4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია, როგორც ოპოზიციის განულების პროცესის დასაწყისი?!

4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია, როგორც ოპოზიციის განულების პროცესის დასაწყისი?!

ბოლო დროს, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები - დაპირისპირება და დაკავებები - პოლიტიკური დის წესრიგის უმთავრესი თემაა. საინტერესოა, რა მოჰყვება ამ პროცესს? უნდა ველოდოთ თუ არა „ვარდების რევოლუცია 2“-ს? რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ლელოსა“ და გახარიას პარტიამ, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვიტეს მონაწილეობა? ამ და სხვა, აქტუალურ საკითხებზე, For.ge-ს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრება. 

- ბატო ზაალ, თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენების ფონზე, პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

- ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია, ძალების მოსინჯვა 4 ოქტომბრის აქციის წინ, ასევე ხალხის მობილიზების მცდელობა და გატესტვა 4 ოქტომბრის აქციისთვის - მათ სჭირდებათ ზუსტად იცოდნენ, თუ რამდენ ადამიანს გამოიყვანენ, რაზე იქნებიან ადამიანი წამსვლელები და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ. ამის შემდეგ ჩამოყალიბდება ტაქტიკ და სტრატეგია, რადგან მთავარი 4 ოქტომბრის აქცია, 13 სექტემბრის აქციას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, რადგან ეს, ძირითადად, უცხოელების დაკვეთილი აქცია იყო.

იმდენად დიდი ფსონია დადებული ოპოზიციის მხრიდან 4 ოქტომბრის აქციაზე, რომ საკუთარი მომავალი, ფაქტობრივად, სასწორზე დადეს - თუ ეს აქცია ჩაიშალა და მიზანს ვერ მიაღწიეს, ამ პოლიტიკური ძალების განულების პროცესი დაიწყება. შეიძლება, მათმა მომხრეებმაც ზურგი შეაქციონ, რადგან დამარცხებული და არაფრის გამკეთებელი ფიგურები არავის მოსწონს, ეს იციან და ამიტომაც მიდიან ვა-ბანკზე.

ის ყველაფერი, რაც კალაძის შტაბთან ხდება, ამ ყველაფრის სამზადისი. მგონია, რომ ამაში ჩართულ არიან გარე ძალებიც - შეიძლება, ისინი ამ ეტაპზე აშკარად არ ჩანან, მაგრამ ვიცით, რომ მათი მიზანია ხელისუფლების შეცვლა საქართველოში და ისინი ამ აქციებს ყველანაირად მხარს დაუჭერენ.

- რთულია პროგნოზი, მაგრამ მაინტერესებს, როგორია თქვენი მოლოდინი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პროცესების ფონზე, რაც მიმდინარეობს და უნდა ველოდოთ თუ არა ვარდების რევოლუცია 2“-ს?

- 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები ხშირად ახსენებენ ვარდების რევოლუციას, თუმცა 2003 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო. საზოგადოებაში არსებობს ქართული ოცნებით უკმაყოფილი ხალხი, მაგრამ არ არის იმ დონის უკმაყოფილება, რომ ამან ხალხში რევოლუციური განწყობები გააღვიოს. ამასთან, ხალხმა ერთხელ უკვე იწვნია რევოლუციის გემო, ნახა, რით დამთავრდა ის და ყველაფერი გამოიარა. ასევე, ოპოზიციად განწყობილი ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ სურს ჩავარდეს იმ ქაოსსა და დესტაბილიზაციაში, რაშიც აუცილებლად ჩაიძირება ქვეყანა, თუ მათ წარმატებას მიაღწიეს - აქ ისეთი ამბები დატრიალდება, ეკონომიკის ჩამოქცევის პროცესი და ლარის გაუფასურება სწორედ მაშინ დაიწყება და როდის დამთავრდება, არავინ იცის.

- რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომლები ბოიკოტში არ დარჩნენ და არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს - „ლელოს და გახარიას პარტიას ვგულისხმობ, რა პერსპექტივა აქვთ? ზოგადად, რომელი გზაა უფრო სწორი - ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა?

- „ლელოსა და გახარიას მიერ არჩეული გზა უფრო სწორია და თუ 4 ოქტომბრის აქციამ ფიასკო განიცადა, მასთან ერთად, ფიასკოს განიცდის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც შეიძლება, საერთოდაც აიკრძალოს, რადგან წულუკიანის კომისიის დასკვნაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული. შესაბამისად, მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიციას დაიკავებს ლელო და გახარიას პარტია. ქართული ოცნებისთვის“, ეს შედარებით, უფრო მისაღები ვარიანტია.

12 წლის განმავლობაში, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა ოცნება, რადგან გვერდით ჰყავდა დისკრდიტებული პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობა და ყოველთვის უგებდა მას არჩევნებს. 2019 წლის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და ნაცმოძრაობა უკვე თავის ტკივილად გადაექცა, სწორედ ამიტომ დადგა მისი აკრძალვის საკითხი დღის წესრიგში. ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ნაცმოძრაობა? - ის პარტიები, რომელთაც ამის რესურსები აქვთ, ლელო და გახარიას პარტი, თუმცა მთავარი ის არის, როგორ მოიქცევიან ეს პარტიები 4 ოქტომბერს - ისინი, შეიძლება, არ შეუერთდნენ აქციას, თუ აქციამ ძალიან რადიკალური ხასიათი მიიღო, ან შეიძლება, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოები დარჩნენ და შეუერთდნენ 4 ოქტომბრის აქციას.

- რამდენად შეიძლება იქცეს ეს გაერთიანება - ლელო და გახარია - საქართველოსთვის მესამე, ალტერნატიულ ძალად, დღეს?

- მესამე, ალტერნატიულ ძალად რომ გადაიქცე, ამისთვის უნდა გქონდეს ისეთი რამ, რაც შეგიძლია, მოსახლეობას შესთავაზო და ამას მიიღებს, როგორც უკეთეს ალტერნატივა, მაგრამ ასეთ ალტერნატივას ვერც ლელო და ვერც გახარიას პარტია ვერ სთავაზობს მოსახლეობას. მათი განცხადებები, უფრო მეტად, სადღეგრძელოებს წააგავს, რაც შეუსრულებელი დაპირებაა. ვიდრე ოპოზიცია არ დაიწყებს საზოგადოებისთვის ღირებული და მისაღები პროგრამების შეთავაზებას, მანამდე ისინი ვერ შეძლებენ ხელისუფლებაში მოსვლას.