აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ უკრაინამ აღმოსავლეთით საკუთარი მიწები დაკარგა და რუსეთთან უნდა დაზავდეს, თუმცა მოგვიანებით მან ნიუ-იორკში გაეროში გამოსვლისა და გამართული შეხვედრების შემდეგ ახალი გასაოცარი სტრატეგია წარადგინა. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, ტრამპის ახალი მიდგომა მოულოდნელი იყო მოკავშირეებისა და მტრებისთვისაც.
„ვფიქრობ, რომ უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერით შესწევს უნარი იბრძოლოს და გაიმარჯვოს, დაიბრუნოს [მიწები] პირვანდელი სახით“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში. „დროის, მოთმინების, ევროკავშირისა და კერძოდ ნატოს ფინანსური მხარდაჭერით, პირვანდელი საზღვრები, საიდანაც დაიწყო ეს ომი, სავსებით შესაძლებელია, რომ აღდგეს“.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრების შემდეგ გააკეთა.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, რა დროსაც მეფე ჩარლზ მესამემ მას ვახშმის დროს დელიკატურად შეახსენა, რომ „ტირანია ევროპას კვლავ ემუქრება“.
აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, სტატიის ავტორები სვამენ კითხვას: „მართლა დაიღალა, თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისგან?“. გამოცემა კითხულობს, მართლა უჭერს თუ არა ტრამპი უკრაინას და მის ლიდერს, რომელიც მან დაამცირა ოვალური კაბინეტში.
გამოცემა წერს, რომ იმის მაგივრად, რომ ტრამპმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადოს, ის მთელ პასუხისმგებლობას ევროპასა და ნატოს აკისრებს. ჯერჯერობით არავითარი მინიშნება არ არის იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინას დამატებით დახმარებას გაუწევს, ან მოსკოვს უფრო მკაცრად დასჯის. ტრამპის ერთადერთ ვალდებულებად რჩება იარაღის გაყიდვა მოკავშირეებზე.
როგორც ჩანს, ტრამპმა ერთი რამ ისწავლა: ომის დასრულება რთულია. ის დაიღალა, ასკვნის გამოცემა.