან მუსიკოსად იქცა, იყენებდა რა აურაცხელ იარაღს აღიარების მწვერვალზე დასაბრუნებლად.

Manfred Mann’s Earth Band 1971 წელს შემადგენლობით მანფრედ მენი (ორგანი, სინთეზატორი, ვოკალი), მიკ როჯერსი (გიტარა, ვოკალი), კოლინ პატენდენი (ბას გიტარა) და ქრის სლეიდი (დრამი და ვოკალი) ჩამოყალიბდა.

როგორც ვხედავთ, მუსიკოსთა კრებული მაინცდამაინც „ვარსკვლავური“ არ არის, თუ არ ჩავთვლით ქრის სლეიდს, რომელმაც მომავალში არაერთ საინტერესო პროექტში მონაწილეობის გარდა, Asia-სა და Ac/Dc-ში დაკვრით გაითქვა Manfred Mann’s Earth Band -ში დამკვიდრებული სახელი.

მიკ როჯერსი დღემდე Manfred Mann’s Earth Band-ის წევრია, ხოლო პატენდენი კი მანფრედ მენამდე ენგელბერტ ჰამპერდინკთან და Mungo Jerry-ში უკრავდა.

მანფრედ მენმა თითოეულ ალბომში ბობ დილანის თითო სიმღერის შეტანა,  ტრადიციად აქცია, ხოლო მეოთხე ალბომი Solar Fire კი Father Of Day, Father Of Night -ის ცხრა წუთიანი ვერსიით გახსნა, რაც გულგრილს ალბათ თვით ავტორსაც კი ვერ დატოვებდა...

თუკი ბობ დილანის შესრულებით Father Of Night სულ რაღაც ორიოდე წუთს გრძელდებოდა და ავტორისეულ სპირიჩუელსს წარმოადგენდა, მანფრედ მენმა იგი პროგ როკ ოდად აქცია და მუგის სინთეზატორზე წამოწეული კოსმიური ეფექტებითა და მელოტრონის გააზრებული გამოყენებით დაიპყრო გაცილებით გართულებული ნაწარმოების სივრცითი განზომილებები. მუსიკალურმა კრიტიკამ კომპოზიცია სირთულით თვით King Crimson-საც კი შეადარა…

Father Of Day, Father Of Night-ს In The Beginning, Darkness მოსდევს. ჰარდ-როკ შედევრში მსუბუქად გასაგებადაა წარმოჩენილი იმდროინდელი ფანკი ტენდენციების მოზღვავება, თანაც გიტარისტ მიკ როჯერსის ბუნებრივი მძლავრი  ჟღერადობის ფონზე, მელოდიურობა წინა პლანზეა წამოწეული, მანფრედ მენის მუგის სინთეზატორი კი სავსებით შესაძლებელია, რომ Black Sabbath-თვის იმავე 1973 წლის ალბომ Sabbath Bloody Sabbath-ში, ამ ინსტრუმენტის დანერგვის წამახალისებელიც ყოფილიყო. Solar Fire ამ ალბომზე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა...

შემდეგ მოდის ინსტრუმენტული პიესა Pluto The Dog. მართალია უოლტ დისნეის პერსონაჟი მანფრედ მენმა კლავიშური „ფოკუსებით“ გააფორმა, მაგრამ საკითხავი ისაა, მოუხდა კი ამგვარი „განტვირთვა“ შესანიშნავად დაწყებულ ღრმააზროვან ალბომს. შემთხვევით წყალში ხომ არ გადაყარა ჯგუფმა ალბომის პირველი ორი სიმღერით  მსმენელში გამოწვეული ვნებათა ღელვა. ალბათ ასეა, რადგან ფუნქციურად ის ახლოსაც ვერ მივა Pink Floyd-ის Meddle-ში Seamus-თან…

ალბომის მეორე გვერდი სახელწოდების მატარებელი Solar Fire-ით იწყება. აქ Father Of Day, Father Of Night -ის მსგავასად, აღსანიშნავია დების - დორინ და ირენ ჩანტერების ლამაზი ვოკალური ჩანართები. შემდგომში დები კიდევ სამ ალბომში გაჰყვნენ Manfred Mann’s Earth Band-ს.

ალბომის მეორე გვერდი აღვსილია იმ დროისათვის განსაკუთრებით პოპულარული (თუნდაც Pink Floyd-ის Dark Side Of The Moon-დან გამომდინარე) კოსმოსური  თემატიკით. მწვავე სინთეზატორული ფონებით გაფორმებული „სატურნი - ბეჭედის მბრძანებელი“ და „მერკური - ფრთოსანი მოამბე“ გვამცნობს მანფრედ მენის მე-20 საუკუნის დასაწყისის ინგლისელ კლასიკოს კომპოზიტორ გუსტავ ჰოლსტის სიმფონიურ სიუიტა „პლანეტებით“გატაცებას. შვიდივე პლანეტისადმი მიძღვნილი ნაწარმოებებიდან მანფრედ მენი ორს ირჩევს, თუმც მათ ორიგინალთან ბევრი არაფერი აქვთ საერთო.

სამაგიეროდ თემასთან დაახლოებული აღმოჩნდა „იუპიტერი - სიხარულის მომტანი“. Joybringer ინგლისში სინგლის სახით, ხოლო ამერიკაში კი ალბომის ბოლო კომპოზიციად ჩაიწერა. ჩარტებში ჰოლსტის ქავერმა მაღალი პოზიციები დაიმკვიდრა, თუმც ამ კრიტერიუმით პირველადგილოსანი სიმღერა ბრიუს სპრინგსტინის Blinded By The Light-ის ქავერია, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო მანფრედ მენის, როგორც დიდებული ორანჟერის ნიჭი.

ჩვენ Manfred Mann’s Earth Band -ის ერთი ალბომის განხილვით შემოვიფარგლეთ, რადგან Solar Fire შესაძლოა ეტალონურ ნამუშევრადაც კი ვიგულისხმოთ მუსიკოსის შემოქმედებაში. როგორც ვხედავთ, ერთ-ერთი საუკეთესო ალბომიც კი საკმაოდ არათანაბარია და რაღა უნდა ითქვას იგივე 1979 წლის Angel Station-ზე ბრწყინვალე გახსნით Don’t Kill It Carol, რომელიც ჩამოუვარდება ხარისხით  Solar Fire-ს?

მანფრედ მენი დღესაც მოქმედი მუსიკოსია, თუმც ბოლო ხანს მაინცდამაინც აქტიური სტუდიური მოღვაწეობით არ გამოირჩევა. თავდაპირველი შემადგენლობიდან კი მას გვერდს მხოლოდ მიკ როჯერსი უმშვენებს. ერთხანს Manfred Mann’s Earth Band -ში Jethro Tull-ის დრამერი ქლაივ ბანკერიც უკრავდა.