8-9 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორმა, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა, ერთმა კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერი დააზიანა. ძალოვანი უწყება მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შსს-ს შესაბამის დანაყოფში.
ამასთან, შსს განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. უწყებაში განმარტავენ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
გვიან ღამით, თავისუფლების მოედანზე, მორიგი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ადგილზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მოუწოდა მსვლელობის მონაწილეებს, გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ. საბოლოოდ, მოქალაქეები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მსვლელობა გზის სავალ ნაწილზე განაგრძეს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 24 დღე დარჩა და, შესაბამისად, ქვეყანაში პოლიტიკური ფონი უფრო და უფრო იძაბება. რადიკალების მიზანია, პროცესების რადიკალიზაცია, რისთვისაც ისინი ვითარების მიზანმიმართულ გამწვავებაზე მიდიან. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს ოპოზიციური მედია, რომლებიც ორგანიზებულად ძაბავენ პროცესს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყურადღებას არავინ აქცევს ოცდაათ, გაუბედურებულ „აკაცუკს“. მისი თქმით, თუ აქციაზე მყოფი ნიღბიანები ფიქრობენ, რომ ნიღბებში მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან. კალაძე ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს და ყველა ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს მოსახლეობა.
„ამ დაჯგუფების მხრიდან, მსგავსი ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ, ნათლად დაინახა, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველა ამ ტიპის ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემს. რაც შეეხება უშუალოდ ბანერების დაზიანებას, ყველაფერს კანონის ფარგლებში უნდა მოჰყვეს რეაგირება. არავის აქვს უფლება, საარჩევნო პროცესში ხელი შეუშალონ ერთმანეთს, კამპანიის დროს, მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს. „ქართული ოცნების“ შტაბი არ მისულა არავისთან, არავის მყუდროება დაურღვევია და არავისთვის შეუშლია ხელი საარჩევნო პროცესებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ოპოზიციური მედიის კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას აქციის მონაწილეების მისამართების გავრცელებაზე, თბილისის მერმა უპასუხა:
„სად ნახეთ ჩემი განცხადება, მისამართების გავრცელებასთან დაკავშირებით? სასაცილოა ამ კითხვის დასმაც, რადგან თქვენ ხართ ზუსტად მოძალადეები, აღვივებთ შუღლს, თქვენი ბინძური, პროპაგანდისტული ტელევიზიებით ცდილობთ, საზოგადოება დააპირისპიროთ. არ მახსოვს, გამოსულიყავით და დაგეგმოთ ძალადობა. პირიქით, ყოველთვის ახალისებთ და ტაშს უკრავთ.
შტაბს არავინ ჰყავს მობილიზებული. აქ ყოველდღიურად, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ხალხი მუშაობს, რადგან მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. აქციაზე მყოფ ნიღბიანებს რაც შეეხებათ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ იდენტიფიცირება ვერ მოხდება, ძალიან ცდებიან. ნიღბის ტარება არის დანაშაული, რაც ჯარიმას ითვალისწინებს და უნდა მოჰყვეს რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ შეურაცხყოფის მოთმენა ძალიან რთულია და დასძინა ისიც, რომ არჩევნებამდე, ოპოზიციას არეულობის მოწყობა სურს.
„სურთ, არჩევნებამდე არეულობა მოხდეს, გამომდინარე იქიდან, რომ განწირულები არიან. ჩვენ საშტაბო მუშაობას ვაგრძელებთ და ძალიან ბევრ მოქალაქეს ვიღებთ. შტაბში ძალიან ბევრი მხარდამჭერი მოდის და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, რომლებიც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი და მათ მოახერხეს თავის შეკავება.
რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა ქართველებისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ვინაიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება, მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ სხვაგვარად განწირულები არიან არჩევნებში. ესენი არიან ჩვეულებრივად, ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა გააჩნიათ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ანალიტიკოსის, ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან იკრიბებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბოლო ზონდერები - ღმერთის, ხატის, რჯულის, საქართველოს ქრისტიანობის, სიყვარულის, მეგობრობის, ტრადიციების მოძულენი, იგივე სატანები. ანალიტიკოსი ამბობს, რომ დავალება აქვთ მიღებული, სიტუაცია დაძაბონ და სისხლი დაღვარონ, რაშიც ფული აქვთ აღებული.
„ტრენინგები გავლილი აქვთ ბრიუსელის ბიუროკრატიის დაფინანსებით და დახმარებით. მიზნის მიღწევას ვერცერთ შემთხვევაში ვერ ეღირსებიან! იციან, ამ შემოდგომაზე, ბოლო შემოდგომა აქვთ. 4 ოქტომბერს, საბოლოოდ მთავრდებიან, ამიტომაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ მეხუთე კოლონა, იგივე შემოდგომის ბუზები იკბინებიან. ნუ წარმოიდგენთ, რომ მათ, რომლებსაც დღეს დანაშაული ჩაადენინეს, არ იციან, რომ დანაშაულს სჩადიოდნენ და მინიმუმ სამი წლით, „ვირის აბანო“ გარანტირებული აქვთ! იციან და რომ იცოდეთ, მერე, როგორ იციან.
თუმცა, პატრონებს იმდენი აქვთ მაგათ მომზადებაში, ჭამაში, სმაში, ხელფასზე, აღჭურვილობაზე დახარჯული, რომ მოსთხოვეს და ეს საცოდავებიც იძულებულნი იყვნენ, შეესრულებინათ ის სამარცხვინო დავალება, რაც გააკეთეს გუშინ და დღეს. არ გააკეთებდნენ და... ისე თხა მეტ წინააღმდეგობას უწევს პატრონს, ვიდრე ესენი ნანულას და ია ფარულავას. აი, ისეთებს, რომლებიც საღამოს, მელიქიშვილზე, ვითომ „ვაჟკაცობენ“, ნებისმიერ ქვეყანაში ორი რამ აქვთ გარანტირებული - ყველა შემთხვევაში, არსებული ხელისუფლებისგან ციხე და პატრონების მიერ, მათი გამოყენებით გამარჯვების შემთხვევაში (გარწმუნებთ, საქართველოში ვერ მოხდება), კვლავ ციხე, ან ტყვია შუბლში. აგერ, იყო ამის ნათელი მაგალითებიც 90-იან წლებში“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარუდობს, რომ ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ისევე იმოქმედოს, როგორც რუსთაველის პროსპექტზე. რაღაც პერიოდის მერე, ხელს არ უშლის პროცესს, რადგან ხელის შეშლამ, შეიძლება, უფრო გააღვივოს პროცესი.
„ვხედავთ, რომ უკვე პოლიციაც არ არის. სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს პროვოცირება. პროტესტის მონაწილეები შიგნით მყოფებს როგორ ეხვეწებოდნენ, გამოდით გარეთო. ამიტომ, ვფიქრობ, იგივე სტრატეგია აიღეს, რომ პროტესტი მიიყვანონ თვითგამოფიტვამდე, რათა პროტესტმა საკუთარი თავი გამოფიტოს. დაუპირისპირდეს პროტესტს, ეს ახალი ენერგია იქნება, იქნება ძახილი - მოდით, დაგვიდექითო და ვიღაცები მივლენ. შედეგი მოტივია იმისთვის, ვისაც პროტესტი უნდა, მაგრამ არაფერი შედეგი არ მოჰყვება. ნელ-ნელა, პროტესტის მონაწილეები კარგავენ ამ პროტესტში მონაწილეობის ინტერესს და იფიტება პროტესტი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძემ.