საქართველოს პრეზიდენტად არჩევისთანავე მიხეილ სააკაშვილი თანამემამულეებს ორ რამეს დაჰპირდა: პირველი, მის გამო ქუჩები არ გადაიკეტებოდა, მეორე - საზღვარგარეთ სარეისო თვითმფრინავებით ივლიდა. მაგრამ სამი წელიც არ გასულა და სააკაშვილმა დაპირებები დაივიწყა.
კარგა ხანია, თბილისის ქუჩებში სააკაშვილის კორტეჟის გამოჩენა სამხედრო ოპერაციას დაემსგავსა. დღის ნებისმიერ დროს, მანქანების გამოჩენამდე 10-15 წუთით ადრე, ქუჩებს საპატრულო პოლიცია კეტავს და მის ჩამოქროლებამდე, ისევე როგორც ედუარდ შევარდნაძის დროს, ტრასაზე ავტომატიანი ხალხი ჩნდება.
ასევე მალე მოსწყინდა სააკაშვილს სარეისო თვითმფრინავებით ფრენა და როგორც ოპოზიციური პარტიის, „ახალი მემარჯვენეების“ წევრები ამბობენ, პირადი ლაინერი შეიძინა.
სავარაუდოდ, ეს არის კანადური ფირმის კომფორტული სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier Aerospace-BD-700 Global Exspress-ი ან Bombardier Global-5000.
ამბობენ, რომ სააკაშვილის დაჟინებით თვითმფრინავი ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა შეიძინა, მერე კი იჯარით კომპანიას „აირზენა საქართველოს ავიახაზებს“ გადასცა. ლაინერი 15 კაცისთვისაა გათვალისწინებული და აღჭურვილია უთანამედროვესი ტექნიკით.