ფოთში საზოგადოება „სამეგრელოს“ შექმნამ ქართული საზოგადოების აღელვება და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ამ ორგანიზაციის წესდებასა და პროგრამაში რამდენიმე აშკარა პროვოკაციული დებულებაა, რომელთა შესაბამისად ისე გამოდის, თითქოს სამეგრელო „დაპყრობილი ტერიტორია და საქართველოს კოლონიაა“.
ეს არის შედეგი და „გვირგვინი“ მარაზმში ჩავარდნილი ეგრეთ წოდებული „ზვიადისტების“ სიჩლუნგისა. ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველი სამეგრელოში ტრაიბალისტური „მოძრაობის“ წამოწყებისათვის სწორედ გადაგვარებული „ზვიადიზმია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს პირველი პრეზიდენტის იდეებთან ან თუნდაც მის მოღვაწეობასთან. ყოველ შემთხვევაში, თუ მოღვაწეობად მხოლოდ შეგნებულ ქმედებას მივიჩნევთ.
ისიც უნდა ითქვას, რომ ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება სამეგრელოში ასეთი ორგანიზაციის შექმნის სხვა საფუძველს. აქ ახალი, თუ ყურადღებით არ დავაკვირდებით, თითქოს არაფერია. გავიხსენოთ ანდრეი სახაროვის ცნობილი პროვოკაციული ფორმულა, რომელიც მან პირველად წარმოთქვა საჯაროდ 1989 წლის ზაფხულში - „დემოკრატი ქართველოფობის“, ვიტალი კოროტიჩის ჟურნალ „ოგონიოკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „საქართველო პატარა იმპერიაა, რომლის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და სხვა ტერიტორიები“.
როგორ გგონიათ, ამ „სხვა ტერიტორიებში“ ვის და რას გულისხმობდა რუსული დემოკრატიის მამამთავარი? დარწმუნებული ვარ, გულისხმობდა სამეგრელოსაც და სვანეთსაც იმავე ლოგიკით, რითაც რუსული სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა განეცალკევებინა „ქართული ენა, ქართული ფენომენი“ მისთვის „უცხო“ „მეგრულისგან“ და „სვანურისგან“.
აფხაზური სეპარატიზმიც სწორედ ამიტომ გააღვივეს, რათა შემდგომ სხვა პრობლემებიც შეექმნათ, - უკვე თვით ქართულ ეროვნულ სხეულში ჩაედოთ და აეფეთქებინათ ნაღმები. „სამეგრელოს ფაქტორსაც“ კარგა ხანია ამწიფებდნენ და ამზადებდნენ. როგორც ჩანს, ახლა ჩათვალეს ხელსაყრელად ვითარება მისი აფეთქებისათვის. ან იქნებ სხვა გზა აღარ დარჩათ, ვინაიდან ყველა სხვა კოზირი უკვე აამოქმედეს და ბოლომდე გამოიყენეს? სამეგრელო კი უკანასკნელი კოზირია.
შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რათა თავად არ შეუწყოს ხელი ვითარების გამწვავებას. ამ თემის მუსირება საერთოდ დაუშვებელია. სამეგრელოს თემაზე სპეკულაციები სწორედ იმ სპეცსამსახურებს აძლევთ ხელს, სადაც ეს ყოველივე დაიგეგმა. რამდენად „ნაყოფიერი“ იქნება მათი ქმედება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. საეჭვოა შედეგს მიაღწიონ, ვინაიდან, საბედნიეროდ, ერის კონსოლიდაციის პროცესი შეუქცევადი გახდა. საბაზრო ეკონომიკა და შესაბამისი ახალი მიმართებები კი ამ კონსოლიდაციას არათუ ასუსტებს, არამედ პირიქით, - აძლიერებს.
სხვათა შორის, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, ანუ სახელმწიფოებრიობა ვინმეს ახირება კი არა, ისტორიული აუცილებლობა, თვითგადარჩენის, ეროვნული მთლიანობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები იმ თვალსაზრისით, თუ საქართველო „საბჭოთა კავშირს“ უერთგულებდა და დარჩებოდა ერთიან სახელმწიფოს შემადგენლობაში. უეჭველად განხორციელდებოდა გორბაჩოვ-ლუკიანოვის მზაკვრული გეგმა „მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების“ შესახებ. საქართველო იურიდიულად დანაწევრდებოდა ოთხ ნაწილად, ხოლო „მოკავშირე რესპუბლიკა აფხაზეთში“ აფსუანური ხელისუფლება (რა მნიშვნელობა აქვს, არძინბა თუ ოზგანი) დაიწყებდა ადგილობრივი, ანუ აფხაზეთში მცხოვრები მეგრული თემის გამოყენებას სხვადასხვა პროვოკაციებისათვის.
აბა კარგად გავიხსენოთ: ჯერ კიდევ 1989 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა და „საბჭოთა ინტერნაციონალიზმის“ იდეოლოგიაც მძლავრობდა, აფსუებმა თავიანთი ტელევიზიით გამოიყვანეს ვიღაც გარეწარი, რომელმაც მეგრელი ხალხის სახელით დაიწყო ლაპარაკი.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში „საქართველოსა და აფხაზეთის გათანაბრების“ შემდეგ ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაძლიერდებოდა. საქართველო კი არ იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო: აქედან გამომდინარე, არც რაიმე ბერკეტი შერჩებოდა თავის დასაცავად.
დღეს გაცილებით მეტი შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ უმთავრესი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, არის ვითარების სწორი შეფასება. უპირველეს ყოვლისა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ: სავსებით ობიექტურ მიზეზთა გამო, რუსეთი მართლა იქცა საქართველოს დაუძინებელ, უბოროტეს მტრად. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ თავად რუსეთი ან რუსი ხალხია „ბოროტი“ ან „კეთილი“. ასეთი ცნებებით პოლიტიკაში არ ოპერირებენ, - უბრალოდ, რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს და კვლავ იმოქმედებს თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ამ ინტერესებს კი ობიექტურად არ შეესაბამება სამხრეთ კავკასიაში ერთიანი, სტაბილური სახელმწიფოს არსებობა საქართველოს სახით, ვინაიდან თვით ასეთი სახელმწიფოს არსებობაც, თავისთავად იწვევს რუსეთისთვის ნეგატიური პროცესების განვითარებას ჩრდილო კავკასიაში.
ეს ობიექტური რეალობაა, - განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ, ან ვინ იქნება საქართველოს ხელისუფალი.
ამიტომ, რუსეთი ყოველთვის შეეცდება სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებას საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისათვის. მისთვის იდეალური ვარიანტია სამხრეთ საქართველოში ნაწილ-ნაწილ (მათ შორის მეგრულ-სვანურ-ქართულ) დანაწევრებული „საქართველოების“ არსებობა, რომელთაგან თითოეული რუსეთზე იქნება დამოკიდებული.
რუსეთის ამგვარ დამოკიდებულებას ვერ შევცვლით „ლოიალური“ პოლიტიკით, რასაც ზოგიერთი გვთავაზობს, ვინაიდან როგორი იდეალური პოლიტიკაც უნდა გაატაროს საქართველომ, თუ იგი დამოუკიდებელი ქვეყანა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იქნება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არ შევა, მაინც, ობიექტურად, საკუთარი არსებობის ფაქტით შეუქმნის პრობლემებს რუსეთს.