საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ ესტონელ კანონმდებლებს ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ასევე, ქართული სამხედრო კონტინგენტის ISAF-ის მისიაში მონაწილეობას, 2014 წლის შემდეგ "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) ჩართვას. სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
„ესტონეთის პარლამენტარებთან ჩვენ განვიხილეთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ძალიან მაღალ დონეზეა, არამედ შექმნილი ვითარება ევროპაში, უსაფრთხოების გარემო, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინის მოვლენების შემდეგ. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან დიდი სტრატეგიული და ინსტიტუციური კავშირი ესტონეთთან. ესტონეთი არის ჩვენი ადვოკატი, მხარდამჭერი ევროპაში, ნატოში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, საქართველო როგორ ემზადება ნატოს წევრობისთვის, რა დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში. ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანები, საერთო მიზნები. მე ძალიან დიდ პრიორიტეტს ვანიჭებ ესტონეთთან და ბალტიის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„როგორც ყოველთვის, ქართულ მხარესთან დღესაც ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ესტონეთსა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებშიც. ამჟამად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკები კიდევ უფრო მაღალია. ასე რომ, ესტონეთსა და საქართველოს შორის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე რეგიონსა და ზოგადად, ევროპაში არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ის ნაბიჯები განვიხილეთ, რაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე უნდა გადადგას. ამ მხრივ, ესტონეთი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს საქართველოს. წელსაც ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს კარდიფში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას“ - აღნიშნა ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიკელსონმა.
თავდაცვის სამინისტროში შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლევ აარნა და საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პრიტ ტურკი დაესწრნენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.