არ ვიცით, ვის როგორ ასოციაციებს აღუძრავდა ბატონი კოტე, მაგრამ ჩვენ იმ მარათონელს გვაგონებდა, თავისიანისთვის ომში გამარჯვების მახარობელი რომ იყო. ასეთი იყო კომენტატორობის, სცენიდან სიტყვის თქმისა თუ ქართული საქმის გულშემატკივრობის დროს.
- ნუ გავიწყდებათ, რომ მე მსახიობი გახლავართ და მაშასადამე, მასხარების მოდგმისა. მასხარებს კი თავიანთი პატრონებისა და ხალხის გაცინების გარდა, ის მისიაც ჰქონდათ, რომ მეფეებსა და იმპერატორებს სიცილ-სიცილით, მწარე სიმართლესაც ეუბნებოდნენ.
ასე გაესაუბრა „კვირის პალიტრის" მკითხველს კოტე მახარაძე ინტერვიუში, რომელიც სამწუხაროდ, უკანასკნელი გამოდგა. ამ ინტერვიუში სხვაც მრავალი ითქვა დასამახსოვრებელი და ისეთი, კაცს რომ გულზე მოეფონება.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ნათქვამი:
„ერთი მსახიობის თეატრის" რეპერტუარი ინტელიგენციისთვის არის გათვლილი, რადგან აქ არის პუბლიცისტიკა, ფილოსოფია და ლიტერატურა, მაგრამ იცით, რომ ბილეთის ფული, 3 ლარი არა აქვთ. რა თქმა უნდა, ასეთ ხალხს ვიწვევთ სპექტაკლებზე, ისევე როგორც ინვალიდები შემოგვყავს უბილეთოდ, ბრმებს შინ ვუგზავნით მანქანებს და ისინი ქართულ სიტყვას ისმენენ აქ.
საქართველოს ხელისუფლება ვერ აკეთებს მომგებიან სვლებს. არ ვტრაბახობ, მაგრამ იმავე რუსეთის ტელევიზიით აფხაზეთის საკითხზეც კოტე მახარაძის გარდა თუ გამოვიდა ვინმე, რათა ყველას დაუმტკიცოს ქართველების სიმართლე? აქ გაიძახიან, საინფორმაციო ომი წავაგეთო, მაგრამ რატომ წავაგეთ?
ჩვენი ერის სულიერ და მატერიალურ ცხოვრებაში არაფერს უთამაშია ისეთი დიდი და გადამწყვეტი როლი, როგორიც ქრისტიანობას.
მე მრცხვენია რუსეთის ინტელიგენციის მაგიერ. ჩვენ უკვე სხვა ქვეყანა ვართ და წარსულს ჩაჰბარდა ის დრო, როდესაც საკუთარ ტერიტორიად მიგვიჩნევდნენ. რა, საქართველოს არმიის შექმნის უფლება არ გააჩნია? მხოლოდ სიმღერა შეგვიძლია და სროლა არა? მოიფიქრეს, თითქოს საქართველო ტერორისტებს უშვებს და კინაღამ ბინ ლადენი აღმოგვიჩინეს. მე თუ ტერორისტს ვუშვებ, შენ დააკავე!
ერთხელ ლევ ტოლსტოის ცოლს ჰკითხეს,- რატომ არ ჰყავს რუსეთს ტოლსტოის მსგავსი გენიოსიო და უპასუხა,- ბუნება ისვენებსო! ჩვენ ყველა სფეროში და მათ შორის ფეხბურთშიც, ძალიან გაგვიგრძელდა „დასვენება", მაგრამ მალე მოვა დრო, როცა ქართული გენი და ბუნებაც მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს გამოყრის ასპარეზზე, ისევე, როგორც ეს ადრეც ყოფილა!“
ასე იმედიანი გახლდათ ბატონი კოტე სიცოცხლის ბოლო პერიოდში.
თავის თავს ორი ბატონის მსახურს უწოდებდა. მთავარი ბატონი მისთვის თეატრი იყო, არანაკლებ მთავარი- ქართული ფეხბურთი!
ისევ გვახსოვს კოტე მახარაძის ურიელ აკოსტა, კვაჭი კვაჭანტირაძე, დონ სეზარი, კარენინი თუ სალიერი. ისევ გვახსოვს თითქოს გუშინ მოსმენილი საავტორო სპექტაკლები, რომლებზეც ხან აკაკის სიტყვებით („თავო ჩემო, ბედი არ გიწერია") გვახსენებდა მსახიობი ჩვენს ბუდუკუღმართობას, ხან კიდევ მისი შეძახილი გვაფხიზლებდა თითქოს: „გააჩერეთ დედამიწა, მე აქ ჩავდივარ!"
ჩავიდა ბატონი კოტე დედამიწიდან და დედამიწა ალბათ არ გაჩერდა, მაგრამ ყველა ჩვენგანის გულში კი ნამდვილად გაჩერდა ის ერთი წამი, როცა საქართველომ თავისი ბატონი კოტეს ამ ქვეყნიდან გასვლა შეიტყო.
თბილისი და საქართველო ეთხოვება დიდ მსახიობსა და დიდ კომენტატორს და მადლობას მოახსენებს დიდი მოქალაქეობრივი წვლილისთვის.