სააკაშვილის დედაც... რუსულად ალაპარაკდა

სააკაშვილის დედაც... რუსულად ალაპარაკდა

სულ ახლახანს თურქეთში მე-9 საერთაშორისო ფორუმი „პლატფორმა - დიალოგი ევრაზია“ გაიმართა. ფორუმში მიხეილ სააკაშვილის დედა, თურქოლოგი გიული ალასანია მონაწილეობდა. იგი ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

პრეზიდენტის დედა ფორუმის მონაწილეებთან ხაზგასმით რუსულ ენაზე ურთიერთობდა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ვითარდება დასავლეთიდან მოვლენილი სპეციალისტების მიერ მომზადებული პროგრამის მიხედვით. საქართველოში დემოკრატიისა და პოლიტიკური სისტემის განვითარების მთავარი მიზანი, ქალბატონი გიულის აზრით, „შუა საუკუნეებიდან თავის დაღწევა“ ყოფილა.

პრეზიდენტის დედამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „შორეული მომავლის პრობლემაა“. როგორც მან რუსულ სააგენტო REGNUM-ს განუცხადა, თბილისს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის დიალოგი სჭირდება.

„მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. ჩემი შვილის, საქართველოს პრეზიდენტის არც ერთ მცდელობას შედეგი არ მოჰყვება. რუსეთის ლიდერები მასთან დიალოგზე უარს აცხადებენ, თუმცა ქართული ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან კონტაქტი აქვთ. ჩვენ მეზობლები ვართ და მომავალშიც ვიქნებით. საქართველო კარგავს რუსული კულტურის უკანასკნელ ფენას, რუსული ენა ავიწყდებათ, ქართველები ინგლისურენოვანი ხდებიან. მე ეს მაწუხებს“, - აცხადებს გიული ალასანია.

სააგენტო REGNUM-ის შეკითხვაზე: „რა ნაბიჯებს ელის თბილისი მოსკოვისაგან?“ პრეზიდენტის დედამ უპასუხა: „დიალოგი და კვლავ დიალოგი“.

საქართველოს რეგიონული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მოვლენებად გიული ალასანიამ დაასახელა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა საქართველო-რუსეთის საზღვარზე, რომელიც სომხეთის ბლოკადიდან გამოყვანას ემსახურება, აგრეთვე სავიზო რეჟიმის გაუქმება ირანთან, რომელსაც მან „ახლო აღმოსავლეთში საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი“ უწოდა.